გვანცა ჯანჯალაშვილი, "ბანკები და ფინანსები"
კომპანია ~ცენტრ-პოინტის” საქმიანობის შედეგად დღეს დაზარალებულად საქართველოს 6200 -მდე მოქალაქე მიიჩნევს. ამ ადამიანებმა თავის დროზე უარი თქვეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეზე და დანაზოგით ბინის შეძენა სწორედ ამ კომპანიისგან გადაწყვიტეს. თუმცა, მათი უდიდესი უმრავლესობა დღეს საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.
”ბუნებრივია, კრიზისი დეველოპერულ ბაზარზე დიდწილად გარეგანმა ფაქტორებმა განაპირობა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დეველოპერულ კომპანიებს ფინანსური რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა გაურთულა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო კომპანია ~ცენტრ-პოინტის” მიერ საკუთარი კლიენტებისადმი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ძირითადად, კომპანიის მმართველების არასწორმა საქმიანობამ განაპირობა და არა გარეგანმა ფაქტორებმა.
”ცენტრ-პოინტთან” დაკავშირებული ამხანაგობებისა და შპს-ების მიერ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მესვეურებმა თავიდანვე გაითვალისწინეს, რომ თუ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, პასუხისმგებლობა მათზე არ გადასულიყო. ძირითადად, ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდებოდა არა კომპანია ~ცენტრ-პოინტთან”, არამედ იმ შპს-სთან ან ამხანაგობასთან, რომელიც უშუალოდ კონკრეტული პროექტის შემსრულებელი იყო. შესაბამისად, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კომპანია ~ცენტრ-პოინტს” არ ეკისრებოდა. აღნიშნულმა, გარემოებამ ~ცენტრ-პოინტს” ~ჰაერების გაყიდვის” კარგი საშუალება მისცა. კომპანიის საქმიანობის სქემა, მარტივად რომ ვთქვათ, ერთგვარი ფინანსური პირამიდა იყო, რომელიც ლოგიკურად მივიდა ჩამოშლამდე.”კომპანია აკეთებდა პროექტს, რომელსაც აქტიურად უკეთებდა რეკლამას. ბინის შეძენის მსურველი, მიდიოდა იმ შპს-სთან ან ამხანაგობასთან, რომელიც ამ პროექტის შემსრულებლად ითვლებოდა, უხდიდა ფართის საფასურს და მშვიდად ელოდა მშენებლობის დასრულებას. თანხის მიმღებს უფლება ჰქონდა, სურვილისამებრ განეკარგა კლიენტების მიერ გადახდილი ფული. ხშირ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური რესურსები პროექტის განხორციელებას მოხმარებოდა, კომპანია ამ ფულს ახალი პროექტების შედგენასა და მის გაპიარებას ახმარდა. შესაბამისად, ხდებოდა ახალი კლიენტების მოზიდვა და ახალი ფინანსური რესურსების მიღება, შემდეგ ისევ ახალი პროექტები და მხოლოდ რეკლამები. ასე იბერებოდა ფინანსური პირამიდა, მანამ, სანამ არსებული ვალდებულებების შესრულების პერიოდი დადგებოდა.ერთი სიტყვით, ამ სქემამ კომპანიების მფლობელებს დიდი მოგება მოუტანა, ხოლო კლიენტებს ხელში არაფრისმქონე შპს-ებთან და ამხანაგობებთან გაფორმებული ხელშეკრულება.
მოტყუებული და გადაგდებული კლიენტების მდგომარეობით გულდათუთქულმა რჩეულიშვილების ოჯახმა, რომელიც ცენტრპოინტს მართავდა, სიტუაციიდან გამოსვლის გზად ისეთივე აფიორა დაგეგმა, რა გზითაც ამ სიტუაციამდე მივიდა. 2010 წლის 10 სექტემბერი მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში შევა, როგორც თავხედობის ყველაზე დიდი მაგალითი. სწორედ თავხედობაა და მეტი არაფერი, ის რომ ~ცენტრ-პოინტი თამაშიდან გავიდა. უფრო სწორად, ~ცენტრ-პოინტის” ვალდებულებები დექსუსმა გადაიბარა. უფრო მართლები რომ ვიყოთ, ცენტრ-პოინტის ორგანიზაციულ სტრუქტურას სახელი შეეცვალა და დირექტორის პოსტი გიორგი ქანანაშვილმა გადაიბარა.
