ის დააკლდა საქართველოს

ის დააკლდა საქართველოს

დღეს ცნობილ ქართველ მსახიობს რამაზ ჩხიკვაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ადამიანს, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ბატონი რამაზი უდიდესი მსახიობი ბრძანდებოდა, ამასთან ის თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტიც გახლდათ და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

 

საქართველო პატარა ქვეყანაა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება უჭირს. რამაზ ჩხიკვაძე თანამემამულეთა იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელმაც საკუთარი ნიჭითა და შრომით ჩვენი სამშობლოს სახელი უცხოეთში წარმატებით გაიტანა. რამაზ ჩხიკვაძეს თავის დროზე მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი უწოდეს. დიდ ბრიტანეთში ის კავკასიელ ლოურენს ოლივიედ მონათლეს. მის მიერ განსახიერებული რიჩარდ მესამე კი ყველა დროის საუკეთესო რიჩარდების ათეულშია შესული.

 

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.

 

მხატვრული სახეების სრულყოფისათვის შესანიშნავად იყენებს თავის მდიდარ ვოკალურ მონაცემებს. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), მექი დანა (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა”), თედო (გ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები”), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა”), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.

 

ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე – პ. კაკაბაძის "ყვარყვარე”, აზდაკი – ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე”, რიჩარდ III, მეფე ლირი – უ. შექსპირის "რიჩარდ III”, "მეფე ლირი”). გადაღებულია კონოფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა ("ჭრიჭინა”, 1954), დიანბეგი ("ლონდრე”, 1963), ლუკა ბაბუა ("ნერგები”, 1973, რისთვისაც მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის), ვაჭარი ("ვერის უბნის მელოდიები”, 1975), მამაო ოხროხინე ("ნატვრის ხე”, 1978), აბდულა ("შეყვარება ერთი დანახვით”), სტალინი ("გამარჯვება” 2 სერიად) და სხვა.

 

1972 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1975 წელს – კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია რუსთაველის აკადემიურ თეატრში სპექტაკლში "ყვარყვარე” ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის, 1979 წელს – სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია, 1981 წელს – სსრკ სახალხო არტისტის წოდება, ამავე წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია რუსთაველის თეატრში რიჩარდის როლის შესრულებისათვის, სპექტაკლში "რიჩარდ III”, 1988 წელს – სოციალისტური შრომის გმირის წოდება, 2001 წელს – პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის პრემია. არის ლენინის ორდენის კავალერი.

 

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1997 წელს.

 

ზემოთმოყვანილი ბიოგრაფია ბატონ რამაზ ჩხიკვაძის მიერ გავლილი გზის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას კი იძლევა, მაგრამ ამ უდიდესი მსახიობის ცხოვრებისა და პროფესიული ოსტატობის შესახებ საუბარი ქაღალდის არაერთ გვერდს დაიკავებდა.

 

ბაბუა ცნობილი ფოლკლორისტი ჰყავდა, მამა – კონსერვატორიაში ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი, დედა – პროფესიონალი მომღერალი.

 

“თბილისში ვიზრდებოდი. უსაყვარლესი ქალაქი იყო - ლამაზი, სუფთა, პატარა...”

 

თავდაპირველად კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა. მშობლებს იმედი ჰქონდათ რომ ცნობილი კომპოზიტორი გამოვიდოდა. მაგრამ...

 

“თეატრი რომ ვნახე, არაფერი აღარ მინდოდა, დაკვრასაც კი თავი მივანებე. მხოლოდ არტისტობაზე ვოცნებობდი. ახლა ვნანობ, მცოდნოდა უკეთესი დაკვრა”.

 

წინა საუკუნის ორმოციან წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მისი თანაკურსელები ცნობილი მსახიობები კარლო საკანდელიძე და გურამ საღარაძე იყვნენ.

 

თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის  დასრულების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა.

 

რამაზ ჩხიკვაძის პირველი  წარმატებული როლი სპექტაკლი „ესპანელი მღვდელი“ აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში მეორე აღიარებას მიაღწია. ეს გახლდათ დადგმა - „როცა ასეთი სიყვარულია“. მერე, გაიხსნა თეატრის  მცირე სცენა და ახალი წარმატება – ქოსა მრჩეველი სპექტაკლში „ჭინჭრაქა“.

