მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორში არასასიამოვნო მოვლენები ხდება (ხმები ფულის გათეთრების შესახებ, ხელისუფლების მიერ “ქართუს” კუთვნილი თანხის ექსპროპრიაცია და ა.შ.), მეზობელი ქვეყნები გაცხოველებულ ინტერესს იჩენენ ჩვენი საბანკო სისტემისადმი. აზერბაიჯანელებს არც სომხები ჩამორჩნენ და ერთი ქართული ბანკის ყიდვა მათაც მოინდომეს. ირანელებმა კი, ფაქტობრივად, ცალი ფეხი კალაძის კუთვნილ ბანკში ჩადგეს.
სომხური “ამერიაბანკი” ერთ-ერთი ქართული ბანკის შეძენას აპირებს, თუმცა მოლაპარაკებების მიმდინარეობის მიზეზით სასურველი ბანკის ვინაობა ჯერ არ სახელდება. სომხური მედიის ცნობით, “ამერიაბანკი” საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი ქართული ბანკის შეძენის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბანკის განვითარების დირექტორის ტიგრან ჯრბაშიანის განცხადებით, ამას განაპირობებს კლიენტების მაღალი ინტერესი საქართველოს ბაზრისადმი, რის გამოც “ამერიაბანკს” შეუძლია ქართულ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს.
“ქართული ბაზარი ჩვენთვის ნაცნობია, არის სათანადო კონტაქტები, კანონმდებლობა კი სომხური კანონების მსგავსია”, - აღნიშნა ჯრბაშიანმა.
მისი თქმით, ბანკი მზად იყო გარიგების შესახებ უკვე სექტემბერში განეცხადებინა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ მოხდა. ამის მიუხედავად “ამერიაბანკი” დაწყებულ მოლაპარაკებებს აგრძელებს. ჯრბაშიანის განმარტებით, ისევე როგორ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ახალ ბაზარზე შედის, “ამერიაბანკიც” საკუთარ თავს საქართველოში კორპორატიულ ბანკად ხედავს.
“ამერიაბანკის” სათავო ოფისში დაადასტურეს, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ქართული ბანკის შეძენას აპირებენ, თუმცა ამ ქართული ბანკის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა “ფაშა ბანკმა” უკვე მიიღო ლიცენზია საქართველოში წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ირანული “ინვესტბანკი” კახი კალაძის “პროგრეს ბანკის” ყიდვას აპირებს. კიდევ ერთი ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის გააქტიურებას “კავკასიის განვითარების ბანკიც” გეგმავს, რომელიც საქართველოში დღეისათვის მხოლოდ ფილიალითაა წარმოდგენილი.
ექსპერტის მერაბ კაკულიას განცხადებით, სომხური და აზერბაიჯანული ბანკების ინტერესი საქართველოს მიმართ გასაკვირი არ არის, რადგანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ ქვეყნებთან ინტენსიურად ვითარდება, რაც მათი ბანკების საქართველოს საბანკო ბაზარზე დამკვიდრების სურვილს აძლიერებს.
“ნიშანდობლივია, რომ დღემდე საქართველოში არც ერთი სომხური ბანკი არ ოპერირებს, ხოლო ორი აზერბაიჯანული ბანკი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კარგა ხანია მოქმედებს, აქამდე ნაკლებად შთამბეჭდავ დინამიკას ავლენდა. სომხური ბანკის საქართველოში შემოსვლის განზრახვა უკვე არსებული აზერბაიჯანული ბანკების გააქტიურებასა და კიდევ ერთი აზერბაიჯანული ბანკის შემოსვლის გეგმებს დაემთხვა, რაც მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ვაჭრობისა და სხვა საქმიანი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე მიუთითებს”, - ამბობს კაკულია.
საბანკო დარგის ექსპერტი ლია ელიავა ნაკლებად ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანული ბანკები ქართულ ბაზარზე ამინდს შექმნიან. ექსპერტის განმარტებით, უცხოური ბანკები საქართველოში, ძირითადად, იმის გამო შემოდიან, რომ აქ დოლარის დიდი მასა ტრიალებს.
“საქართველოში აზერბაიჯანული ბანკები ფილიალების სახით თუ შემოვლენ, ადგილობრივ ბანკებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ქართულ ბაზარზე 2 აზერბაიჯანული ბანკი უკვე ფუნქციობს. ერთი საერთაშორისო განვითარების ბანკია და ერთიც ფილიალი. ქართულ საბანკო სივრცეში ისინი არსებით როლს არ ასრულებენ. განუვითარებელ ქვეყნებში, სადაც წარმოება არ არის, უცხოური ბანკები შემოდიან მხოლოდ იმის გამო, რომ იქ დოლარის დიდი მასაა. ეროვნულ ვალუტაზე მეტად, ქვეყანაში დოლარი წარმოადგენს დაბანდების საშუალებას, რაც ბანკების ინტერესს იწვევს.
უცხოური ბანკები მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლიან. საქართველოში არის 2 დიდი ბანკი, რომელიც ბაზარზე ამინდს ქმნის. დანარჩენებს დიდი გავლენა არ გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ხუთეულში მყოფი ბანკები იყვნენ მყარად. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ბევრი ბანკია. ასეთ პატარა ქვეყნებში მათი სიმრავლე განპირობებულია იმით, რომ აქ ტრიალებს დოლარის დიდი მოცულობა უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების კრედიტების მეშვეობით. აქ რომ ლარი ტრიალებდეს, ამდენი ბანკის ინტერესი ნამდვილად არ გამოიკვეთებოდა”, - აცხადებს ლია ელიავა.
1116
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85