2011 წლის 9 ოქტომბერს პოლონეთში შედგა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ხმათა 39.9%-ით გამარჯვება მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმამ“ მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციურმა „კანონი და სამართლიანობამ“ იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით ხმათა 29.98% მიღო, სულ რამოდენიმე თვის წინ შექმნილმა პარტიამ, „პოლიკოტის მოძრაობამ“ - 10%, ვიცე-პრემიერის, ვოლდემარ პავლიაკის პოლონეთის სახალხო პარტიამ - 8.36%, ხოლო მემარცხენე დემოკრატების კავშირმა - 8.24%. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.
სახალხო პარტიამ და სამოქალაქო პლატფორმამ უკვე განაცხადეს კოალიციის შექმნის შესახებ. ამრიგად, ტუსკი კვლავაც დარჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხი წლის განმავლობაში.
აქტივობის მაჩვენებელი პოლონეთისთვის ტრადიციულად დაბალი, 48.63% დაფიქსირდა.
საინტერესოა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, „კანონი და სამართლიანობა“, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ლიდერობს, არჩევნებამდე ორდღიანი არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვიდა იმისთვის, რომ შედარებით მაღალი აქტივობა დაფიქსირებულიყო. ექსპერტთა წრეებში ეს შეფასდა, როგორც თეორიული შანსი ამ პარტიის გამარჯვებისა მმართველ სამოქალაქო პლატფორმაზე. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსურმა საკითხებმაც: ნაცვლად 90 მილიონი ზლოტისა (złotych), ორდღიან არჩევნებზე დაახლოებით 130-140 მილიონი დაიხარჯებოდა.
9 ოქტომბერს პოლონელი ამომრჩეველი ნაციონალური ასამბლეის (Zgromadzenie Narodowe) ზედა და ქვედა პალატის, სეიმის 450 და სენატის 100 მანდატის ბედს წყვეტდა.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნები სენატსა და სეიმში ერთსა და იმავე დღეს, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სეიმში 460 დეპუტატი ღია პარტიული სიებით, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპით ირჩევა 41 რეგიონიდან (7-19 წევრი თითოეულიდან). სენატორების არჩევისას ქვეყანა 40 საარჩევნო რეგიონად იყოფა და თითოეულიდან სენატში 2-4 წარმომადგენელი ხვდება ხმათა უმრავლესობის პრინციპით. სენატში მოხვედრის თითოეულმა მსურველმა 3000 ხმა მაინც უნდა დააგროვოს თავისი რეგიონიდან, სეიმისთვის ეს რიცხვი 5000-ს შეადგენს.
ნაციონალურ ასამბლეაში მოსახვედრად პარტიებისათვის 5%-იანი ბარიერია დაწესებული, ხოლო კოალიციებისთვის - 8%-იანი. ბარიერი გამოითვლება საერთო ნაციონალური ხმების რაოდენობისდან და არა საარჩევნო რეგიონებიდან. კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს, თავისუფალნი არიან ბარიერის მოთხოვნებისგან.
პოლონეთის კონსტიტუციის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დეპუტატობის კანდიდატები უნდა იყვნენ 21 წლის მაინც, სენატისთვის ეს ასაკი 30 წელია. პარტიებსა და დაჯგუფებებს, რომლებიც შედგებიან 15 წევრისგან მაინც, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. კანდიდატებს არ აქვს უფლება ერთდროულად იყარონ კენჭი როგორც სეიმის, ისე - სენატის არჩევნებში.
პოლონეთის საარჩევნო ისტორია საუკუნეებს ითვლის. პირველი მოწვევის სეიმი პოლონეთში ჯერ კიდევ 1182 წელს შეიქმნა. 1493 წლის შემდეგ პოლონეთის მეფეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ნიშნავდნენ ნაციონალური და რეგიონალური სეიმის არჩევნებს.
პირველი თანამედროვე და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა 1919 წელს - ორი თვის შემდეგ, რაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტების მმართველობის პირობებში თავისუფალი არჩევნები აღარ 1989 წლამდე ჩატარებულა.
2011 წლის არჩევნებიც ერთგვარად ისტორიულია, ვინაიდან პირველად კომუნიტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი თავის პოსტს შეინარჩუნებს.
არჩევნებამდე სეიმში ოთხი პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი - სამოქალაქო პლატფორმა (209 ადგილი), კანონი და სამართალი (166), მემარცხენეები და დემოკრატები (53), სახალხო პარტია (31), გერმანური უმცირესობა (1 წარმომადგენელი).
