ხელისუფლებამ რთველი როგორც იქნა ჩაათავა, მაგრამ ახალი თავსატეხი უკვე კარზეა მომდგარი. წელს ციტრუსი და ვაშლი იმ რაოდენობით მოვიდა, რომ მისი ადგილზე გასაღება წარმოუდგენელია. საქართველოში მოწეული ხილის ოდენობა 10-ჯერ აჭარბებს მოთხოვნას. მეციტრუსეებისა და მევაშლეებისთვის კი არც სუბსიდია არსებობს და არც სხვა რამ ქმედითი დახმარება.
წლეულს ციტრუსის უხვი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მთლიანი მოცულობა 100-110 ათას ტონამდეა, ხოლო აჭარის რეგიონში 85 ათას ტონას აღწევს. შარშანდელთან შედარებით, მოსავალი გაორმაგებულია.
შარშანწინ დარგის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო. 2011 წელს ამ მიმართულებით თანხის გაცემა, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არ იგეგმება. ასეთ “გამონაკლის შემთხვევად” ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები ბუნებრივ კატაკლიზმებს მიიჩნევენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დონარა სურმანიძის ინფორმაციით, წელს პოლონეთში ციტრუსის საცდელ რაოდენობას გაიტანენ. ამჟამად აჭარული ციტრუსი ექსპორტზე 9ქვეყანაში გადის, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინასა და ბელორუსში.
აჭარაში ციტრუსის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან, თუმცა რამდენად იმოქმედებს ეს პროდუქციის ფასზე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ საუბრობენ. ციტრუსის ფასის შესახებ ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება ცნობილი.
შარშან ერთი კილოგრამი ციტრუსის ღირებულება 60 თეთრიდან იწყებოდა. გამომდინარე იქედან, რომ წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ უხვი მოსავალია, ფასებიც გაცილებით დაბალი უნდა იყოს.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა შიდა ქართლში. აქ წლეულს ვაშლის უხვი მოსავალი მოვიდა. ამ შემთხვევაში ქართლელები კახელებზე და აჭარლებზე მძიმე დღეში არიან. ვაშლის რეალიზაციისთვის არც ბაზარი არსებობს და არც მთავრობა იმეტებს სუბსიდიას.
უფრო მეტიც, უხარისხო შხამ-ქიმიკატების გამო, ვაშლი “დახალულია”, რის გამოც მასზე ფასი ეცემა. ასეთი პროდუქტის აგრარულ ბაზრებზე რეალიზაცია ჭირს, ხოლო გადამამუშავებელი საწარმოები შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ და ვაშლზე ფასს ხელოვნურად ამცირებენ. მაგალითად, ამჟამად საწარმოები 1 კგ ვაშლს 13 თეთრად იბარებენ. სავარაუდოდ ფასი კიდევ უფრო დაეცემა, რადგან მოსავლის აღება კიდევ მიმდინარეობს.
ქართული ვაშლის გასაღების ერთადერთი ბაზარი რუსეთი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქართული პროდუქტი აკრძალა, მეხილეებმა რუსეთის ბაზარი ნაწილობრივ დაკარგეს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის კარი დიდი ხნით დაიხურა. 2006 წლის ემბარგოს მიუხედავად, ქართული ვაშლი ოსების მეშვეობით რუსეთში მაინც გადიოდა. 2008 წლის შემდეგ საქართველოში ვაშლის წარმოება არარენტაბელური გახდა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის პაატა კოღუაშვილის განცხადებით, მეხილეობა გორის რაიონში ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ხეხილის ბაღებს 10 600 ჰექტარი უკავია.
“წლეულს მოსავალი ნამდვილად კარგი იქნება. გლეხს ამინდმა ჯერჯერობით ხელი შეუწყო, აგროტექნიკური სამუშაოებიც ასევე წარმატებით ჩატარდა. პრობლემად რჩება რეალიზაცია. საქართველოში მოწეული ხილის მოცულობა, დაახლოებით, 10-ჯერ აჭარბებს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნას. თუ სახელმწიფო გვერდით არ დაუდგა მეხილეებს, რეალიზაციის პრობლემა თავისით ვერ გადაწყდება.
იმის თქმა, რომ შენდება გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც დიდი რაოდენობით ხილს იბარებენ, აბსურდია. წვენებისა და ჯემების წარმოებას დაბალი მე-3, მე-4 ხარისხის ხილი სჭირდება. თანაც, არც ისე ბევრია ეს საწარმოები, რომ თუნდაც ამ სახის ხილის რეალიზაციის პრობლემა მოიხსნას. მაღალი ხარისხის ხილის რეალიზაცია შეუძლებელია. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, თითქმის იმ ფასში იყიდება, რამდენიც დაბალი ხარიხის პროდუქტი უნდა ღირდეს”, - ამბობს კოღუაშვილი.
1029
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85