მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, ერთ-ერთი კერძო საოპერო დასის რეჟისორის თანაშემწესთან მივიდა ყმაწვილი.
- ამიყვანეთ სტატისტად.
- არ გვჭირდება, - მოუჭრა სიტყვა რეჟისორის თანაშემწემ ისე, რომ არც კი შეუხედია მთხოვნელისათვის.
- მე ფული არ მჭირდება, - შეეხვეწა ყმაწვილი. – თეატრი ჩემი სიცოცხლეა, ჩემი გატაცება.
რეჟისორის თანაშემწემ შეხედა ახალგაზრდას – შესანიშნავი ტანის, ლამაზი, შავთმიანი.
- კარგი, - უთხრა მან, მოდი ხვალ.
იმ საღამოს “ევგენი ონეგინი” გადიოდა.
დუელის სცენის წინ რეჟისორის თანაშემწემ ახალბედას ორი დამბაჩა გადასცა:
- შენ წარმოსახავ ონეგინის სეკუნდანტს – ბატონ გილიოს, - გააფრთხილა მან. დაიმახსოვრე: დამბაჩა, წითელი ზონარით შემოხვეული, დატენილია. მას მისცემ ონეგინს, ამას კი – ლენსკის. გაიგე? გაიმეორე!
ყმაწვილმა გაიმეორა ნათქვამი.
აი, გაისმა ლენსკის ცნობილი არია. მოწინააღმდეგეები გაშორდნენ ერთმანეთს და დაიკავეს თავიანთი ადგილები. ასწია დამბაჩა ონეგინმა. ასწია დამბაჩა ლენსკიმაც. ონეგინმა დააჭირა ჩახმახს ხელი, მაგრამ დამბაჩამ არ გაისროლა.
უცებ გაისმა ხმა. გაისროლა ლენსკის დამბაჩამ. განცვიფრებისა და მოულოდნელობისაგან შეტორტმანდა ონეგინი, ხელიდან გაუვარდა დამბაჩა და დაეცა. ძლივს იდგა ფეხზე ლენსკიც.
დარბაზში ხარხარი ატყდა.
საოპერო თეატრის ისტორიაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლენსკიმ ონეგინი მოკლა.
უიღბლო სტატისტი იმავე წუთს თეატრიდან გააბრძანეს.
ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ყმაწვილი გახდებოდა ცნობილი რეჟისორი და მისი სახელი კონსტანტინე მარჯანიშვილი – სამუდამოდ დარჩებოდა თეატრალური ხელოვნების ისტორიაში.