მილიარდერები 4 კატეგორიად იყოფიან. რომელ მათგანს მიეკუთვნება ივანიშვილი?

მილიარდერები 4 კატეგორიად იყოფიან. რომელ მათგანს მიეკუთვნება ივანიშვილი?

 

მოგესალმებით ყველას. საქმე რომ გაგიადვილოთ, მოგახსენებთ რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიმუშავია და არც ვიმუშავებ. მე გახლავართ ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ისევე როგორც მილიონობით ქართველს სურს მიიღოს სწორი პასუხი კითხვაზე - ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? 

ამ დღეებში ბევრი ითქვა და დაიწერა ბატონ ბიძინაზე. ზოგი აღმერთებს, ზოგიც არამზადას უწოდებს. სამწუხაროდ არავინ არ გააკეთა ობიექტური ანალიზი თუ საიდან და რისთვის მოდის ეს კაცი. მე შევეცდები მოკლედ და ლაკონურად გაგიზიაროთ ჩემი აზრი ამის თაობაზე. 

პირველად ივანიშვილის სახელი 2005 წელს ამოვიკითხე, მაშინ როდესაც მიხაილოვსკის სამთო კომბინატი გაიყიდა. ძალიან დამაინტერესა ვინ იყო ის ქართველი, რომელმაც $1.6 მილიარდ დოლარად გაყიდა ქარხანა. კიდევ უფრო მეტად გაყიდვის მიზეზი მაოგნებდა (სწორედ იმ პერიოდში რუსეთის ბაზარზე ბუმი იყო და ყველა აქტივზე ფასები რეაქტიულად მიფრინავდა ზევით) – რატომ გაყიდა ივანიშვილმა ქარხანა ასეთ პერიოდში? ცოტაოდენი ინფორმაციის მოძიების შედეგად დავასკვენი, რომ მან ასეთი აქტივის გაყიდვით სისულელე ჩაიდინა (თუმცა, ვცდებოდი და ქვემოთ მოგახსენებთ რატომ). 

მეორედ ივანიშვილის სახელი ჩემთვის სავსებით არასასიამოვნო ვითარებაში გავიგე. მაშინ, როდესაც მან თბილისში, ყოფილ კომკავშირის ხეივანზე თავისი რეზიდენცია ააშენა და ამის გამო ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი პატარა გზა ჩაკეტა. ამით ბაღში ვარჯიშის საშუალება შემიზღუდა, მაშინ როდესაც სუფთა ჰაერზე ვარჯიში აუცილებელი იყო ჩემი სუსტი ჯანმრთელობისთვის. ამის შემდეგ, 2002 და 2009 წლებში, ივანიშვილის (უფრო სწორედ, “ქართუ ჯგუფის”) სახელი კვლავ უსიამოვნო ვითარებაში ამოტივტივდა. 

აგვისტოში დავიწყე კითხვა ვენდელ სტივენსონის წიგნის, სადაც ამოხტა ბატონი ბიძინას სახელი, რამაც ისევ გააღვიძა ჩემი ინტერესი ამ პიროვნების მიმართ. მას მერე დავიწყე ინფორმაციის მოძიება ამ ადამიანის თაობაზე რომლის სიკეთეზეც ამდენია ცნობილი და ინტერნეტში კი მხოლოდ ორი სურათი და მწირე ინფორმაცია მოიძიებოდა. ორი თვის განმავლობაში მოვიძიე თითქმის 100% იმ ინფორმაციისა რაც მასზე მოიპოვებოდა ღია წყაროებში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის ვიპოვო სწორი პასუხი კითხვაზე - ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? 

- მიხეილ სააკაშვილის პროექტი?

გამორიცხულია. რეიტინგიანი ოპოზიცია არ არსებობს საქართველოში. მიშას უპრობლემოდ შეუძლია არჩევნების მოგება. შესაბამისად, ივანიშვილი თავისი პოლიტიკაში შემოსვლით ოპოზიციას ბევრს ვერაფერს წაართმევს.

- აშშ-ს პროექტი?

