საქართველოს პოლიციამ იმ მილიარდერის კუთვნილი ბანკის რამდენიმე მილიონი დოლარი დააკავა, რომელმაც ახლახანს მთავრობის გამოწვევასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ განაცხადა, თქვა ოთხშაბათს ბანკის მმართველმა.
სამშაბათს, პოლიციის ჩინოვნიკებმა რეიდის დროს იმ დაჯავშნულ ფურგონში არსებული ნაღდი ფულის კონფისკაცია მოახდინეს, რომელიც ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ ეკუთვნოდა, და ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ეს ქმედება ფულის გათეთრებაზე ეჭვით ახსნეს.
„პოლიციამ ქართუ ბანკის 2 მილიონი დოლარის და ერთი მილიონი ევროს კონფისკაცია მოახდინა, რომლის უკან დაბრუნებასაც მოვითხოვთ“, – განუცხადა AFP-ს „ქართუ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
საქართველოს პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ადასტურებს, რომ „განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფული“ დაკავებულ იქნა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ რეიდის შემდეგ ის „ქართუ ბანკის“ ოპერაციების შემოწმებას იწყებს.
ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ის იმ ხელისუფლების სამიზნეა, რომელმაც ამ თვეში მას საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვა.
„ეს პოლიტიკური დევნის უპრეცედენტო შემთხვევაა“, – ნათქვამია მაგნატის პრესსამსახურის განცხადებაში.
ივანიშვილმა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და რომლის ქონებაც 5,5 მილიარდ დოლარად (ოთხი მილიარდი ევრო) არის შეფასებული, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, რათა გამოწვევა გაუგზავნოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
განცხადებაში, რომელმაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ივანიშვილი სააკაშვილს ხელისუფლების მონოპოლიზებაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების დევნასა და ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ოთხ დღეში მას შემდეგ რაც მაგნატმა განცხადება გააკეთა, ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან ის იმავდროულად საფრანგეთის მოქალაქეცაა, და დარტმა მიაყენა მის გეგმებს, რადგან პოლიტიკური პარტიის დაფუძნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
სააკაშვილის პარტიამ ივანიშვილი ქვეყნის მოსისხლე მტრის რუსეთის მარიონეტად გამოაცხადა, ქვეყნის, რომელსაც 2008 წელს თბილისთან ომი ჰქონდა, თუმცა ბიზნესმენმა ეს ბრალდება უარყო.
როდესაც კიდევ ერთი ქართველი მაგნატი ბადრი პატარკაციშვილი 2007 წელს ხელისუფლების გამოწვევას შეეცადა, ის გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს, მისი ტელევიზია სპეცრაზზმა დახურა და მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმების მხოლოდ 7,1 % მოიპოვა
foreignpress.ge
838
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85