საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს არაფერი ისე არ უყვართ როგორც მოცალეობა და მეგობრებთან საათობით საუბარი, ეს უცნაური ტენდენციაა. სტატისტიკის თანახმად, კომუნიკაბელური ქართველები Facebook-ს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად იყენებენ.
ამ წლის განმავლობაში, საქართველოში Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი წარმოუდგენლად გაიზარდა – 675,540 წევრიდან მეხუთედი ამ ქსელში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაწევრიანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელთა დაახლოებით 15% დღეს ქსელშია, იუწყება Socialbakers.com, რომელიც სოციალური მედიის სტატისტიკას იკვლევს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის მეზობელ თურქეთს და რუსეთს მკვეთრად ჩამორჩება, Facebook -ის მომხმარებლების მაჩვენებლით საქართველო აზერბაიჯანს ოდნავ (518 800 მომხმარებელი), ხოლო სომხეთს მნიშვნელოვნად უსწრებს (214 740 მომხმარებელი).
მიუხედავად ქართველების მზარდი სიმპათიისა სოციალური ქსელის მიმართ, მედია ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Facebook-ი ჯერ ვერ გახდება ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური ძვრების ინიცირებას შეძლებს. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ისინი ცდილობენ ამ ტენდენციით ისარგებლონ. მაგალითად, ერთი ქართული ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ ისინი ახლა Facebook-ს აქტივისტების მობილიზებისთვის იყენებენ და მისი საშუალებით მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარ გზავნილებს ავრცელებენ.
პარტიისთვის, რომელსაც ნაციონალურ ტელევიზიებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული
და დაბალი სარეკლამო ბიუჯეტი აქვს, ამომრჩევლებისთვის ხმის მისაწვდენად Facebook-ი ბუნებრივი ალტერნატივაა, ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას სპიკერი ვაკო ავალიანი. ალასანია საქართველოს ყოფილი ელჩია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
ნაციონალური მედია იმ პარტიების საქმიანობას აშუქებს, რომლებსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მთავრობა აკონტროლებს“, ამტკიცებს ავალიანი, საუბრობს რა მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. „სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ჩვენს ვიდეოებს Facebook-ზე [პროფილის გვერდზე]… დღეისთვის, მილიონ ნახევარი ქართველია Facebook-ში და ჩვენ ამ ადამიანებს ხმა უნდა მივაწვდინოთ.“
პრესრელიზების გავრცლებისთვის ელექტრონულ მისამართებზე მეტად, საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა სწორედ Facebook-ზე ალასანიას მიერ გამოქვეყნებული კადრები გამოიყენეს მისი ბოლოდროინდელი შეხვედრიდან მთავრობის ოპონენტ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან, აღნიშნა ავალიანმა.
ეს, Facebook-ის, როგორც სოციალური ქსელის ბუნებაზე მეტყველებს. „მათთვის, ვინც ინფორმაციას ეძებს, ვფიქრობ Facebook-ი განძია, რადგან ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, Facebook-ზე ქვეყნდება“, – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე, მედიის მხარდამჭერი პროგრამების მენეჯერი ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო“, რომელიც ხელს უწყობს ახალი მედიის განვითარებას.
კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის (CRRC) რეგიონალური დირექტორი ჰანს გატბროდი ეთანხმება იმ აზრს, რომ სოციალურ მედიას საქართველოში აქვს ტელევიზიასთან კონკურირების პოტენციალია, მაგრამ ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებს ამ პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის „ორმაგი ძალისხმევა“ დასჭირდებათ. ინტერნეტის ხელმისაწყვდომობა საქართველოში შედარებით შეზღუდულია (CRRC -ის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 37 პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, სულ კი საქართველოს მოსახლეობა 4.47 მილიონს შეადგენს). პოლიტიკოსებმა იმისთვის, რომ სხვებს რეალურ დროში დაუკავშირდნენ, საზრიანობა უნდა გამოიჩინონ, შენიშნავს გატბროდი. „ერთი ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ ხელი მიგიწვდებოდეს და მეორე, კონცეპტუალური ნაბიჯი ისაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობა, ყური მიუგდო იმას, რაც ხდება და მერე სოციალური მედიის ყველა ასპექტი გამოიყენო“.
იმ ხუთი პოლიტიკური პარტიიდან და პოლიტიკოსებიდან, რომლებსაც EurasiaNet.org ამ მასალისთვის Facebook-ის საშუალებით დაუკავშირდა, მხოლოდ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გვიპასუხეს.
მართალია ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სტაბილურად იზრდება (2011 წელს CRRC-ის მიერ გამოკითხული 2,009 რესპონდენტიდან დაახლოებით 5% ინტერნეტს თავის მთავარ საინფორმაციო წყაროდ ასახელებს, მაშინ როდესაც 2009 წელს ასეთი, გამოკითხულთა 3% იყო), ტელევიზია ქართველებისთვის მაინც მთავარ საინფორმაციო წყაროდ რჩება (ასეთი, ორივე წელს CRRC -ს მიერ გამოკითხულთა 88%)
უფრო დიდი პარტიები, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ სოციალურ ქსელში აქტიურადაა წარმოდგენილი, ასევე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე მისი ფანებისთვის Facebook -ში პარლამენტის ღონისძიებებს წარადგენს. თუმცა პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა არ სარგებლობს სოციალური ქსელით საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაციისთვის.
ეს შესაძლოა თავად Facebook-ის ქართველ მომხმარებლებს უკავშირდებოდეს. „ჩვენი რიგითი მოქალაქეების ცხოვრება გადატვირთულია პოლიტიკური ინფორმაციით“- ამბობს გიგა პაიჭაძე, მედიის სპეციალისტი და G-Media-ს (შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მედიის განვითარების პროგრამა, რომელსაც IREX მართავს) პროგრამის მენეჯერი. „ძალიან ბევრი ორთა ბრძოლაა, ბევრი ალიანსი იქმნება, შემდეგ ეს ალიანსები იშლება… ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ქსელში ერთვებით და გსურთ რაღაც ინფორმაციის გაზიარება, არ გინდათ ამაზე [პოლიტიკაზე] საუბარი“, – ამბობს პაიჭაძე.
თუმცა, დროსთან ერთად, შეიძლება Facebook-ის „მოწონება“ (“likes”) საქართველოს ქუჩებში ან არჩევნების დროს პოლიტიკურ აქტივობაში გადაიზაროს“, დასძენს თამუნა კაკულია, პროექტების დირექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში.
„ადრე ჩვენ სამზარეულოებში, ფინჯან ყავასთან ვჭორაობდით – თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სწრაფად ვრცელდებოდა ინფორმაცია“, – ამბობს ის. „სამზარეულოდან Facebook-ის სივრცეში გადავინაცვლეთ. ამ მომენტში ჩვენ Facebooში ვართ და კვლავ ვჭორაობთ. მაგრამ არ ვმოქმედებთ“.
რეაგირებისთვის, ქართველ ამომრჩეველს გარკვეულ ზღვრამდე მისვლა სჭირდება, მაგრამ როგორც კი ის ამ „ზღვარს“ აღწევს „მოსახლეობა ირეაგირებს“, აცხადებს იგი.
foreignpress.ge
881
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85