ბოლო ათი წლის მოლდინი, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოები ბალკანეთის რეგიონის მაგალითს მიბაძავდნენ და უსაფრთხოების თანამეგობრობად ჩამოყალიბდებოდნენ, არ გამართლდა. მოქმედ და თანამშრომლობასა და კონფლიქტების ბალანსზე დაფუძნებულ სტაბილურ გეო-სტრატეგიულ სტრუქტურასთან დაკავშირებული იმედები უძრაობის განცდამ ჩაანაცვლა.
ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებდნენ შავი ზღვის რეგიონის პრობლემების მრავალფეროვნებას (რომელიც რაოდენობით და დახვეწილობით ბალკანეთისას აჭარბებს) იმედოვნებდნენ, რომ დემოკრატია და სტაბილურობა აღმოსავლეთისკენ მარშს განაგრძობდა. მსოფლიოს ტექტონური გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან 20 წლის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის დასავლეთ სანაპირო პროგრესის ნიშნებს ავლენს, მაშინ როდესაც აღმოსავლეთში სტაგნაცია შეიმჩნევა. რუმინეთი და ბულგარეთი ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან; მოლდავეთი, უკრაინა და საქართველო მომავლის განსხვავებულ ხედვებს შორის მერყეობენ; რუსეთი შეუდგა „სუვერენული“ ან „მმართული“ დემოკრატიის პროექტის განხორციელებას (არაპროგნოზირებადი შედეგებით); თურქეთი ნახევრად-სეკულარული მუსულმანური დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ატარებს და უშედეგოდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომლისკენაც ის დღემდე მიისწრაფვის.
ბოლო პერიოდის განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში სერიოზული მოვლენები მოხდა. პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიის ტერორიზმმა კიდევ ერთხელ ცხადყო მისი დესტრუქციული პოტენციალი. ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან, დიდწილად რუსეთიდან და უკრაინიდან, აგვისტოში 40%-მდე ავარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ხორბლის მოსავლის მოცულობა (მსოფლიო პროდუქციის 20%) წელს დაეცა, რადგან ზაფხულის გვალვამ პოლონეთსა და საფრანგეთში მოსავალი შეამცირა. მსოფლიომ აღნიშნა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის სამი წლისთავი; თურქეთი და რუმინეთი აშშ/ნატო-ს ანტისარაკეტო ბალისტიკური (ABM) სისტემის ფარგლებში რადარის ინსტალაციის გაზიარებას დათანხმდნენ; რუმინეთი კიდევ უფრო შორს წავიდა, დათანხმდა რა ასევე ABM-ის ნაწილების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას. იმავდროულად მოსკოვი და ვაშინგტონი თავიანთ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რომლის საკვანძო კომპონენტი ანსტისარაკეტო თავდაცვაა, გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ინდიკატორებია, რაც ბოლო წლებში არ შეცვლილა. თუმცა შეიცვალა ის, რომ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მხრიდან მის მიმართ ინტერესი შემცირდა. ამას სხვადასხვა ფაქტორები უწყობს ხელს.
რუსეთის აღმასვლამ პუტინის და მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში, მოსკოვის როლი შავი ზღვის რეგიონში დრამატულად შეცვალა. ენერგეტიკული ბერკეტებისა და სამხედრო წარმომადგენლობის წყალობით, რუსეთმა რეგიონი გავლენის სფეროდ მონიშნა. მისი მზარდი თვითრწმენის ნიშნად, რუსეთმა ხაზი გაუსვა თავის ბირთვულ სტრატეგიულ პარიტეტს შეერთებულ შტატებთან START-ის ახალ შეთანხმებაში, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა. რაც შეეხება შავ ზღვას, მოსკოვი ცდილობს ამ გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე ევრაზიულ დერეფანში ძალაუფლების სხვა ცენტრები არ დაუშვას.
