კახა მჭედლიძე, "თავისუფლება"
საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო მსჯელობა საგადასახადო კოდექსის ახალ ცვლილებებზე. საკანონმდებლო ინიციატივა ბაზრობებზე დასაქმებული ვაჭრების დაბეგვრის სისტემის ცვლილებასა და საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებას შეეხება.
მთავრობა ახალი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობას მცირე და საშუალო მეწარმეთა საქმიანობის გაიოლების სურვილით ხსნის. ოპოზიცია კი ცვლილებათა ნაწილში ბიზნესგარემოს გაუარესებას ხედავს.
წლების მანძილზე ბაზრობებზე დასაქმებული ვაჭრები სალაროს აპარატების შემოღებას აპროტესტებდნენ და ფიქსირებულ გადასახადებს მოითხოვდნენ. ასეთი მოთხოვნებით გასულ წლებში არაერთი საპროტესტო აქციაც კი გაიმართა თბილისისა და რეგიონების ბაზრობებსა თუ საქართველოს პარლამენტის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ:
„ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ ფიქსირებულ გადასახადს, სხვანაირად ვერ გავწვდებით“.
„დააწესონ 500 ლარი საქონლისთვის გადასახადი, საცალო მოვაჭრეებზე – ფიქსირებული გადასახადი. ესაა ჩვენი მოთხოვნა“.
მაშინ ხელისუფლება მყარად იდგა საკუთარ პოზიციაზე და სალაროს აპარატების საკითხში დათმობას არ აპირებდა, თუმცა კი ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელიც 2011 წლიდან ამოქმედდა ფიქსირებული გადასახადის სხვადასხვა ვარიანტი ჩაიდო.
გადასახადების ოდენობისა და გადახდის წესის შესაბამისად, მიკრო, მცირე და სრულფასოვან ბიზნესად მეწარმეთა დიფერენციაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მთავრობა მაინც გამოვიდა მცირე მეწარმეთა დაბეგვრის ახალი სისტემის ინიციატივით. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ "შეიქმნება ეგრეთ წოდებული სპეციალური სავაჭრო ზონები ბაზრობების ტერიტორიებზე. ადმინისტრაცია ვალდებული იქნება მოაწყოს სავაჭრო ზონა, სადაც განთავსდება ცენტრალიზებული სალაროს აპარატები. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბაზრობაზე ვაჭრობს, საშუალება ექნება შეიტანოს პროდუქცია, თუმცა გადახდა მოხდება ცენტრალური სალაროს აპარატის მეშვეობით."
ამ ახალი საგადასახადო რეჟიმის პირობებში, ბაზრობებზე დასაქმებულ მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობა. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც რაიმე ტიპის დარღვევაზე ბაზრობის ადმინისტრაციას დაეკისრება და ის იქნება ანგარიშვალდებული საგადასახადო ორგანოებთან.
ამ ინიციატივისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა საგადასახადო კოდექსის მეორე ცვლილებას, რომელიც მეწარმეების საგადასახადო მონიტორინგს ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს საშუალება ეძლევა, უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი მეწარმის საქმიანობის ადგილზე მიავლინოს და საგადასახადო მონიტორინგი განახორციელოს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აცხადებს, რომ ამ სიახლის დანერგვის მიზანი გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის თუ დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენაა.
"მონიტორინგის განხორციელების პროცედურა არის აპრობირებული პრაქტიკა. მისი მთავარი დანიშნულება პრევენციაა."
მიუხედავად მთავრობის წარმომადგენელთა ასეთი განმარტებებისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საგადასახადო კოდექსის ახალ ცვლილებაში ბიზნესზე ზეწოლის საფრთხე დაინახა. საკანონმდებლო ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ გააპროტესტა ერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
ქრისტიან-დემოკრატების გარდა, აღნიშნულ ცვლილებაში ბიზნესზე ზეწოლის საფრთხე დაინახეს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმაც. ოპოზიციის ეჭვებს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პარტიის საქმიანობა გადასახადების შემცირებისკენ და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
ეკონომიკის ექსპერტები კრიტიკულად უყურებენ ბიზნესის კონტროლის ახალი მექანიზმის ამოქმედებას.
მთავრობის მიერ ინიციირებულ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მისი დამტკიცება უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.
823
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85