„ახალი მემარჯვენეები“: საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ცინიკურად ჟღერს

„ახალი მემარჯვენეები“: საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ცინიკურად ჟღერს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ მთავრობისთვის შეთავაზებულ ინიციატივათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ითვალისწინებს ეკონომიკურ დანაშაულზე  საპატიმრო სასჯელების აკრძალვას.

ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის აკრძალვის  ინიციატივით „ახალი მემარჯვენეები“ არაერთხელ გამოვსულვართ იმ პერიოდში, როცა მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავდა და ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა კანონმდებლობაში ამ ცვლილებების შესატანად. ჩვენ ამ ინიციატივით რამდენიმეჯერ მივმართეთ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს. ეს ინიციატივა იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავრი შეთავაზება „ახალი მემარჯვენეების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც და ის ითვალსიწინებდა ქვეყანაში სწორედ ბიზნესის თავისუფლების ხარისხის გაზრდას და მისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.   

 „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა გუშინდელი განცხადებით ფაქტიურად ამხილა საკუთრი თავი:  ძალზე კარგად გამოჩნდა, რომ იგი შესანიშნავად აცნობიერებდა   ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობას. მაგრამ  მიუხედავად ამისა, არათუ არ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, არამედ მუდმივ ტერორსა და სახელმწიფო რეკეტის პირობებში ამყოფებდა ბიზნესს. სწორედ მისი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში საგადასახადო გადაცდომის, უმნიშვნელო ეკონომიკური დანაშაულის, ან უბრალოდ პროკურატურის „სურვილის“ გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მისჯის პრაქტიკის ფართოდ დანერგვამ გაკოტრებამდე მიიყვანა ბევრი მეწარმე, აზარალა ქვეყნის ეკონომიკა და უმუშევარი დატოვა ათასობით ადამიანი. ამიტომ, დღეს მისი  მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლა საკმაოდ ცინიკურია და ამ ეტაპზე, მხოლოდ პოპულიზმს ემსახურება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ  ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის აკრძალვა არ რჩება აქტუალურ თემად ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს ეკონომიკური დანაშაულისთვის  წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და აღკვეთს ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც უკვე დიდი ხანია პრაქტიკულად აღარ გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობა და მისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა უნდა იყოს ნებისმიერი მთვრობის უპირველესი საზრუნავი და  საქართველოს  პარლამენტს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისკენ მოვუწოდოთ.