მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები უცხოელი ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. თუმცა, ივანიშვილის განცხადებამ ვისზე და რაზე უნდა იმოქმედოს, როდესაც საქართველოში უცხოური ინვესტიციები თითქმის არც შემოდის და რაც შემოდის მასაც პოლიტიკური შეფერილობა გასდევს. აქედან გამომდინარე, არარსებულის შემცირება წარმოუდგენელია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის მეორე კვარტალში 203 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 208 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ესე იგი შარშანდელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. არადა, 2010 წლის მონაგარი ბოლო ხუთწლეულში ყველაზე მცირე იყო.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოში თუკი რამ უცხოური კაპიტალი შემოდის, ყველა პოლიტიკური ნიშნით ხასიათდება, ხოლო ოფშორებიდან შემოსული ინვესტიციების უკან როგორც წესი, ქართველი მაღალჩინოსნების აჩრდილი ილანდება. ასე რომ, საქართველოში პოლიტიკისგან შორს მდგარი “უცხოური კაპიტალი” უკვე კარგა ხანია აღარ შემოდის და აქედან გამომდინარე, მისი დაკარგვის საშიშროებაც ვერ იარსებებს.
ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები ინვესტორებს არ დააფრთხობს. “ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არ შეიცავს მოწოდებებს რევოლუციისა და არეულობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, ის საარჩევნო გზით აპირებს ამის გაკეთებას, არის ლიბერალური ბიზნესთან და დემოკრატიის საკითხებთან მიმართებაში. მსგავსი პოლიტიკური პროცესი ყველა ქვეყანაში ხდება და ეს ინვესტორებისთვის შემაფერხებელი არ არის.
რა თქმა უნდა, ინვესტორთა მხრიდან არსებობს მოლოდინის რეჟიმი, თუმცა, ვფიქრობ, ამის გამო დიდი დარტყმა არ იქნება, რადგან ამ დროისათვის საქართველოში ისედაც მცირე ინვესტიცია შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ბიზნეს კეთების სიმარტივისა და ინვესტორებისადმი მაქსიმალური მხარდაჭერის გამოხატვისა, ჩვენს ქვეყანას მაინც ნაკლები ნდობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ სექტორში შეზღუდულია კონკურენცია და ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი”, - აცხადებს ლექვინაძე.
ექსპერტი საფრთხეს არც იმაში ხედავს, თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს, რადგან, ექსპერტის თქმით, მილიარდერს სერიოზული ბიზნეს-კონტაქტები აქვს ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში, და ის ამ აქტივის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება.
გარდა ამისა, საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვილი ბიზნესმენები აქტიურად ერთვებიან პოლიტიკაში და ეს ჩვეულებრივი პროცესია. ასეთი მაგალითები უამრავია. დონალდ ტრამპი და ჯორჯ სოროსი ბოლო პერიოდში უფრო პოლიტიკოსები არიან, ვიდრე ფინანსისტები. პირველი მათგანი სულაც ამერიკის პრეზიდენტობას აპირებდა და ჯერ ბოლომდე არც გადაუფიქრებია დიდ პოლიტიკაში საკუთარი ამბიციების წარმოჩენა.
ტრამპი პოლიტიკურ და მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს საკმაოდ ხშირად აკეთებს. იგი დაუფარავად ილაშქრებს ობამას ადმინისტრაციის მიმართ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ მან მან პირდაპირი ტელეეთერით განაცხადა, რომ ობამამ დაანგრია ამერიკის ეკონომიკა. ტრამპის აზრით, ამერიკა უკიდურეს მდგომარეობაშია და თუკი თეთრი სახლის სტრატეგია გაგრძელდება, ქვეყანა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. “ჩვენ უნდა შევცვალოთ არასწორი გზა სწორით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისიდან ვერასოდეს გამოვალთ”, - აღნიშნავდა ტრამპი.
ივანიშვილის განცხადებებში ინვესტორების განწყობების გაუარესების საფრთხეს ვერ ხედავს “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც. როგორც რადიო “კომერსანტს” შეშელიძემ განუცხადა, დასავლეთში ბიზნესმენები ხშირად აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკაშიც მიდიან. “ყველას, ვისაც დიდი ქონება აქვს, აქვს იმის ილუზიაც, რომ ყველაფერზე შეუძლია გავლენის მოხდენა, თუმცა ბოლოს ეს იმედი, როგორც წესი, ყველას უცრუვდება”, - დასძენს ექსპერტი.
გარდა ამისა, უზარმაზარი კაპიტალისა და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ივანიშვილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. მას ენდობიან როგორც საიმედო ბიზენს-პარტნიორს, წარმატებულ ბიზნესმენს. ამიტომ ახლადმოვლენილი პოლიტიკოს-ბიზნესმენის აქტიურობას ინვესტორებისათვის საგანგაშო სიგნალის ეფექტი არ ექნება.
906
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85