კობა ლიკლიკაძე, "თავისუფლება"
პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რვა წევრი ქვეყნის მთავრობათა მეთაურები აცხადებენ, რომ ხელს მოაწერენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას სანკტ-პეტერბურგის სამიტის დროს. ცხადია, მათში არ არის საქართველო, რომელიც არც დსთ-ის წევრია და, როგორც თბილისი აცხადებს, არც მომავალში აპირებს „რუსეთის ფედერაციის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციებთან მიერთებას“.
ვაჭრობის თავისუფალი ზონის, ე.წ. „საბაჟო კავშირის“ შექმნის თაობაზე წლების განმავლობაში მიმდინარე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ბოლოს, 18 ოქტომბერს, დსთ-ის წევრი ქვეყნები მოულოდნელ წარმატებულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა
ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ დღეს დელეგაციების მეთაურებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვკამათობდით და მივედით ჩვენთვისაც საკმაოდ მოულოდნელ შედეგებამდე: ჩვენ მოვილაპარაკეთ, რამდენადმე შევცალეთ ტექსტი და საბოლოოდ შევათანხმეთ იგი“.
პუტინი მონაწილეობდა რეგულარულ თავყრილობაში, რომელშიც დსთ-ის ქვეყნების – სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობდნენ. ამ ორგანიზაციის წევრები არიან ასევე აზერბაიჯანი და უზბეკეთი. თურქმენეთს კი დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ამ სამმა ქვეყანამ რამდენიმე კვირა ითხოვა, რათა განიხილოს „საბაჟო კავშირთან“ მიერთების შეთანხმება.
თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ პროტოკოლს დსთ-ის ქვეყნებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს იმ დათქმით, რომ საბოლოო შეთანხმება 2000 წლის დასაწყისში გაფორმდებოდა. შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე იანვრიდან შევა ძალაში და როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, იგი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.
„ჩვენ ვაღებთ ბაზრებს ორმხრივად ჩვენი საქონლისათვის. ეს ნიშნავს, რომ საქონელი ჩვენს ბაზრებზე უფრო დაბალ ფასებში შემოვა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ შემსუბუქდება პირობები ახალი კოოპერატიული საწარმოებისათვის. ყველაფერი ეს, რაღა თქმა უნდა, ზრდის ჩვენი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას“.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც გასულ კვირაში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უფრო ფართო ინტეგრაციის იდეით გამოვიდა, – აცხადებს, რომ ახალი ზომები აუცილებლად გააძლიერებს დსთ- ის წევრი ქვეყნების ეკონომიკას და არ გაართულებს ინტეგრაციას გლობალურ სტრუქტურებში, როგორიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაა.
იმ რვა ქვეყანას შორის, რომლებიც დსთ-ის შიგნით თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას დათანხმდნენ, ოთხი – სომხეთი, უკრაინა, მოლდოვეთი და ყირგიზეთი – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებიც არიან. ვმო-ში გაწევრიანებას ესწრაფვის რუსეთიც, რასაც ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც კრემლისაგან თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერიტორიების საზღვრების საერთაშორისო მონიტორინგს მოითხოვს. საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.
„საქართველოს არავითარი სურვილი და გეგმა არ აქვს რუსეთის ფედერაციის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციებთან მიერთების“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინის ინიციატივასთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დსთ-ის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო პარტნიორები – უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი და სომხეთი – დათანხმდნენ ერთიანი სავაჭრო ზონის შექმნას.
1372
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85