თავდაპირველად, ~დექსუსი” მომხმარებელს შეჰპირდა, რომ ფინანსურ რესურსებს მოიზიდავდა და მშენებლობებს დაასრულებდა. მალევე ნათელი გახდა, როგორ აპირებდა ~დექსუსი” ფინანსური რესურსების მოზიდვას. დექსუსმა ცენტრ-პოინტის მიერ მოტყუებულ ადამიანებს, პრაქტიკულად, ფართის საფასურის თავიდან გადახდა მოსთხოვა. ეს იმით აიხსნა, რომ თურმე თავის დროზე ცენტრ-პოინტს დავიწყებია ფართების ფასში დღგ-ს გათვალისწინება, დექსუსმა კი ფასის ამ ნაწილის გადახდა მოითხოვა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელემენტარულად თავხედობა, რომლის გაფიქრებაც კი უნდა ისჯებოდეს. თუ ხელშეკრულება გაფორმებულია და ფასიც გათვალისწინებულია, დღგ ამ ფასიდან კომპანიას უნდა გადაეხადა და არა მომხმარებელს დამატებით. არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, დამატებით გადაიხადოს დღგ.
მაშინ დექსუსში ამბობდნენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულდებოდა, ბოლომდე მიიყვანდნენ შეჩერებულ მშენებლობებს და, ასევე, გაისტუმრებდნენ ცენტრ პოინტ ინვესტის კრედიტორებსაც. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად კომპანია დექსუსს მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.
დაზარალებულებს შორის 284 ისეთი ადამიანიცაა, ვინც ცენტრ პოინტს ყოველთვიური პროცენტის სანაცვლოდ გარკვეული თანხა ასესხა. გარიგებიდან ერთ წელიწადში კომპანიამ თანხის გაცემა შეწყვიტა და ვეღარც ვალი დააბრუნა. ამ ადამიანების მიმართ დექსუსის შეთავაზება, რომელსაც 92-მა ადამიანმა მიიღო, ასეთი იყო: ძირ თანხას გამოკლებული ის თანხა, რა რაოდენობის პროცენტიც უკვე ჰქონდათ აღებული და რაც დარჩება, იმას უნდა დასჯერდნენ. თან ამ თანხას ფულის სახით არ სთავაზობდნენ კლიენტებს. თანხის სანაცვლოდ, კრედიტორებს შესთავაზეს აღმაშენებლის გამზირზე არსებული საოფისე ფართები, კვადრატულ მეტრს 2500 დოლარად, მაშინ როდესაც გაზეთ სიტყვა და საქმეში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს ფართები 700 დოლარად იყიდებოდა.
გასული ერთი წლის განმავლობაში დექსუსმა ორი მშენებლობა დაასრულა. თუმცა, ამ შენობების მფლობელებიც შესაძლოა სულ მალე მაინც ბინების გარეშე დარჩნენ, საქმე ეხება ამ შენობების ხარისხს. როგორც ვიცით, კომპანიამ რამდენიმე წლის წინ დაწყებული მსენებლობები დაასრულა. საკითხავია, რამდენად იყო დაცული ამ მშენებლობების დაკონსერვებისას დაცული სტანდარტები. ესქპერტი სამშენებლო საკითხებში ნიკო კახეთელიძე აცხადებს, რომ ეს შენობები წარმოუდგენდალ დაბალი ხარისხისაა და მთავარ პრობლემად, მშენებლობის დაკონსერვების სტანდარტების დარღვევას მიიჩნევს.
იქმნება საკმაოდ საინტერესო სურათი, ~ცენტრ-პოინტმა” მოირგო ახალი სახე დექსუსის სახით. ფაქტია, მას იმდენად გაუფუჭდა სახელი, რომ აღარავინ ენდობოდა. გაურკვევლობაში ჩავარდნილი კლიენტების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად, ამჯერად დექსუსის და გიორგი ქანანაშვილის პირით საუბრობენ. ამ შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელმაც ფული გადაიხადა და ფართს არ აძლევენ. ვერაფერს ვერ გააკეთებს, გამოსავალი არ აქვს. რა გარანტია არსებობს, რომ ~დექსუსის” ახალი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ფართებს მისცემენ.
962
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85