იშვიათ ცხოველებზე ნადირობა თვით მონადირეებისთვისაც მიუღებელია

იშვიათ ცხოველებზე ნადირობა თვით მონადირეებისთვისაც მიუღებელია

„წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებთან დაკავშირებით კანონპროექტის დეტალები თურმე თავად პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტშიც აზრთა სხვადასხვაობას ბადებს. უფრო გულწრფელად თუ ვიტყვით, ხსენებული კომიტეტის წევრებს ეს კანონპროექტი არ მოსწონთ, გრძნობენ მის აბსურდულობას, მაგრამ საჯაროდ ამაზე მსჯელობისგან თავს იკავებენ. 

თუ ეს კანონპროექტი გავა, მაშინ დადასტურდება,  რაღა საჭირო ყოფილა საქართველოში წითელი წიგნის არსებობა, მივიდნენ და პირდაპირ ხოცონ იშვიათი ეგზემპლარები.

Presage.tv-ს ინფორმაციით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმ ადამიანებს, ვისთვისაც სახელმწიფო „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზე ნადირობას ამარტივებს, თურმე თავად არ მოსწონთ იშვიათ ჯიშის ცხოველებზე ნადირობა. ქართველი კეთილსინდისიერი მონადირეები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. მართალია, ენერგეტიკის მინისტრი იშვიათ ცხოველებზე ნადირობას ტურიზმის განვითარების ახსნას უძებნის, მაგრამ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ იშვიათ ცხოველებზე ნადირობის შემთხვევაში, საქართველო გაცილებით მეტ ეკოტურისტს დაკარგავს, რომლებიც სწორედაც რომ ამ იშვიათი ცხოველების დასათვალიერებლად ჩამოდის საქართველოში.

ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, იშვიათ ცხოველებზე ნადირობის დასაშვებობა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. თუმცა, თუ ამ ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა ნებადართული გახდება, ეს თავად მონადირეებსაც არ მოეწონებათ.

„თვითონ მონადირეებშიც არ უნდა იყოს მთლად დადებითი აზრი ამასთან დაკავშირებით. ალბათ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა მოეწყოს, მონადირეებიც ჩაერთონ ამ საქმეში. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მონადირე, რომელიც კანონსა  და სამონადირეო ვადებს იცავს, ბუნების დიდი მოყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხოცავენ ფრინველებსა და ცხოველებს, რაც უნდა უცნაური იყოს, მათ იციან, არასდროს ინადირონ იმ დროს, როცა ცხოველებს ნაშიერები ჰყავთ გასაზრდელი, თევზაობის შემთხვევაშიც იცავენ წესებს და ზაფხულობით არ თევზაობენ“, - აცხადებს დავით თაქთაქიშვილი.

მისი ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე სამონადირეო მეურნეობა უკვე ისედაც ფუნქციონირებს, სადაც ადამიანი ფულს იხდის და ნადირობს. ამდენად, „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველების ხოცვის მიზანშეწონილობა სერიოზულ განსჯას მოითხოვს.

„სამონადირეო მეურნეობაში ცხოველები იხოცებიან და ეს, შესაძლოა, არ არის მისაღები, მაგრამ სამონადირეო მეურნეობა იმითაა კარგი და სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ველურ ბუნებაზე პრესი შემცირდეს. ანუ, ადამიანი წავიდეს სანადიროდ არა სადმე სხვაგან და იქ ჩუმად მოკლას, არამედ იმავე სახეობის ცხოველზე დაცულ ტერიტორიაზე ინადიროს. ამით ცხოველი ველურ პირობებში გადარჩება. ეს ყველა წამყვან ევროპულ, ამერიკულ ქვეყანაში არსებობს, რაც ძალიან დიდ პრობლემას უხსნის ბუნებას“.

კახეთსა და დასავლეთ სქართველოში შექმნილ სამონადირეო მეურნეობებში გარეულ ღორებს - ტახებს, ხოხობს, სარეწაო-სამონადირეო მნიშვნელობის ფრინველებს ამრავლებენ. იმის გამო, რომ ირემი ჩვენში ძალიან ცოტაა, თუ ვინმე შემოიყვანს და სამონადირეო მეურნეობაში ეყოლება, ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იქნება.

დავით თაქთაქიშვილის თქმით, თავის დროზე საქართველოში სამონადირეო საქმე აწყობილი იყო, მაგრამ 90-იან წლებში, იშვიათი ცხოველებიც  ნადგურდებოდა, რამაც დაღი ისედაც დაასვა ამ ცხოველებს.

„ადრე ვის სცხელოდა, რომელი ცხოველი სად იღუპებოდა და რამდენი რჩებოდა, ხალხი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა, ამიტომ განსაკუთრებით იმ დროს უამრავი ცხოველი დაიღუპა. ელემენტარულად, ბევრი თუნდაც იმიტომ ნადირობდა, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოეკვება. აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაცია იყო, აღმაშფოთებელი რაღაცები ხდებოდა, ვინ გააკონტროლებდა, სადღაც ტყეში გლეხი წავიდოდა სანადიროდ თუ ვიღაც ბრაკონიერი, რომელიც ამ ხორცს ან ჰყიდდა, ან სათავისოდ იყენებდა. ზოლებიანი აფთარი ადრე კავკასიაშიც ბინადრობდა. მათ შორის, - საქართველოშიც. თუმცა, ძალიან დიდი ხანია, უკვე წლებია გასული, რაც ეს ცხოველი აღარ უნახავთ. მისი კვალი კი ჩანს, მაგრამ უშუალოდ ვიზუალურად არ უნახავთ. ამიტომ აფთრებთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი: შემორჩა კი საქართველოში ეს ცხოველი?“.

