მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, ჯგუფი “Nirvana”-ს ბრიტანელმა თაყვანისმცემლებმა საკუთარ რიგებში მობილიზაცია გამოაცხადეს და დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუდგნენ. კურტ კობეინის ჯგუფის გულშემატკივრებს სურთ, რომ პოპულარული კომპოზიცია “Smells Like Teen Spirit” ბრიტანულ საშობაო ჰიტ-პარადებში პირველ პოზიციაზე გაიყვანონ.
ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთში დეკემბრის ბოლოს გამოვლინდება ქართული “ჯეოსტარის” ანალოგიური გადაცემის “X Factor”-ის მორიგი გამარჯვებული. როგორც წესი, ადგილობრივი საახალწლო მუსიკალური ჩართების სათავეში ამ შოუს პირველადგილოსნები ექცევიან. ჯგუფი “Nirvana”-ს ქომაგებს ამ ტრადიციის დარღვევა სურთ.
ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, ფეისბუქში ჯგუფის 18 ათასამდე გულშემატკივარი გაერთიანდა. ახალ წლამდე მათ საკუთარი რიგების ზრდა, შემდეგ კი არჩეული კომპოზიციისათვის კოლექტიურად ხმის მიცემა აქვთ განზრახული.
საინტერესოა, რომ ანალოგიური აქცია 2009 წელსაც გაიმართა. მაშინ ჯგუფი “Rage Against the Machine”-ს თაყვანისმცემლები გაერთიანდნენ და საყვარელი მუსიკოსების ერთ-ერთ სინგლს საახალწლო გამოკითხვაში გაამარჯვებინეს. იმ შემთხვევაში პირველობის დათმობა “X Factor – 2009”-ის გამარჯვებულს მოუწია.