ჯონ ბონ ჯოვიმ საქველმოქმედო რესტორანი გახსნა

ჯონ ბონ ჯოვიმ საქველმოქმედო რესტორანი გახსნა

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ ბონ ჯოვიმ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს საქველმოქმედო რესტორანი გახსნა.

 

ამ დაწესებულების სახელწოდებაა “Soul Kitchen” და ნიუ ჯერსის შტატის პატარა დასახლება რედ ბენკში მდებარეობს. გასულ წელს მომღერალმა და მისმა მეუღლე დოროთეამ ძველი მანქანების სახელოსნო შეიძინეს და მის გარემონტება-განახლებაში 250 ათასი დოლარი დახარჯეს.

 

ჯგუფი “Bon Jovi”-ს ლიდერის რესტორანი იმოქმედებს პრინციპით: “გადაიხადე იმდენი, რამდენიც შეგიძლია”. იმ შემთხვევაში თუ დაწესებულების სტუმარი უფასოდ სადილობას მოისურვებს, მას რესტორანში რაიმე საქმის შესრულებას დაავალებენ.

 

ბონ ჯოვის განცხადებით, “Soul Kitchen” სოლიდური ორგანიზაცია იქნება, სადაც კლიენტებს მაღალი დონის მომსახურეობასა და მრავალფეროვან მენიუს შესთავაზებენ. ის არ დაემსგავსება ამერიკაში სოკოებივით მომრავლებულ სწრაფი კვების ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს მხოლოდ შემწვარ კარტოფილსა და ჰამბურგერებს სთავაზობენ.

 

ბონ ჯოვიმ რესტორანი საკუთარი საქველმოქმედო ფონდის “Jon Bon Jovi Soul Foundation” დახმარებით გახსნა. ეს ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა აშშ-ში არსებულ სიღარიბის პრობლემებს ებრძვის.