„შეწყდეს დევნილთა დევნა და გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე“

„შეწყდეს დევნილთა დევნა და გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე“

აფხაზეთიდან დევნილმა ევროსასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო. „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობას მოუწოდებენ, შეწყდეს დევნილთა დევნა და გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, რათა სერიოზულად არ დაზარალდეს ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი და სახელმწიფო ბიუჯეტი. დევნილებს, რომლებსაც დროებითი საცხოვრებლები დაატოვებინეს, 20 ოქტომბრამდე შუძლიათ მიმართოთ „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც მათ აღრიცხვას მოახდენენ.

 

„ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო აფხაზეთიდან დევნილი ბათალბი (ბათუ) საღინაძის ოჯახის გამოსახლების ფაქტი და სახელმწიფოს დაზარალებულის, სასარგებლოდ კონპენსაციის სახით, 27 ნოემბრამდე 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა“, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, წულუკიანის ცნობით, ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, დაუბრუნოს საღინაძეს ავჭალაში მდებარე კოტეჯით სარგებლობის უფლება, სანამ მისი ოჯახი აფხაზეთში არ დაბრუნდება ან გადაუხადოს გონივრული კომპენსაცია, რომლის ოდენობაც სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2011 წლის 27 თებერვლამდე უნდა დადგინდეს.

 

აღნიშნული პრეცენდენტიდან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატები“ მოითხოვენ, შეწყდეს დევნილთა დევნა და გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, რათა სერიოზულად არ დაზარალდეს ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი და სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

პარტია მოუწოდებს მთავრობას, ინდივიდუალურად განიხილოს 2010 წლის ზაფხულში გამოსახლებული თითოეული დევნილის საქმე და სანაცვლოდ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი და კომპენსაცია შესთავაზოს, რადგან დევნილებს, საღინაძის პრეცენდენტზე დაყრდნობით, წარმატებით შეუძლიათ იჩივლონ ევროპულ სასამართლოში.

 

წულუკიანის განცხადებით, დევნილებს, რომლებსაც დროებითი საცხოვრებლები დაატოვებინეს, 20 ოქტომბრამდე შუძლიათ მიმართოთ „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც მათ აღრიცხვას მოახდენენ. „ჩვენ შევადგენთ მონაცემთა ბაზას, რითაც შევეცდებით ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე“, – დასძინა მან.

 

აფხაზეთის შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათალბი საღინაძე 1994 წლის იანვარში საქართველოს შს სამინისტრომ ავჭალში, მის კუთვნილ კოტეჯში ოჯახთან ერთად შეასახლა. 2004 წლის ნოემბერში კი, შს მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, საღინაძის ოჯახი კოტეჯიდან იძულებით გამოასახლეს.

 

ბათალბი საღინაძის საქმეს ევროსასამართლო 6 წლის განმავლობაში იხილავდა.

 

ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულება, რადგან ქვეყანაში დევნილთა დღევანდელი მდგომარეობა აშკარად არასახარბიელოა. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ბოლო შეფასებით, „საქართველოში დევნილთა მდგომარეობა გასაუმჯობესებელია“. ორგანიზაცია მთელი ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობას.

 

Amnesty International-ის კვლევა შეეხო აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი პირების მდგომარეობას, მათ უფლებას, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. რა გამოავლინა კვლევის შედეგებმა და რა რეკომენდაციებს აძლევს Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს?

 

Amnesty International-ის მიერ მომზადებულ ბოლო ანგარიშს ჰქვია „მოსაცდელ ოთახში“. ანგარიში ასახავს დევნილთა მდგომარეობას არა მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით, არამედ მათი უფლებების თვალსაზრისით. ანგარიშში ნეგატიურადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ აფხაზეთიდან დევნილთა საკითხი პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული; თუმცა ხაზი აქვს გასმული იმ პროცესს, რომელიც 2009 წლიდან დაიწყო, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და მათთვის გამოყოფილი ფართების გარემონტების მხრივ.

