ორი დღეა სახელისუფლებო მედია ისტერიულად გვაწვდის ინფორმაციებს, თითქოს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისით და მასთან ბრძოლის საპარლამენტო კურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს გამოწვეული არეულობის გამო ქართველი ემიგრანტები მასიურად ტოვებენ საბერძნებთს. ამის თაობაზე რამდენიმე ემიგრანტს დავუკავშირდით ათენსა და სალონიკში. ველამ გაიკვირვა ამის გამო და აღნიშნეს, რომ ემიგრანტებს ყოველდღიურად კავშირი აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ასეთი მასიური დაბრუნების ფაქტები აქ ნამდვილად არ გაუგიათ.
მამუკა (ათენი): „რა სისულელეა?! საქართველოში მხოლოდ ახალი ემიგრანტები თუ დაბრუნდებიან, რომლებაც სამსახურები ვერ იშოვეს და ამ კრიზისის ფონზე უკვე პერსპექტივაც საეჭვო გაუხდათ. სამაგიეროდ, აღსდგა საქართველოში ამანათებისა და ფული გზავნილები და ხალხი მიაწყდა გრაფიოებს. ამავე ოფისებში ქართულ-ბერძნული გაზეთიც ვრცელდება, რომელიც სულაც არ არის სახელისუფლებო განწყობის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინტერნეტით მოპოვებულ საინტერესო მასალებს ბეჭდავენ. ამდენად, აქ ბევრმა ემიგრანტმა იცის, რეალურად რა ხდება საქართველოში და დაკლებული ხელფასების მოთმენას ამჯობინებს, ვიდრე უხელფასოდ საქართველოში დაბრუნებას.
ხათუნა (ათენი): “ტყუილია, თითქოს ათენიდან, ან სალონიკიდან საქართველოში მასიურად ჩადიოდნენ ემიგრანტები. პირიქით, უამრავი არალეგალი ჩამოდის დღემდე. ამას გარდა, საქართველოს ტელევიზიების მიერ სამი წლის წინ გავრცელებული ტყუილის გამოც ბევრჯერ გვისაყვედურეს ბერძნულმა ტელეარხებმა, რატომ ავრცელებენ ქართული ჟურნალსიტები ასეთ ტყულ ინფორმაციებს, თითქოს მსახიობ სერგიანოპულოსის მკველელი საქართველოში გადმოაფრინესო”.
რაც შეეხება ქართველი ემიგრანტების მიერ გამოხატულ სოლიდარობას, რაც საინფორმაციო გამოშვებებში 21 ოქტომბერს, ათენში მომიტინგეების დარბევის შესახებ გადმოცემულ სიუჟეტებში ითქვა, აღნიშნული იყო, რომ ქართველი ემიგრანტები დროშებით შეუერთდნენ მომიტინგეებს. სიუჟეტში სატელეფონო ჩართვაში, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ღურჭუმელიძემ აღნიშნა, რომ კრიზისის გამო ბევრ ქართველს მართლაც უფრო ნაკლები თანხა ეძლევა, ვიდრე გასულ წლებში. ზოგიერთს ასევე იმედი აქვს, რომ ხელისუფლება თავისი ემიგრანტების დასაბრუნებლად ახალ გზებს სახავს. თუმცა, დიასპორების მინისტრის, პაპუნა დავითაიას მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ქართველ ემიგრანტებს ახალ სტატუსს ანიჭებს და მათ სამშობლოში დასასაქმებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, კონკრეტიკას კვლავაც მოკლებული იყო და გაუგებარიც.
დოდო ჩიქოვანი (მწერალი-ემიგრანტი, ათენი): „ქალთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვარ და გიდასტურებთ, რომ ქართველები სოლიდარობას სხვა დროსაც ვუცხადებდით ბერძნებს, მაგრამ დღეს სინდაგმას მოედანზე ცნობილ ქართველს, ავთანდილ მიქაბერიძეს ჰყავდა გაყვანილი თავისი მოსწავლეები, მოცეკვავე ბავშვები და საბჭოს წევრები იქ არ ვყოფილვართ“.
