განთქმულ ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში 1,6 მილიარდით 450-ე ადგილზე მყოფი 63 წლის დონალდ ტრამპი გაცილებით ცნობილი და პოპულარული პიროვნება გახლავთ, ვიდრე მასზე ბევრად მდიდარი ადამიანები. ეს იმიტომ, რომ ტრამპი ერთობ საინტერესო, ექსტრავაგანტული ადამიანი გახლავთ, რომელსაც ბიზნესის წარმოების ასეთივე მანერა გამოარჩევს.
მამა და მამაო
მომავალი მილიარდერი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს ფრედ და მერი ტრამპების ოჯახში. მამილო ფრედი ერთობ საინტერესო პიროვნება გახლდათ: ღარიბი შვედი ემიგრანტების შვილმა, რომელსაც ალკოჰოლიკი მამა 11 წლის ასაკში გარდაეცვალა, ნიუ-იორკში იაფასიანი სახლების მშენებლობით 20 მილიონი დოლარი მოაქუჩა. პატარა დონალდს მამის საქმე თავიდანვე მოეწონა და 8 წლის იყო, როცა ძმას სათამაშო სამშენებლო ბლოკები მოპარა და თავისი სიმაღლის ცათამბრჯენი ააგო.
ძალზე მკაცრი და მშენებლობაზე ყველაფრის მცოდნე მამის გარდა პატარა დონალდზე დიდი გავლენა ოჯახის მღვდელმა მოახდინა. მამაო ნორმან პილი არა მარტო ბიბლიის, არამედ „პოზიტიური აზროვნების“ განთქმული მოქადაგე იყო. მისგან მოსმენილმა აზრმა, რომ მიზნის მიღწევისათვის საკმარისია მასზე, როგორც უკვე მიღწეულზე, ისე იფიქრო, პატარა დონალდი გააოგნა და ბავშვი მზად იყო მღვდლისათვის საათობით ესმინა.
მოძღვრისადმი შვილის ამგვარმა სიყვარულმა მამილო ფრედი დააფრთხო და მან დონალდი ნიუ იორკის სამხედრო აკადემიაში გაგზავნა. იქ ტრამპ უმცროსში ლიდერის თვისებები გამოიწრთო, იგი კურსის მამასახლისად და ბეისბოლის ნაკრების კაპიტნად იქცა. დონალდმა სწავლა ნიუ იორკის ფორდემის უნივერსიტეტში გააგრძელა, შემდეგ კი საუკეთესო ნიშნებით პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი მიიღო.
ტრამპის სახელობის სახლები
უნივერსიტეტის შემდეგ ტრამპი ერთ ხანს რომელიმე ნავთობკომპანიაში მუშაობის დაწყებას ცდილობდა, მაგრამ ხანგრძლივი კარიერის მოწყობის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა. ამიტომაც გადაწყვიტა ნიუ იორკში დაბრუნებულიყო და მამასთან ერთად სამშენებლო ბიზნესში ჩაბმულიყო. „კარიერის გაკეთების უამრავი საშუალება არსებობს, რომელთაგან ყველაზე საიმედო საჭირო ოჯახში დაბადებაა“, - ასე ახსნა მან თავისი გადაწყვეტილება.
დონალდის „სადიპლომო ნამუშევარი“ მამისათვის ოჰაიოს ქალაქ ცინცინატში 1200 ბინისაგან შემდგარი გაბანკროტებული კვარტლის 6 მილიონ დოლარად შეძენა გახლდათ. პროექტის მთავრი ღირსება სახელმწიფოსაგან სუბსიდირების პერსპექტივა იყო და ერთი წლის შემდეგ ეს კვარტალი ტრამპებმა 100 პროცენტიანი მოგებით გაყიდეს.
ამის შემდეგ მამისაგან პირველადი კაპიტალი მიიღო და 1974 წელს დონალდმა უკვე თავისი პირველი საქმე წამოიწყო: მან გაბანკროტებული სარკინიგზო კომპანიისაგან მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სასტუმრო Commodore შეიძინა და შემდეგ სახელმწიფოსაგან გადასახადების გადახდის 40 წლით გადავადებას, ბანკებისაგან 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფას და Hyatt Corporation-ისაგან მარკის მიღებას მიაღწია. მალე Commodore-ს ნაცვლად მან ახალი სასტუმრო Grande Hyatte წამოჭიმა.
ტრამპს თავიდანვე ძალიან უმართლებდა. 1976 წელს სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციამდე კარგა ხნით ადრე მან ატლანტიკ სითიში მიწის ნაკვეთების შეძენა დაიწყო. ჩალის ფასად ნაყიდი ეს მიწა 1982 წლისათვის უკვე 20 მილიონი ღირდა.
მაგრამ ჭეშმარიტად დიდ ბიზნესმენად დონალდი ნიუ იორკში Trump Tower-ის აშენებამ აქცია. 1979 წელს მან 45 მილიონ დოლარად მრავალწლიანი იჯარით აიღო მანჰეტენზე მდებარე უნივერმაღი. მის ნაცვლად იგი დიდი შენობის აგებას აპირებდა, რომელშიც მხოლოდ პირველი კლასის მაღაზიები, ოფისები და ბინები
განთავსდებოდა. ტრამპმა დიდძალი კრედიტი აიღო და სამი წლის შემდეგ, იმ დროისათვის ნიუ იორკის ყველაზე მაღალი და ძვირფასი შენობის, 68 სართულიანი მშვენიერი Trump Tower-ის დიდებული გახსნა გაიმართა. მნახველები გააოგნა უზარმაზარი თაღის, 25 მეტრიანი ჩანჩქერის და ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ჰოლის ხილვამ. Trump Tower ნამდვილ კლონდაიკად იქცა და მან დონალდს დიდძალი მოგება მოუტანა.
80-იანი წლები ტრამპისათვის ოქროს ხანად იქცა, მის ყველა პროექტს ასეულობით მილიონის მოგება მოჰქონდა. მართალია, იგი არასოდეს თავმდაბლობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ განდიდების მანიამ შეიპყრო. კითხვაზე: „როგორ მიდის საქმე“, იგი ყინჩად პასუხობდა: „დონალდად ყოფნა კარგია“.
სახელის ფასი
ტრამპის ბიზნესი სულ უფრო ვრცელი და მრავალფეროვანი ხდებოდა. დონალდმა შეიძინა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „ნიუ ჯერსი ჯენერალზი“, დააარსა ავიაკომპანია „ტრამპ შატლი“, ხოლო გაკოტრებული არაბი ბიზნესმენისაგან 86 მეტრი სიგრძის საოკეანო იახტა იყიდა, რომელსაც Trump Princess დაარქვა. აღსანიშნავია, რომ ბევრი შენაძენი წამგებიანი აღმოჩნდა: „ნიუ ჯერსი ჯენერალზი“ მალე აშშ-ს საფეხბურთო ლიგასთან ერთად, რომელმაც უფრო ძლიერ ეროვნულ ლიგასთან კონკურენციას ვერ გაუძლო, გაქრა, ხოლო ავიაკომპანია გაკოტრდა და 200 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა.
1987 წელს ტრამპმა ატლანტიკ სითიში სამი კაზინო შეიძინა, რომელთაგან გიგანტური „ტაჯ მაჰალი“ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, რადგან მისი ყოფილი მფლობელი გაკორტდა და მის დასრულებას მილიარდი დოლარი სჭირდებოდა. ტრამპმა გადაწყვიტა რისკიანი ნაბიჯი გადაედგა და ამ ფულის საშოვნელად თავისი სახელობის ობლიგაციები გამოუშვა. ამას ბანკირთა გაღიზიანება მოჰყვა, რომლებიც თავიანთ ბალანსზე 10 მილიარდამდე წაგების აღმოჩენას გამუდმებით ელოდნენ. მაგრამ დონალდმა ისინი დაარწმუნა სასამართლოსათვის არ მიემართათ და საბოლოოდ მძიმე სიტუაციიდან მაინც გამოვიდა, თანაც ისე, რომ თავისი ნიუ იორკული შენობების უმრავლესობა, იახტა და სამივე კაზინო შეინარჩუნა. თუმცა კი ძალიან გაუჭირდა. ამბობენ, ერთხელ თავის მაშინდელ საყვარელ მარლა მეოპლსთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში მოსეირნე ყელამდე ვალებში ჩაფლულმა ტრამპმა, რომელსაც მთელი ქონება დაგირავებული ჰქონდა, უსახლ-კარო მათხოვარი დაინახა და ქალს უთხრა: „იგი ჩემზე 900 მილიონით მეტი ღირს“.