გამორიცხულია. ამერიკას ჭირდება მარიონეტული და სუსტი ხელისუფლება ადვილად რომ მართოს და ჭიპლარით იყოს მიმჯდარი შტატებზე. ივანიშვილი კი შორსაა მართვადი პუდელისგან. ამერიკას 3 მილიარდიანი ბაწრით ყავს დაბმული თავისი სააკაშვილი (საქართველოს საგარეო ვალს ვგულისხმობ), იმისათვის, რომ მას არ გაუჩნდეს გვერდზე გახედვის სურვილი. გეოპოლიტიკური ვექტორები სწრაფად იცვლება. 2008 წლის აგვისტომ და სხვა მოვლენებმაც ნათლად აჩვენა, რომ თურქეთს სურს მსოფლიო გეოპოლიტიკაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, რის საშუალებასაც მას ამერიკა არ აძლევს. ხვალ შეიძლება ჩვენ გავხვდეთ მომსწრეები თურქეთის და რუსეთის ალიანსისა. და თუ ამას შუა აზიიდან ამერიკული ბაზების გამოძევებაც დაემატა, მაშინ აშშ-ს ჰაერივით დასჭირდება ქართული ლოგისტიკური ბაზა ტვირთების ავღანეთში გადასასროლად. ის ასე ადვილად არ დათმობს ხელისუფლებას საქართველოში. თუმცა, რუსეთის მხრიდან კარგი წინადადების შემთხვევაში, იგი არც კი დაფიქრდება ჩვენი გაყიდვის ან გაცვლის თაობაზე. ბიზნესი ბიზნესია, და საქართველო კი მხოლოდ ერთი კარტია დიდ თამაშში.  

-რუსეთის პროექტი?

არც ეგ მგონია. გამომდინარე სფეროდან და სიდიდიდან ყველა ბიზნესის ლობირება/ზედამხედველობა გარკვეულ დონეზე ხდება რუსეთში. მიხაილოვსკის კომბინატის გაყიდვის შემდეგ, ივანიშვილი გავიდა იმ სფეროდან, რომელსაც პუტინი და მისი ადმინისტრაცია კურირებდა. ბატონი ბიძინა დროზე გაეცალა "ბულდოზერს" და შესაბამისად, იმისათვის რომ შეენარჩუნებინა თავისი "წვრილი" ბიზნესები, მას უკვე აღარ სჭირდებოდა პუტინის დონეზე საქმის მოგვარება. თუმცაღა ეჭვი არ მეპარება რომ უფრო დაბალ დონეზე მოგვარებული აქვს ურთიერთობა. შესაბამისად, ივანიშვილი ამოვარდნილია პუტინის ორბიტიდან და არც მისი გუნდის წევრად მოიაზრება. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილმა რუსეთი დატოვა. გარე პირზე კი პუტინი ფსონს არასდროს დადებს - იგი ძალზე ფრთხილი ადამიანია. არც იმის ილუზია მაქვს (და არც დავიჯერებ), რომ ბატონი ბიძინა ანგელოზივით თეთრია (თუმცა ვინ არის უცოდველი, ზოგიერთი რელიგიური პირის გამოკლებით?).

ელცინის პერიოდში, მოგეხსენებათ, მიდიოდა უდიდესი სიმდიდრის გადანაწილება, წაგლეჯვა და კრიმინალური გარჩევები. ისე რომ სუფთად მილიარდს კი არა მილიონს ვერ იშოვნიდი. რუსეთს აწყობს ამჟამინდელი სტატუს-ქვო. რუსეთი ნელ-ნელა, აუჩქარებლად აკეთებს თავის საქმეს აფხაზეთსა და ცხინვალში. მიშა ულტიმატუმების გარეშე არ მიდის მოლაპარაკებებზე, რუსეთმა კი დააფიქსირა, რომ სანამ აგრესორი მიშა არის საქართველოს სათავეში, ოფიციალურ დონეზე არანაირი მოლაპარაკებები არ შედგება. ქართველ ხალხში არის სრული აპათია და უიმედობა. სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი და სერიოზული მუშაობის შედეგად მიიღო ის რაც მას სურდა. ამით მან მშვენივრად გაანეიტრალა ოპოზიცია. ერის დიდ ნაწილს უკვე აღარ აინტერესებს ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. ქვეყანა კი გადაჩეხილია უფსკრულში და მისი ვარდნის სიჩქარე მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. ისე რომ "პრორუსული" ივანიშვილი ვერც დააჩქარებს და ვერც შეანელებს ამ ვარდნას.

-ანგარებითი ამბიციების მქონე პირი?