 

გამორჩეული ადგილი ეთმობა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში დევნილთა დასაქმების საკითხს, ანუ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 11% (რაც მეტად ოპტიმისტური შეფასებაა) ცხოვრობს, უმეტესობა – დევნილი. ასევე პრობლემადაა მიჩნეული ინფორმაციული დეფიციტი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ექმნებათ, მათთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათ ჯანმრთელობის პოლისები კი აქვთ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ვერ იყენებენ. უმუშევრობა კი უმთავრესი პრობლემაა:

 

„შვილიშვილის ანალიზები მქონდა წაღებული საავადმყოფოში ჩასაბარებლად მიტანილი, მაგრამ იქ მითხრეს, ჩვენ პოლისებით არ ვაკეთებთო. მაშინ რისთვის იყო ეს დაზღვევა და პოლისები საჭირო, რისთვის მოგვცეს, თუ არაფერი გამოგვადგებოდა, აზრზე არა ვარ“.

 

„ჩემი მეუღლე 2 წლის წინ ჩამოვიდა უცხოეთიდან და უმუშევარია მას მერე. ოჯახი ინგრევა, ისეთი მდგომარეობაა. 2 ბავშვი გვყავს და არ ვიცით, რითი ვარჩინოთ“, – ამბობენ დევნილები რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.

 

Amnesty International-ი რეკომენდაციითაც მიმართავს ხელისუფლებას. დოკუმენტში მიჩნეულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობა ფერხდება დაგეგმვის, კოორდინაციისა და დევნილთა წარმომადგენლობასთან კონსულტაციების სიმწირის გამო.

 

Amnesty International-ის ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი, ნიკოლა დაკვორთი ამბობს, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი საარსებო გარემოს გაუმჯობესებაა:

 

„თუმცა ბევრი ის ადამიანი, რომელსაც ადგილების დატოვება მოუხდა ორი ათეული წლის წინ, ჯერ კიდევ საავადმყოფოებსა და სამხედრო ბარაკებში ცხოვრობს, სადაც არ არსებობს არანაირი ჰიგიენური პირობები, ასევე არ არის დაცული მათი პირადი ცხოვრება და ზოგიერთ ახალ დასახლებაში, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს, არ არსებობს აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა უშუალოდ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი თემების განვითარება და ძალიან ბევრმა ადგილნაცვალმა ადამიანმა მოგვახსენა, რომ მათ არ გაეწიათ რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ მათ მდგომარეობაზე ახდენდა ზეგავლენას“.

 

Amnesty International-ის პრესოფიცრის, ლიდია აროიოს განმარტებით, მთავარი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, ეს არის დევნილებისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობა:

 

„ადამიანებისთვის მთავარია არჩევანი, რომ მათ შეეძლოთ იმის თქმა, სად და როგორ უნდათ იცხოვრონ. ახალი დასახლებები ძალიან კარგია, მაგრამ ისინი მდებარეობს სხვა დიდი ცენტრებიდან მოშორებით. ასე რომ, ადამიანებს უჭირთ სამსახურის შოვნა ან სამსახურში მისვლა. ხანდახან ძნელია, როცა ეს საჭიროა – საავადმყოფოში მოხვედრა ან უფრო რთულია მკურნალობა და აშ.“

 

„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია არსებობს, ის მიმდინარეობის პროცესშია და ეს სტრატეგია გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში მცხოვრები ყველა დევნილი არ გაუთანაბრდება დანარჩენ მოქალაქეებს სტატუსითა და მდგომარეობით“, – აცხადებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, დევნილებს სამედიცინო პოლისებს გარდა წელიწადში ერთხელ ადგილზე უტარდებათ გამოკვლევა. ასევე ეხმარებიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, იმისათვის რომ დევნილებს ჰქონდეთ პირადი შემოსავალი. მუშაობა კი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.