ოპოზიცია შაშკინის ელვისებური ბრძანების ელვის უსწრაფესად გაუქმებას ითხოვს

ოპოზიცია შაშკინის ელვისებური ბრძანების ელვის უსწრაფესად გაუქმებას ითხოვს

შაშკინმა აიღო და 14 პროფსასწავლებელი ერთ დღეში გააუქმა, თანაც არც დაინტერესებულა, რა ეშველებათ ასობით თანამშრომელს და ათასობით სტუდენტს. ოპოზიცია მინისტრის ელვისებური ბრძანების ელვის უსწრაფესად გაუქმებას ითხოვს.

 

რესპუბლიკელები განათლების მინისტრის ბრძანებულების გაუქმებას ითხოვენ, რომლის ძალითაც, საქართველოში 14 პროფესიული სასწავლებელი გაუქმდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის თქმით, 2010 წლის 14 სექტემბერს განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მოქმედი 14 პროფესიული სასწავლებლის გაუქმების ბრძანება გამოსცა. 

 

“ყველას კარგად ახსოვს, როგორი აჟიოტაჟით იხსნებოდა აღნიშნული პროფესიული სასწავლებლები 2007-2009 წლებში. ხშირ შემთხვევაში, მათ გახსნასა და დასაქმების ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას საქართველოს პირველი პირები, მათ შორის პრეზიდენტიც ესწრებოდა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითი და დროებით პიარზე გათვლილი პროექტები აღმოჩნდა”, - განაცხადა “რესპუბლიკელების”  წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 სასწავლებლი ერთ დღეში გაუქმდა, იმის მიუხედავად, იქ რამდენი სტუდენტი სწავლობს, რამდენმა ჩააბარა, რამდენი ადამიანია დასაქმებული. 

 

“არავითარი ახსნა-განმარტება, მოტივაცია, მხოლოდ – ბრძანება ლიკვიდაციის შესახებ. სამტრედიაში 600 მოსწავლე და 50 თანამშრომელი ჰყავდათ, კასპის სასწავლებელში კი - 130 მოსწავლე და 30 თანამშრომელი და ა.შ. ყველა ეს ადამიანი დღეს ღვთის ანაბარა დარჩა”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

 

რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ პროფესიული განათლება უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. “ჩვენ ვითხოვთ, მინისტრმა საზოგადოებას და, პირველ რიგში, დაზარალებულებს, აუხსნას აღნიშნული ბრძანებულების გამოცემის მოტივაცია და მიზეზები, განუმარტოს საზოგადოებას, რა დაემართა დასაქმების პროგრამის ამ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორ და რით აპირებს სახელმწიფო ამ პროგრამის ჩანაცვლებას. ამასთანავე, ცალსახად ვაცხადებთ, რომ 14 სექტემბრის ბრძანებულება არის უკანონო და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

 

მისივე განმარტებით, ლიკვიდირებული სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ სარჩელით. რესპუბლიკელები ამ საქმეში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და პედაგოგებს თანადგომას ჰპირდებიან.

 

არადა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ, განათლების სამინისტრო ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტებს პროფესიული სასწავლებლებისკენ უთითებდა. მთელი წელი უქმად ყოფნის პერსპექტივა, შესაძლოა, ბევრ ხელმოცარულ აბიტურიენტსაც გაეცვალა კონკრეტული პროფესიის სწავლაზე, მაგრამ დღეს ეს გზაც მოჭრილია.

 

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ცვლილებები შევიდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში. პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პროფესიული განათლება აკადემიური განათლების სრულფასოვან ალტერნატივად ჩამოყალიბდა, რომელიც დასაქმების ბაზართან უფრო მეტად თავსებადია.

 

“პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია ენიჭება და პროფესიულ დიპლომს იღებს. პროფესიულ კვალიფიკაციათა რიცხვს ბუღალტერ-მოანგარიშე, ვებ-ტექნოლოგი, მშენებლობის მენეჯერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფერმერი და მეღვინე განეკუთვნება.

 

ამასთან, აკადემიურ პროგრამაზე ჩაბარება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის მიღება მხოლოდ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებითაა შესაძლებელი, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად, შესაძლებელია, მსურველმა შემდგომი კონსულტაციებისთვის როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს დღესვე მიმართოს”, - აღნიშნავდა რამდენიმე დღის წინათ შაშკინის მოადგილე კოკა სეფერთელაძე.

 

რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდებით სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებდა, მიემართათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსთვის და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულიყვნენ.