კულტურის მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს თეატრალური სეზონის ვადით დანიშნავს

კულტურის მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს თეატრალური სეზონის ვადით დანიშნავს

ყველა სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება, ხოლო მმართველის ფუნქციების ოპტიმიზაცია სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლება-მოვალეობათა გამიჯვნით მოხდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თეატრის მართვას სამხატვრო ხელმძღვანელი განახორციელებს, რომელიც თეატრის საერთო ხელმძღვანელი იქნება და ძირითადი პასუხისმგებლობა შემოქმედებით საქმიანობაზე დაეკისრება, ხოლო დირექტორი ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ორგანიზებულ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამასთან, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესიც იცვლება. კერძოდ, მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს თეატრალური სეზონის ვადით ნიშნავს, მასთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიტატთაგან. კანონპროექტით, სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის საბჭოსთვის შეთავაზების უფლება ეძლევათ - თეატრალურ დასებს, შემოქმედებით საზოგადოებასა და ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, კანონპროექტით, სახელმწიფო და მუნიციპალური პროფესიული თეატრებისთვის სავალდებულო იქნება რეჟისორის ან სარეჟისორო კოლ ეგიის ფუნქციონირება, მთავარი რეჟისორის და მთავარი დირიჟორის ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ იქნება რეჟისორი და დირიჟორი.

თეატრებთან დაკავშირებით, ცვლილებები პარლამენტში ნუკრი ქანთარიამ წარადგინა, რომელიც მოგვიანებით, უკან გაიწვია.