ქალბატონმა დოდომ ჩვენთან საუბარში ისიც დაადასტურა, რომ ხელფასები, ბერძნების პენსიების შემცირებისა და გადასახადების ზრდის ფონზე მართლაც ნაკლებია, მაგრამ ამას საქართველოში ემიგრანტთა მასიური დაბრუნება არ გამოუწვევია. პირიქით, არალეგალების მოჭარბებაც შეინიშნება და შვებულებით სამშობლოში ჩასულების დროზე ადრე გამოქცევაც.
ლია (სალონიკი): „პირველად მესმის თქვენგან, რომ საქართველოში ემიგრანტები მასიურად ბრუნდებიან. ეს აბსურდია. „ქართველები აქ ბერძნების ოჯახებში დაცულები ვართ. თბილად გვექცევიან, გვაპურებენ და ხელფასს გვიხდიან. ამიტომ მათ მხარდაჭერას ყოველთვის გამოვხატავთ. აქციებზეც ბევრჯერ გავსულვართ. მაგრამ სალონიკში ახლა სიმშვიდეა. წასვლით, მხოლოდ უმუშევრები მიდიან, ალბათ, თორემ ხალხი უკვე 400-500-ევროიან სამსახურებზეც თანახმა არიან. აბა, საქართველოში რა გველოდება?“
ლელა (სალონიკი) ასევე არ ფლობს ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების მასიურ შემთხვევებზე. თავად სიტუაცია არ შეცვლია. ხოლო რაც შეეხება საქართველოში ჩამომსვლელებს, ლელას თქმით, ამგვარ კატეგორიას მხოლოდ ოჯახებით ჩამოსულები შეიძლება მიეკუთვნებოდნენ. რამდენადაც, მათ ხელფასების სიმცირის გამო გადასახადების და ქირის დაფარვის საშუალება არა აქვთ. „სიმართლე გითხრათ, გრაფიოები სავსეა დაუსაქმებელი ხალხით, ტევა არ არის თუმცა, საქართველოში ჩამოსვლას მაინც არავინ ფიქრობს. ვერ გაამტყუნებ. ხალხი გაჭირვებულია“ - ამბობს ლელა.
საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმაც გაიკვირვა დღეს ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა „ქართველთა მასიური უკან დაბრუნების“ შესახებ და ასეთი ფაქტის არსებობა ვერ დაადასტურა. თუმცა, ეტყობოდა ამ ინფორმაციის ხელისუფლების მიერ სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობაც იგრძნო და არ უარყო, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საბერძნეთიდან ქართველთა სამშობლოში წასვლის ერთეული შემთხვევები მაინც შეინიშნება.
ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე საქართველოდან გადის. ეს სიტყვები სააკაშვილმა ორი დღის წინაც გაიმეორა. როგორც ჩანს, საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი, მანიფესტანტების მიერ ათენის ქუჩებში გაჩაღებული ხანძარი, ვიტრინების მტვრევა და ამას მოყოლილი დარბევის შემთხვევაც, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაკავებულია, სათავისოდ უნდა გამოიყენოს. კიდევ კარგი, რომ ქართველი ემიგრანტები ამ აქციაში არ მონაწილეობდნენ და არც დაშავებულთა შორის არიან, არც დაპატიმრებულებში, თორემ ვინ იზრუნებდა მათ სამშვიდობოზე გამოყვანისთვის?.. დაღუპვის შემთხვევაში ხომ ჩამოსვენების ხარჯებზე საუბარი ზედმეტია. ამ მტკივნეულ თემას ცალკე შევეხები.
საქართველოში არაერთხელ უთქვამთ, ბერძნების შეუპოვრობის შემშურდაო, აქციები მართლაც ხანგრძლივი და შეუპავარი დასჩემდათ, მაგრამ ფინანსთა მინისტრისეული მტკიცება, ქამრების შემოჭერით მეტ დახმარებას მივიღებთო, ჩვენ ცუდად გვაქვს დაცდილი. ახლა ბერძნების მაგალითზეც ვნახოთ. მაგალითები უამრავია, მთავარია სწორი გზა მოვნახოთ და პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ.