ადგილობრივი წარმოების პროდუქტს სანდოობის პრობლემა აქვს. ხორცპროდუქტებისა თუ რძის ნაწარმის უხარისხობაზე არა მარტო მომხმარებლები ჩივიან, არამედ მათ უხარისხობას ლაბორატორიული კვლევებიც ადასტურებს. ბოლო 2 კვირაში 3 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სამივე წამყვანი კომპანიების ნაწარმს შეეხებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ცხელ ხაზზე შევიდა საჩივარი “ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ ასაწონ პელმენთან დაკავშირებით. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ “ნიკორას” პელმენი შეისყიდა, მოხარშა და ვერ შეჭამა, რადგან ხორცს ცუდი სუნი ჰქონდა და მისი აზრით გაფუჭებული იყო.
“ამ შეტყობინების გადასამოწმებლად 26 სექტემბერს, მოქალაქის მიერ მითითებულ მაღაზიაში (მაღაზია “ნიკორა” ბერძენიშვილის ქუჩაზე) შევიძინეთ ასაწონი პელმენი “ციმბირული” (შპს “ნიკორა-ტრეიდის” წარმოება). შესყიდვას ესწრებოდა კვების მრეწველობის პროდუქციის ექსპერტი, რომელმაც შესყიდული პელმენები დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილიზებულ თერმოსებში, ლაბორატორიაში გადასატანად. ამის შემდეგ პელმენი ჩაბარდა შესამოწმებლად ლაბორატორიას.
5 დღეში მივიღეთ პასუხი, რომელმაც აჩვენა, რომ პელმენის ხორცის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები სანიტარული ნორმების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ, გადაემოწმებინა ჩვენი შედეგები და მოეხდინა სათანადო რეაგრება. ამ ეტაპზე სააგენტოს რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
პარალელურად პელმენი კიდევ ერთ ლაბორატორიაში მივიტანეთ შესამოწმებლად. ლაბორატორიული შემოწმების პასუხი პირველს დაემთხვა. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა დაბინძურება კოლიბაქტერიებით. მიუხედავად იმისა, რომ კოლიბაქტერიები პელმენის სათანადო მოხარშვისას იოლად იღუპება და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, სანიტარული ნორმებით, პელმენში ეს დაბინძურება გამორიცხული უნდა იყოს”, - იტყობინებიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან.
სპეციალისტების აზრით, აღმოჩენილი დაბინძურება შეიძლება მომხდარიყო როგორც პროდუქტის მომზადების, ასევე მისი მაღაზიაში შენახვის, გაყიდვის, ან გადაზიდვის პროცესში. სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ გაყინული პელმენების ან ხინკლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭონ წინასწარ დაფასოებულ პროდუქციას, რადგან, ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტი დაცულია გადაზიდვისას, ან მაღაზიაში, ან თუნდაც შესყიდვის შემდგომ დაბინძურებისგან.
“ნიკორას” ადმინისტრაციის განმარტებით, კომპანიამ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღებისთანავე შეუსაბამობის მიზეზის მოკვლევისა და აღმოფხვრის საკითხი დასვა როგორც წარმოების პროცესში, ასევე დისტრიბუცია-რეალიზაციაშიც.
“კომპანიას აქვს მაღალი დონის მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის ხარისხის შემოწმებას და ბუნებრივია, მის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. რეკომენდაციების თანახმად, ლაბორატორიაში დაუყოვნებლივ დაიწყო დამატებითი კვლევითი სამუშაოები. შესაბამისად, მიკვლეული მიზეზების და დასახული მაკორექტირებელი ქმედებების დადგენისთანავე მივაწვდით ინფორმაციას.
მიკრობიოლოგიური კვლევა, რომ ძალიან ფაქიზი და ყურადსაღები პროცესია, ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ კონკრეტული კვლევის შედეგად გამოქვეყნებული 3 სხვადასხვა ლაბორატორიის ოქმის მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. გამომდინარე აქედან ეჭვქვეშ დგება ამ ლაბორატორიების კომპეტენციის საკითხი”, - აღნიშნავს “ნიკორას” პიარ-მენეჯერი გიგა ბატკუაშვილი.
პარალელურად ირკვევა, რომ “სანტინოსა” და “სოფლის ნობათის” არაჟანი, ნამდვილი არაჟანი არ არის. ამ ინფორმაციასაც შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმება ადასტურებს.
“4 ოქტომბერს სურსათის ცხელ ხაზზე შემოვიდა საჩივარი. მომხმარებელს აინტერესებდა “სანტინოსა” და “სოფლის ნობათის” არაჟნების ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა შეფუთვაზე მითითებულ წარწერას - “ნატურალური პროდუქტი”. მომხმარებლის განმარტებით, არაჟანის ვარგისიანობის ვადა ყოველთვის დაცულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა შეძენაზე არაჟანს სხვადასხვა გემო აქვს.
ვინაიდან მომხმარებელმა არ დაგვისახელა კონკრეტული მაღაზია, ჩვენ 6 ოქტომბერს, სუპერმარკეტების ქსელ “პოპული”-ში(ბულაჩაურის ქ.N1-ში მდებარე მაღაზიაში) შევიძინეთ აღნიშნული ფირმების არაჟანი. არაჟანის ნიმუშები მივიტანეთ ლაბორატორიაში, მათში რძის ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად.
ერთ კვირაში ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, რომლის მიხედვითაც: არაჟანი “სოფლის ნობათი” - პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 10%; არაჟანი “სანტინო” - პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 80%. ნამდვილ არაჟანში კი პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილი 100% უნდა იყოს; ანუ არც ერთი და არც მეორე შემოწმებული არაჟანი ნამდვილი არაჟანი არ არის, სავარაუდოდ, მათში მცენარეული ცხიმია დამატებული”, - აღნიშნეს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.
მათივე ცნობით, როგორც მომხმარებელმა საჩივარში მიუთითა, ორივე არაჟანს მართლაც აწერია “დამზადებულია ნატურალური რძისგან”, ხოლო არაჟან “სოფლის ნობათს” დამატებით აწერია “100% ბუნებრივი ნატურალური რძის პროდუქტი”.
ამასთან, არცერთ არაჟანს შემადგენლობაში მცენარეული ცხიმი მითითებული არ აქვს. ყოველივე ეს მომხმარებელს მართლაც უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პროდუქტები ნამდვილი, ნატურალური არაჟანია, თუმცა როგორც გაზომვებმა აჩვენა, ეს ასე არ არის.
1427
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85