ადამიანი რომელსაც აინტერესებს ძალაუფლების ხელში ჩაგდება (ძალაუფლების განცხრომა რომ შეიგრძნოს) და კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნა ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებით. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს კაცი, ისევე როგორც ბაფეტი, მიეკუთვნება "ბიზნეს ნარკომანების" რიგებს. ასეთი ადამიანები მსოფლიოში და ბიზნესშიც კი ძალიან ცოტაა. ეს არის აზარტული ხალხი, რომლებიც ‘განცხრომას განიცდიან’ ბიზნესის კეთებით; ანუ თვით ფულის კეთებით და არა ხარჯვით. ისინი ამ აზარტს ვერ გაცვლიან ვერაფერზე. მაშ ვინ არის ეს ივანიშვილი? მიშისტი არ არის, პრორუსული არ არის, პროამერიკული არ არის.

ეს კაცი ვერანაირ პოლიტიკურ განტოლებაში ვერ ჩაჯდა. აი აქ ჩერდება და იყინება პოლიტიკოსის ტვინი და იღვიძებს უბრალო ქართველის გული. 10 წელზე მეტია ველოდები პოლიტიკოსებისაგან ერთი სიტყვის გაგებას - პროქართული. თავისი საქმიანობიდან და წარსულიდან გამომდინარე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი გავს პროქართული ორიენტაციის კაცს. არ ვიტყვი პოლიტიკოსს, რამეთუ არ არის ეს კაცი პოლიტიკანი. ჩემი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მქონდა შეხება 6 მილიარდერთან (ივანიშვილს არ ვთვლი) ან მათ ოჯახის წევრებთან, რამაც წარმოდგენა შემიქმნა იმაზე თუ ვინ არის ეს ხალხი. ამ დღეებში კი შეძლებისგვარად შევისწავლე ივანიშვილის ფიგურა.

შესაბამისად მილიარდერები 4 კატეგორიად შემიძლია დავყო: ევროპელი (რუსების და აზიელების ჩათვლით), ამერიკელი, ბაფეტი და ივანიშვილი. ევროპელები არიან ყველაზე წუწურაქები. კაპიკს ვერ გააგდებენ და 1 საათი გევაჭრებიან $50-იან ნივთზე $5 რომ დაგაკლებინონ ფასი. მეცენატობაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია და თუ "ქველმოქმედებას" სჩადიან მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ან კიდევ მათი პრეზიდენტის გულის მოსაგებად. ყველაფერი ეს კი დიდი ზარ-ზეიმით კეთდება. ამერიკელ მილიარდერებს ძალიან მოსწონთ ეგრეთ წოდებული Legacy-ს დატოვება, უნდათ რომ რაღაცა დატოვონ თავის მერე და აშენებენ საავადმყოფოებს, უნივერსიტეტების კორპუსებს, რომელთაც შემდგომში მათ სახელებს არქმევენ. ზოგადად, მეცენატობა კარგ ტონად ითვლება ამერიკაში.მილიარდერების ჯგუფიდან ბაფეტი ყველაზე გამორჩეული და პატივცემული ბაბუაა, როგორც თავისი ცხოვრების სტილით ასევე სიმდიდრით.  

ყველა მილიარდერის ფონზე ივანიშვილს ფიგურას მკაფიოდ გამოვყოფდი შემდეგი თვისებების/განსხვავებების გამო: 1. მისი თავმდაბლობის გამო, 2. არასოდეს ივიწყებს სიკეთეს, 3. ყოველთვის უწვდის დახმარების ხელს გაჭირვებულს (თუ მიაღწია მის კაბინეტამდე), 4. არ ელის არაფერს სანაცვლოდ და უანგაროდ აკეთებს სიკეთეს. 5. ეს შეიძლება არ არის აქ სახსენებელი მაგრამ ქართულ ფესვებს არ ივიწყებს. აშშ-ს პრეზიდენტმა კენედიმ თქვა (ოდნავ პერეფრაზირებას გავაკეთებ და ქართულად დავწერ ყველასთვის გასაგები რომ იყოს): ნუ შეეკითხებით თქვენს თავს რა გააკეთა ქვეყანამ თქვენთვის, არამედ შეეკითხეთ რა გააკეთეთ თქვენ თქვენი ქვეყნისთვის. ისე რომ სანამ ვინმე  ცინიზმით გაჟღენთილ კომენტარებს დატოვებდეთ ჩემ სტატიასთან დაკავშირებით, ეს კითხვა დაუსვით თქვენ თავს.