სენატში მხოლოდ ორი პარტია - სამოქალაქო პლატფორმა და ოპოზიციური კანონი და სამართლიანობა შედიოდნენ, შესაბამისად - 60 და 39 ადგილით. ერთი სენატორი რეგისტრირებული იყო როგორც დამოუკიდებელი.
წინასაარჩევნო კამპანიას ფონად გასდევდა კონკურენცია სამოქალაქო პლატფორმასა და კაჩინსკის „კანონსა და სამართალს“ შორის. ტუსკის პარტია ცდილობდა ხაზი გაესვა პოლონეთის ეკონომიკის განვითარებაზე მათი მმართველობის პერიოდში: „პოლონეთი არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც არ განიცადა რეცესია გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს 2008 წელს“. მართლაც, 2009 წელს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. დონალდ ტუსკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ტრუქტურებში ხელფასები გაიზარდა, უმუშევრობის დონე დაეცა, რამაც ფისკალური შემოსავლების ზრდა გამოიწვია
არჩევნებისთვის „სამოქალაქო პლატფორმა“ დაპირდა ამომრჩევლებს მოქნილ მთავრობას, სოლიდარობას სამოქალაქო საზოგადოებაში, კონკურენტუნარიან სამეცნიერო კვლევებსა და ინტელიგენციის მხარდაჭერას.
რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, იაროსლავ კაჩინსკი ამომრჩეველს პირდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მოდერნიზებას პოლონური კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. მან დაადანაშაულა დონალდ ტუსკი, რომ მას სურს გადააქციოს პოლონეთი „რუსულ-გერმანულ კონდომინიუმად“. იაროსლავ კაჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს გაუზარდოს გადასახადები ბანკებსა და ჰიპერმარკეტებს.
რაც შეეხება ტუსკის პარტიის მომავალ მოკავშირეს სამთავრობო კოალიციაში - სახალხო პარტიას, 2010 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მის მიერ მიღწეულმა შედეგებმა საკმაოდ გააკვირვა როგორც ანალიტიკოსები, ისე - თვითონ პარტიის ლიდერი, ვალდეარ პოუაკი. მან ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ ეს შედეგი ნიშნავს იმას, რომ პარტია მთავარი პარტნიორია მთავრობისთვის. სოციოლოგის, ფილს იაროსლავის მოსაზრებით, ამ პარტიის შედეგზე დიდი გავლენა სწორედ ადგილობრივი წარმომადგენლების ერთგულებამ და მხარდაჭერამ მოახდინა.
თუმცა, არჩევნებზე მთავარი სიურპრიზი ახალი პარტიის, პალიკოტის მოძრაობის (Ruch Palikota) წარმატება გახდა. პარტია წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აქტიურად გამოდიოდა კათოლიკური ეკლესიის დოგმების წინააღმდეგ. პალიკოტის მოძრაობა ერთგვარი ანტიპოდია კათოლიკური კონსერვატივიზმისა. პარტიის დამფუძნებელი, მულტიმილიონერი იანუშ პალიკოტი გამოდიოდა აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის, ერთსქესიანი წყვილების მხარდაჭერის და მარიხუანას ლეგალიზაციის ინიციატიცით, რითაც ახალგაზრდა მომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახურა. ანტიკლერიკალების აზრით, ეკლესია უნდა იხდიდეს გადასახადებს, ხოლო რელიგიურმა სწავლებამ განათლების სისტემა უნდა დატოვოს. მოძრაობა, როგორც პარტია, მხოლოდ 1 ივლისს დარეგისტრირდა და ახალი მოწვევის სეიმში იქნება წარმოდგენილი.
„პალიკოტის” მხარდამჭერთა შორის ძირითადად 18-25 წლის ახალგაზრდები დომინირებენ, მხარდამჭეღტა თითქმის 2/3 მამაკაცია. მათი უმრავლესბა 4 წლის წინ პრემიერ ტუსკის პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. სწორედ ამ პარტიას წარმოადგენდა პარლამენტში იანუშ პალიკოტი.
ანტიკლერიკალების ასეთ წარმატებას, ერთი შეხედვით, მშვიდად შეხვდა პოლონეთის საეპისკოპოსო. გდანსკის არქიეპისკოპოსის განცხადებით ”მიწა ფეხქვეშ ჯერ არ ზანზარებს, თუმცა საქმე ძალიან რთულადაა”. მანვე უკმაყოფილება გამოთქვა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო.
