როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში თანხები ძირითადად არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამის დასტურია კონტროლის პალატის დასკვნები, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება და სწორედ ამ უწყებაში აღმოჩენილ დარღვევებს შეეხება.
ამჯერად პალატამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში დარღვევები აღმოაჩინა. პალატამ ჩაატარა სახელმწიფო პროგრამის 2007-09 წლების აუდიტი და გამოვლინდა პროგრამის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დარღვევებიც.
პალატის ინფორმაციით, წლების განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი იგეგმებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების შესწავლისა და ხარჯების გაანგარიშების გარეშე, რის გამოც, მათი დიდი ნაწილი ვერ იღებდა შესაბამის დახმარებას, ხოლო პროგრამის რიგ კომპონენტებში რჩებოდა დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხები. მაგალითად, 2007-09 წლებში აუთვისებელი დარჩა 2,5 მლნ ლარი, რაც საკმარისი იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
პალატაში განმარტავენ, რომ პროგრამის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი მოითხოვდა მოქალაქის თანამონაწილეობას 9 000 ლარის ოდენობით, რის გამოც, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფაქტობრივად, გამორიცხულნი იყვნენ პროგრამიდან. რასაკვირეველია ამ ადამიანებს არ გააჩნდათ შესაბამისი სახსრები, რომ თანამონაწილეობის პრინციპით ეთანამშრომლათ პროგრამის ფარგლებში.
“მოქალაქეთა პროგრამაში ჩართვის მექანიზმები არ შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მომსახურების სტანდარტები, შესაბამისად, პროგრამა არ იყო ორიენტირებული ინდივიდზე, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. არ არსებობდა ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც აფერხებდა პროგრამის მართვას”, - ნათქვამია აუდიტის შედეგებში.
კონტროლის პალატამ რეკომენდაციებით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება პროგრამის მიზნების მისაღწევად. როგორც ჩანს, ჯანდაცვის უწყებამ ზედმეტად სწრაფადაც კი იმოქმედა, რადგან კონტროლის პალატის დასკვნიდან რამდენიმე საათში სამინისტრომ “აღმოფხვრა” ყველა დარღვევა.
ყოველ შემხთვევაში ასე ამტკიცებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, კონტროლის პალატის რეკომენდაციები გათვალსიწინებულია და 2007-09 წლებში აღმოჩენილ დარღვევები სააგენტოში უკვე გამოსწორებულია.
“პირველი რეკომენდაცია კოხლეარული იმპლანტის დაფინანსების გაზრდას ეხებოდა. წინა წლებში იმპლანტის მხოლოდ 75%-ს ვაფინანსებდით, ახლა კი სრულად ფინანსდება. დღეის მდგომარეობით, 26 იმპლანტი უკვე გაცემულია, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 50-ის დაფინანსება იგეგმება”, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, მეორე რეკომენდაცია, რომელიც დღის ცენტრებში მდგომარეობის გამოსწორებას ეხებოდა, ამ დროისთვის სრულად არის გათვალისწინებული.
“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კონტროლის პალატასთან და მას უფრო მეტად არა მაკონტროლებლად აღვიქვამთ, არამედ ვაფასებთ მის ჩართულობას შემოწმების კუთხით”, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა.
913
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85