საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის , მე-4 ბრიგადის მეთაურის, ზურაბ შამათავას და სხვა სამხედრო პირთა სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღეს წინასასამართლო პროცესი შედგება, რის შემდეგაც 14 დღის ვადაში საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.

ბაჩო ახალაიას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი. მას თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და წამებას ედავებიან.

ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.

რაც შეეხება გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გიგი კალანდაძეც 7 ნოემბერს დააკავეს და 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამასთან, კალანდაძეს მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს გულისხმობს, აღნიშნული ბრალის წაყენების შემდეგაც, მას გირაოს თანხის - 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლო პროცესის პარალელურად დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას და დანარჩენი ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.