პარტიის კანდიდატებს შორის არის ანა გროდსკა (Anna Grodzka), ტრანსსექსუალი ქალი, რომელიც პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც საჯაროდ განიხილებოდა მისი ბრძოლა პოლონური კანონმდებლობის წინააღმდეგ სქესის შეცვლის ოპერაციის გამო. ასევე, პარტიის რიგებშია პოლონეთში ძალიან ცნობილი გეი-აქტივისტი რობერტ ბიედრონი (Robert Biedron). ერთ-ერთ ტელედებატებში სწორედ ბიედრონმა განმარტა, რომ პალიკოტის პარტიის მიზანი მხოლოდ კონსერვატორების შოკირება არ არის. მისი თქმით, მისი მსგავსი კანდიდატები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც უნდატ, რომ იბრძოლონ იმ თანამოქალაქეების უფლებებისთვის, ვინც ადექვატურად არ აღიქმებიან.
ასეა თუ ისე, პოლიტკოს მოძრაობამ საკმაოდ სენსაციურ წარმატებას მიაღწია, ხოლო არჩევნების შედეგები მთლიანობაში ასე გამოიყურება:
სამოქალაქო პლატფორმა - 39.2% (206 მანდატი)
კანონი და სამართლიანობა - 29.9% (158)
პალიკოტის მოძრაობა - 10% (40)
პოლონეთის სახალხო პარტია - 8.4% (28)
მემარცხენე დემოკრატიული ალიანსი - 8.2% (27)
გერმანული უმცირესობის საარჩევნო კომიტეტი - 0.2% (1)
სხვები - 4.1% (0)
მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ წინასწარი შედეგები გამოცხადდა, დონალდ ტუსკმა განაცხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა ჩვენ, და მათ, ვინც მხარი სხვას დაუჭირა, ვინაიდან ჩვენ ერთად უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა პოლონეთზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავებთ უფრო გულმოდგინედ და სწრაფად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების უკეთესი ხარისხი შევთავაზოთ“.
თავის მხრივ, იაროსლავ კაჩინსკიმ მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, აღიარა თავისი მარცხი. „ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ჩვენი ამოცანა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იქნება ის, რომ მილიონობით პოლონელი ცვლილებების აუცილებლობაში დავარწმუნოთ“.
ანა პაჩზესნიაკმა, პოლიტმეცნიერმა პოლონეთის აერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან, არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა: „სოციალ დემოკრატების დამარცხება „კატასტროფულია“, მიზეზი კი ის არის, რომ ბევრმა მემარცხენე ამომრჩეველმა ამ პარტიის ნაცვლად პალიკოტს დაუჭირა მხარი“.
მისი შეფასებით „კანონისა და სამართლიანობის“ მარცხი ნაკლებ დრამატულია, რადგან ხმათა მხოლოდ 1%-ით ნაკლები მიიღო წინა არჩევნებთან შედარებით. პაჩზესნიაკმა განაცხადა, რომ ევროპის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა პარტიამ მიაღწია მის მთავარ მიზანს და აჩვენა პოლონურ საზოგადოებას, რომ „მოსახლეობის მესამედს პოლონეთისთვის „სხვანაირი“ მომავალი სურს“.
მას შემდეგ, რაც არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოცხადდება, პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი დონალდ ტუსკს მთავრობის ფორმირებას დაავალებს.
ანა პაჩზესნიაკის მოსაზრებით, სავარაუდოდ ტუსკი პოსტზე დატოვებს წინა მთავრობის მინისტრთა უმრავლესობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს პოლონეთის თავმჯდომარეობას ევროკავშირში.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად შედეგისა, ახალი მთავრობის ფორმირება მხოლოდ დეკემბერში დაიწყება - მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.
პაჩზესნიაკის აზრით, არჩევნების შედეგები საკმაოდ მომგებიანია პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის: „როგორც ჩანს, ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად“.
არჩევნების შედეგები ტუსკის - გდანსკელი 54 წლის პრაგმატული ლიბერალ-კონსერვატორისთვის - პერსონალური ტრიუმფია. ტუსკი პოლონეთის სტრატეგიულ მიზნად მიიჩნევს ევროზონასთან გაერთიანებას მიუხედავად იქ არსებული კრიზისისა. მას მშვენიერი პირადი ურთიერთობა აქვს გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და ინარჩუნებს თანამშრომლობას რუსეთთან.
როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში კვლავ სტატუს-ქვო შენარჩუნდება. ექსპერტები პროგნოზირებდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის სერიოზულ გაუარესებას იმ შემთხვევაში, თუ კაჩინსკი გაიმარჯვებდა. ტუსკი იძლევა დაპირებას, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.