1993 წელს ტრამპი ისევ წელში გაიმართა და კვლავ ინვესტირებას მიჰყო ხელი. თუმცა, კარგი გაკვეთილი კი მიიღო და მუდამ თვითდარწმუნებულმა ყოყოჩმა ბიზნესმენმა ფინანსური მრჩევლები დაიქირავა. იქედან მოყოლებული მისი ახალი აღმასვლა დაიწყო. ამჟამად, იგი მხოლოდ მსხვილ ინვესტორებთან მუშაობს, რომელებზეც მისი სახელი მაგიურად მოქმედებს. მართლაც, როგორც აღვნიშნეთ, ტრამპის ქონება ხომ 2,6 მილიარდ დოლარს, აქედან 500 მილიონი ნაღდი ფულით, შეადგენს რაც ამერიკის ისტორიაში პირადი ფინანსური სიტუაციის აღდგენის საუკეთესო, უმსხვილესი მაგალითია.
დონალდმა საკუთარი სახელის ფასი კარგად იცის და იმიჯის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითად, 2000 წელს რეფორმების პარტიისაგან აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე თავისი კანდიდატურის დაყენებაზე სერიოზულად საუბრობდა. პასუხად „ნიუ იორკმა პოსტმა“ მისი კარიკატურა დაბეჭდა მინაწერით: „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, ქვეყანას ყოველწლიურად ახალ პირველ ლედის
ვპირდები, რომელიც აუცილებლად მის ამერიკა იქნება“. ასეა, ტრამპის მექალთანეობის ამბავი ყველამ იცის. გარდა ამისა, მან გამოუშვა სუნამო Donald Trump, თავისი სახელობის საათები, და ტანსაცმლის კოლექცია Trump Signature დამწყები ბიზნესმენებისათვის. გამოსცა რამდენიმე წიგნი, მეგობრობს ერთობ ოდიოზურ ფიგურებთან, მაგალითად, კრივის განთქმულ პრომოუტერ დონ კინგთან, პრეზიდენტ ბუშს კი ერაყში ომის გამო მწვავედ დაუპირისპირდა და ძარღვიანი გამონათქვამები არ დაიშურა.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდი უკვე 63 წლისაა, კვლავ საშინელ მექალთანედ რჩება, რაშიც ხელს „მის ამერიკას“ და „მის სამყაროს“ კონკურსების მეპატრონეობა უწყობს. მერე რა, რომ გლობალურმა კრიზისმა გვარიანად დააზარალა, დონალდს ფული მაინც საკმარისად აქვს.
ტრამპის პირველი ცოლი ცნობილი ჩეხი მოთხილამურე ივანკა ზელნიჩეკი იყო, რომელთან ერთად 12 წელი იცხოვრა და რომელსაც 1990 წელს გაშორდა. აღსანიშნავია, რომ განქორწინების პროცესისას ივანკამ ქმარს 17 მილიონი დოლარი, უზარმაზარი სახლი და სამი ბავშვის სარჩენად ყოველთვიური ალიმენტის სახით 650 ათასი დოლარი ასცინცლა.
მეორედ ტრამპი 1994 წელს ზემოთნხსენებულ მანეკენ მარლა მეიპლსზე დაქორწინდა. მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლმა დონალდმა ამჯერად ოთხწლიანი საქორწინო კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ განქორწინება მოითხოვა და იმ კონტრაქტის წყალობით მარლას მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარი მისცა.
მესამედ კი დონალდმა უღელი ხუთი დაიდგა. ამჯერად, მისის ტრამპი მელანია კნაუსი გახდა, რომელთანაც საქორწინო კონტრაქტის დეტალები საიდუმლოა. საინტერესოა, ეს ტრამპის უკანასკნელი ქორწინება იქნება, თუ ჯერ კიდევ არ დაშოშმინდა.