შეერთებული შტატები გაცილებით მეტად არის ჩართული მსოფლიოს სხვა ადგილებში მიმდინარე პროცესებში და ამ ეტაპზე შავი ზღვის რეგიონი მისთვის ნაკლები პრიორიტეტია. ვაშინგტონი კმაყოფილია აშშ-ბულგარეთის და აშშ-რუმინეთის სამხედრო ბაზებით (რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა), და მზადაა შავ ზღვაზე რუსეთთან თანამშრომლობისთვის, აცნობიერებს რა მოსკოვის წამყვან როლს ენერგეტიკულ ველზე მსოფლიოს ამ ნაწილში. ბულგარეთში აშშ-ს ელჩის ბოლოდროინდელი ვიზიტი რუსეთის გიგანტის „ლუკოილის“ ქარხანაში ბარგასში, შავი ზღვის აუზში ენერგეტიკული მონოპოლისტის ფორმალურ აღიარებად შეგვიძლია აღვიქვათ. მართლაც, არსებობს განცდა, რომ ამ ორ დიდ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის შავი ზღვის რეგიონში კომფორტული კომპრომისი შედგა, რამაც შეიძლება გაურკვეველი დროით გადადოს მის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნების ნებისმიერი სოციალური ან პოლიტიკური ვესტერნიზაცია.
მართალია ევროკავშირს აქვს რამდენიმე სტრატეგია თავისი აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა ამ სტრატეგიებში ხშირად არ არის გათვალისწინებული რეგიონის ზოგიერთი იმ სახელმწიფოს განსხვავებული კულტურა და ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. შესაბამისად, უამრავი მიდგომის, ინსტრუმენტისა და შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონში მტკიცედ წარმოდგენილი არ არის. მეტიც, ევროზონის შიდა ფინანსური ძვრების გამო დღეს მთავარი ყურადღება ევროკავშირის ამ სამეზობლოსგან მოშორებითაა მიმართული.
ანალოგიური პრობლემები აქვს ნატოს, თუმცა თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის წევრობა (და საქართველოს და უფრო ნაკლებად უკრაინის ამბიციები წევრობაზე) ალიანსისთვის უფრო მეტ გავლენას უზრუნველყოფს. მაგრამ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირზე მეტად, ალიანსის გაველენის ზრდისადმი უფრო მგრძნობიარეა. ის ძალას არ იშურებს გამოიყენოს მონტროს 1936 წლის კონვენცია, რათა არ დაუშვას არასანაპირო ქვეყნების სამხედრო ხომალდების მოძრაობა თურქულ ყურეებში და იმავდროულად ამხნევებს თურქეთს დარჩეს ერთადერთ წამყვან სახელმწიფოდ მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსკოვი და ანკარა მონაწილეობენ მთელ რიგ ორმხრივ პროექტებში – ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნიან გავლენას რეგიონში.
და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებმა და ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდამ, გასული წლის განმავლობაში გეოსრატეგიული პრიორიტეტების შეცვლას შეუწყო ხელი. ყურადღება შავი ზღვის რეგიონის მიმართ აღარ ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც ერთ დროს იყო: ჩრდილოეთ აფრიკაც და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიც ევროკავშირის და ნატოს ზურგია. შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გადაწყვიტეს, რომ მათ კონცენტრაცია უნდა მოახდინონ არაბული გაზაფხულით გამოწვეულ არსებით პოლიტიკურ ცვლილებებსა და ძვრებზე.
ყველა ამ ფაქტორის გამო, კომპრომისს მთელი შავი ზღვის რეგიონის დღის წესრიგი წარმოადგენს და, ევროკავშირის და ნატოს წევრების გამოკლებით შედეგები – სოციალური და პოლიტიკური სტაგნაციაა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იმ გამორჩეულ პრობლემად რჩება, რომელზე თანამშრომობის სურვილსაც მხარეები დღემდე ამჟღავნებენ. იმავდროულად, სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარება, ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, და წინაღმდეგობის გაწევა ისეთი საფრთხისთვის, როგორიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ინტერვენცია იყო, მთელი რეგიონის პრობლემად რჩება.
foreignpress.ge