 

იმ პერიოდს ბატონი რამაზი შემდეგნაირად იხსენებდა:

 

“განებივრებული ვიყავი. ვთამაშობდი და ვთამაშობდი მთავარ როლებს, ეპიზოდებიც მიყვარდა. მიშა თუმანიშვილი იყო ჩემი რეჟისორი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძესთანაც ვითამაშე “სამანიშვილის დედინაცვალში”.

 

ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა,  როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია”.

 

შემდეგ ბედმა ერთმანეთს რამაზ ჩხიკვაძე და რობერტ სტურუა დააკავშირა. რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა, რომელსაც მოგვიანებით  „მზიანი ღამე“ და „ხანუმა“ მოჰყვა.  მათი თანამშრომლობა  „სამანიშვილის დედინაცვლით“ გაგრძელდა. ამის შემდეგ რუსთაველის თეატრში  „ყვარყვარე“დაიდგა.

 

ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია.

 

„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა იმდროინდელი საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ საზღვარგარეთ გავიდა.

 

რამაზ ჩხიკვაძეს „მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი“ მექსიკაში უწოდეს. ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში.

 

რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირი აღმოჩნდა.

წინა საუკუნის 90-იანი წლებში ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…

 

“დავბერდი! არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ. ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. “კავკასიურ ცარცის წრეში” ცუდად გავხდი. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები”.

 

ბატონ რამაზ ჩხიკვაძეს დღეს საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. მათი ხანგრძლივი ურთიერთობა ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორიაა.

 

“ნატაშა გემზე გავიცანი. იმ გემით მე და გურამ საღარაძე ოდესაში მივდიოდით. იალტაში ამოვიდა გემზე. რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე – ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი”.

 

ქალბატონმა ნატაშამ და ბატონმა რამაზმა ერთად ორმოცდაათ წელზე მეტი გაატარეს. მეუღლე ქმარს ყოველთვის გვერდში ედგა და თუ რამაზ ჩხიკვაძე დღეს მსოფლიოში აღიარებული მსახიობია, ამაში ცხოვრების ერთგული მეგზურის დიდი დამსახურებაცაა.

 

“ნატაშა არასოდეს მაქებდა და ჩემს მიმართ  მუდამ კრიტიკული იყო. ამით ძალიან მეხმარებოდა. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია. ო, რა კარგია“. ეს, რა თქმა უნდა ადამიანზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელი და დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა…”

 

მიმდინარე წლის 28 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე პრაღაში გარდაიცვალა, სადაც მეუღლესთან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ბატონი რამაზ ჩხიკვაძე სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იდგა. ამის მიუხედავად, საკუთარ თავში იპოვა ძალა და საყვარელი რეჟისორის, რობერტ სტურუას დასაცავად ხმა მაინც ამოიღო. იმ დროს, როდესაც მრავალ ცნობილ პიროვნებას საქართველოში თანამდებობიდან მოხსნილი სტურუას დასაცავად ხელი არ გაუნძრევია, შორეული პრაღიდან მძიმედ ავადმყოფმა რამაზ ჩხიკვაძემ შემდეგი სიტყვები შემოთვალა: „დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი რობერტ სტურუას დაუჭერს მხარს“.

 

რამაზ ჩხიკვაძემ  დაადასტურა, რომ ის უერთდება და ხელს აწერს იმ განცხადებას, რომელიც რუსთაველის თეატრის დასმა რობერტ სტურუას მხარდასაჭერად გაავრცელა.

 

ამბობენ ”ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ ხელოვნება უკვდავია”. აღარ არის დიდი ხელოვანი და ნამდვილი ქართველი რამაზ ჩხიკვაძე. მან თეატრში მთელი ეპოქა შექმნა და სახსოვრად მომავალ თაობებს დაუტოვა. დღევანდელ წერილს კი მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან ამოღებული ნაწყვეტით დავასრულებთ.

 

“რას უსურვებ ახალგაზრდებსო?.. გიყვარდეთ სამშობლო, სარწმუნოება, როგორც ილიამ გვითხრა და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები”.