დავით ბაქრაძის ცნობით, გიგი უგულავა დაკითხვაზეა დაბარებული

დავით ბაქრაძის ცნობით, გიგი უგულავა დაკითხვაზეა დაბარებული

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხვალ დაკითხვაზე თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე ათეულობით ადამიანიცაა დაბარებული. 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ დაწყებული ფართომასშტაბიანი დევნის გაგრძელებად შეაფასა.

"მინდა ჩვენს საზოგადოებას ვაცნობო ახალი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" ლდიერების წინააღმდეგ დევნის კამპანიას.

ხვალ დაკითხვაზე დაბარებული არიან ვანო მერაბიშვილი და მასთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილი. მოტივი საინტერესოა, ის უკავშირდება დასაქმების პროგრამას, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული გიგი უგულავა და ათეულობით ადამიანი, რომელიც მუშაობს მერიის სხვადასხვა სამსახურში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფართომასშტაბიანი კაპანია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გრძელდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ვერანაირი ზეწოლით ვერ შეძლებს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პოზიცია შეაცვლევინოს.

"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ვერანაირი ზეწოლით "ნაციონალური მოძრაობა" პოზიციას ვერ შეიცვლის. ეს დღეები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 8 თებერვლის ამაზრზები დარბევის შემდეგ, გაჩნდა პერსპექტივა რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. მინდა დავადასტურო ისიც, რომ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტია გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს, თუმცა ვერანაირი ზეწოლით ვერ გვაიძულებენ მხარი დავუჭიროთ იმას, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის ცუდად და არასწორად",- აღნიშნა ბაქრაძემ.

ამასთან, მან პრეზიდენტთან გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ მისი ამოცანა იმ მოედნის შემოფარგვლა იყო, რომელზეც საუბარი გაიმართება.
"გუშინდელი შეხვედრის ამოცანა იყო შემოგვეფარგლა, შემოგვეხაზა ის მინდორი, რომელზეც დავიწყებდით საუბარს და ჩამოგვეყალიბებინა თემები, რომლებზეც შესაძლებლად მიგვაჩნია შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ შედეგს მიაღწია. ახლა უკვე კეთილ ნებასა და კომპრომისის სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი",- დასძინა ბაქრაძემ.