ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ “New Musical Express” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1996 წელს დაშლილი ჯგუფი “The Stone Roses”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და მუსიკალური კარიერის გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას იან ბრაუნმა, ჯონ სკვაირმა, მანიმ (გერი მუნფილდი) და რენიმ (ალან რენი) აღნიშნეს, რომ 2012 წლის 29 და 30 ივნისს, “The Stone Roses” ქალაქ მანჩესტერში ორ კონცერტს ჩაატარებს, შემდეგ კი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.
ჯგუფი “The Stone Roses” 1983 წელს მანჩესტერში დაარსდა. სადებიუტო ალბომი “The Stone Roses” 1989 წელს ჩაწერეს. ამ სტუდიურმა ალბომმა გამოსვლისთანავე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. სინგლი “Fools Gold” წლის საუკეთესო ბრიტანულ მუსიკალურ კომპოზიციად აღიარეს, თავად ჯგუფმა კი სამი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა – “წლის საუკეთესო ჯგუფი”, “წლის საუკეთესო ახალი ჯგუფი” და “წლის საუკეთესო ალბომი”.
რიგით მეორე სტუდიური ალბომი მუსიკოსებმა 1994 წელს ჩაწერეს. “Second Coming” მისი წინამორბედის მსგავსად წარმატებული აღმოჩნდა და ბრიტანულ მუსიკალურ ჩართებში წამყვანი პოზიციები დაიკავა.
1995 წელს ჯგუფი მედოლე რენიმ დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ მის გზას გიტარისტი ჯონ სკვაირი დაადგა. 1996 წელს იან ბრაუნმა და მანიმ ჯგუფის დაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. საბედნიეროდ ორი დღის წინ, “The Stone Roses” თავდაპირველი შემადგენლობით კვლავ შეიკრიბა და მუსიკალური კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.