ჯიქი ანუ ლეოპარდი რამდენიმე წლის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ვაშლოვანის ნაკრძალში  ე.წ. ფოტოხაფანგის მეშვეობით დაფიქსირდა. ამბობენ, რომ იგი საქართველოში მეზობელი ტერიტორიიდან შემოვიდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელიწადი გავიდა და მის კვალსაც ვერ მიაგნეს“, - აცხადებს დავით თაქთაქიშვილი და მიიჩნევს, რომ „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებს ხიფათი არ უნდა დაემუქროთ.

„წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველებიდან თბილისის ზოოპარკში მოიპოვება კავკასიური ჯიხვი, მურა დათვი, რომელიც მთლად გადაშენების პირას არაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში,  წითელ ნუსხაში მაინც შეიტანეს. თუ ნადირობა გამარტივდება, ცხადია, მურა დათვიც და კავკასიური ჯიხვიც მხოლოდ ზოოპარკის ეგზემპლარებად შემორჩებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი presage.tv-სთან კომენტარში აცხადებს, რომ სტიქიურად განვითარებული სანადირო ტურიზმი ეკოტურიზმსაც დარტყმას მიაყენებს.

„სახელმწიფო მუზეუმი იმისთვის არ შექმნილა, რომ მხოლოდ ტურისტებმა დაათვალიერონ, არამედ სახელმწიფო მუზეუმი არის საცავი, სადაც ეროვნული საუნჯეა დაცული. ასევეა ოქროს ფონდში შენახული ექსპონატები, ფიროსმანის ტილოები. ზუსტად ასე უნდა განვიხილოთ ეროვნული პარკები და იქ თავმოყრილი იშვიათი სახეობები. ისინი მხოლოდ ტურიზმის ხელშეწყობისთვის არ შექმნილა. აქ უნდა დაიცვან ქვეყნის ეროვნული საუნჯე, რომელიც განსაზღვრავს ერის თვითმყოფადობას. კანონპროექტი, რომელიც გადაშენების წინაშე მყოფი სახეობების მოპოვებაზე უფლების გაცემას გვთავაზობს, (მათ შორის, დაცულ ტერიტორიაზეც),  გარემოსდაცვით ბევრ საფრთხეს შეიცავს. შემოთავაზებული სქემით არ არის არც პროცედურები განსაზღვრული, არც მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმები განხილულა. შესაბამისად, ეს შეიძლება გარემოს სერიოზული დეგრადაციის მიზეზი  გახდეს“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული პარკები არ არის ისეთი ზომის, რომ ერთდროულად ჩვეულებრივი ეკოტურისტებიც მიიღოს და მონადირეებიც. ამდენად, ახალი კანონი ადგილობრივი მოსახლეობის (რომლებიც ჩაბმულნი არიან ეკოტურისტულ საქმიანობაში) სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

„ერთსა და იმავე ტერიტორიაზე გაცილებით მეტი ჩვეულებრივი ეკოტურისტი ჩავა, ვიდრე ერთი მონადირე ტურისტი. შესაბამისად, ერთი მონადირე ტურისტი თუ  ფულს მხოლოდ ერთ ტუროპერატორს გადაუხდის, 100 ეკოტურისტი ფულს რამდენიმე ტუროპერატორს გადაუხდის, დაასაქმებს რამდენიმე ადამიანს, ფულს გადაუხდის რამდენიმე კერძო სასტუმროს. ამიტომ იშვიათ ეგზემპლარებზე ნადირობის დაწესება კონკრეტულ ადგილებზე  შემოსავლებისა და სამუშაო ადგილების შემცირებას ნიშნავს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ამბობს, რომ ირემზე ნადირობა ევროპაში შეიძლება და ჩვენთან რატომ არ უნდა შეიძლებოდესო? მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ევროპაში ირემი ბევრია და ამ სიჭარბის გამო ქმნის პრობლემას ტყეების გადაძოვის, ტყეების დეგრადაციის თვალსაზრისით. ასევე, პრობლემებს ქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. ჩვენთან კი ირემი „წითელ წიგნშია“ შეტანილი არა იმიტომ, რომ ვიღაცას მისი რქები ან მისი სილუეტი მოსწონს, არამედ, იმიტომ, რომ ცოტაა და გადაშენების საფრთხე ემუქრება. ამაში მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ეს უნდა ესმოდეთ გადაწყვეტილების მიმღებთ. რამდენადაც ვიცი, სანადირო ტურიზმში ჩართული ადამიანებისა და მონადირეთა მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად არ უყურებს ამ საკითხს, რადგან მიჩნიათ, რომ ეს დარტყმას მიაყენებს  ფაუნას“. 

სახელმწიფოს მხრიდან წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების ხარჯზე ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით კი, ირაკლი მაჭარაშვილი კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევა: „ფინანსური ინტერესსზე ვერაფერს გეტყვით. თვითონ ამ კანონპროექტში წერია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას, ანუ, როგორც ჩანს, სახელმწიფოს მხრიდან ფინანური ინტერესი არ არსებობს და ვისი ინტერესია, მე არ ვიცი“.