მასობრივი სახალხო მღელვარება, პროტესტი, რევოლუციები და სამხედრო დაპირისპირება, რამაც მიმდინარე წელს ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა და რომელსაც “არაბული გაზაფხული” ეწოდა, რეგიონს ძალიან ძვირი დაუჯდა. კონსალტინგური კომპანია Geopolicity-ის მონაცემებით, მომხდარისაგან გამოწვეულმა ზარალმა კოლოსალური თანხა, 55 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსთა აზრით, თუ რეგიონს სერიოზული და გააზრებული დახმარება არ გაეწევა, “არაბული გაზაფხულის” დემოკრატიული მიღწევები წყალში ჩაიყრება. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე უნდა ითქვას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, კერძოდ, ესენია ლიბია, სირია და ეგვიპტე და მათ დახმარება ყველაზე სწრაფად და დიდი დოზით სჭირდებათ.
თავისთავად ცხადია, ზემოთ მოყვანილი რიცხვი – 55 მილიარდი დოლარი ზუსტი მაჩვენებელი არ არის, რადგან, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, არაბულ ქვეყნებში ბევრი კრიტიკულად საჭირო ეკონომიკური მაჩვენებლის მოპოვება უბრალოდ არ ხერხდება და სიტუაციაც ერთობ სწრაფად ცვალებადია. ასე რომ, დიდი შანსია, დანაკარგები კიდევ უფრო დიდი იყოს.
ზემოთ ჩამოთვლილი ლიბიის, სირიის და ეგვიპტის გარდა გვარიანად დაზარალდნენ ტუნისი, ბაჰრეინი და იემენი. მათი შიდა პროდუქტის დანაკარგები 20,56 მილიარდ დოლარს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგები კი 35,28 მილიარდ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები არ ითვალისწინებს ადამიანურ დანაკარგებს, დანგრეულ ინფრასტრუქტურას, დაკარგულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და კომერციული სტრუქტურებისათვის მიყენებულ ზარალს.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი კვლავ მძვინვარებს. ასე რომ, ზარალი ყოველდღიურად მატულობს. საერთოდ, ანალიტიკოსთა აზრით, ამ ქვეყნის ეკონომიკის მომავალი ბეწვზე ჰკიდია და თუ ნგრევა დიდ ხანს გასტანს და აღდგენა მალევე არ დაიწყება, ლიბიის ეკონომიკას ვეღარაფერი უშველის.
აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ დარჩება. კერძოდ, გარდამავალ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ლიბიური ტომების ბელადები და სეპარატისტულად განწყობილი დიასპორების ლიდერები შემოირიგოს. ეს ხანრგძლივი და რთული პროცესი ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუშლის და გააჭიანურებს.
Geopolicity-ის კვლევაში წლევანდელი “არაბული გაზაფხული” მოხსენიებულია როგორც უდიდესი განსაცდელი, რომელიც არაბულმა სამყარომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ გადაიტანა. კვლევა შეიცავს არაბული სახელმწიფოთა ლიგისადმი და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსადმი რეკომენდაციებს, რომლებითაც მათ მოუწოდებენ ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებით განახორციელონ შიდა რეფორმების პროცესის და ეკონომიკის სტიმულირება.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაბული ქვეყნებისადმი აქამდე გაწეულმა დახმარებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიდი ოცეულის ქვეყნებს უფრო აქტიური მოქმედებისაკენ და მეტი სუფსიდირების განხორციელებისაკენ მოუწოდებენ.
დასასრულს ისიც უნდა ითქვას, რომ, კვლევის მიხედვით, არაბული სამყაროს გარკვეულმა სახელმწიფოებმა “არაბული გაზაფხულით” მოგება ნახეს. ეს ეხება ნავთობით მდიდარ იმ ქვეყნებს, რომლებმაც არეულობათა ქარიშხალი თავიდან აირიდეს. მაგალითად, ამგვარი ქვეყნებია ქუვითი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლებმაც ამ პერიოდში ნავთობის ექსპორტი გაზარდეს. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თუ დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკების აღდგენა მალე არ დაიწყება, რეგიონს მწვავე კრიზისი მოიცავს, რომელიც არავის დაინდობს.
1287
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85