ლაბორატორია - „შავშიშვილი“, ექსპერიმენტი - „მუტანტი N53“

ლაბორატორია - „შავშიშვილი“, ექსპერიმენტი - „მუტანტი N53“

შაშკინის მიერ რეფორმირებულ სკოლებში დაპირისპირება კვლავაც გრძელდება. 53-ე სკოლის დირექტორი ტატო (ტარიელ) შავშიშვილი შაშკინთან პირადი მეგობრობით ამაყობს და მოსწავლეებს დაჭერით ემუქრება. თავის მხრივ, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებიც არ თმობენ პოზიციას და თავიანთ მეგობრებზე, მე-11 კლასელ მოსწავლეებზე - ირაკლი მჭედლიშვილსა და მიხეილ ალექსიძეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასა და მათ სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ. მოზარდებზე საქმე სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებს, მათ „ფეისბუქშიც“ ეკონტაქტება და პროტესტის შეწყვეტას აიძულებს. 

Presage.tv-ს ინფორმაციით, 53-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით რამდენიმე ფოტო აიტვირთა „ფეისბუქზე“, რომელიც ბავშვების მხრიდან პროტესტის სიმწვავეს წარმოაჩენდა. ამ ფოტოებთან მიმართბით მოსწავლეები

თავიანთ მოსაზრებებს გამოხატავდნენ. თუ ბავშვი „დაალაიქებდა“ ფოტოს და მას გაიზიარებდა, სკოლის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ „ლაიქები“ მოეხსნათ და სხვა სახის კომენტარები დაედოთ.

ჩვენივე ინფორმაციით, 53-ე სკოლაში კონფლიქტი შემდეგნაირად დაიწყო: ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლის შინაგანაწესი დაარღვია და გაკვეთილის მსვლელობისას სულ სხვა მასწავლებელს კარი შეუღო. ამის გამო ტატო შავშიშვილმა იგი სკოლიდან გააძევა, რაც სკოლის მოსწავლისთვის მეტად დრამატულია, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, მოზარდს ამით სკოლაში ერთი წელიწადი ეკარგება და ამ ხნის განმავლობაში, მას ვერც სხვა სკოლაში მიიღებენ. ასეთი დრაკონული წესების შემოღება უფროსი თაობისთვისაც გასაოცარია, რადგან თავის დროზე, მეტ-ნაკლებად, ყველა ბავშვი არღვევდა სკოლის შინაგანაწესს და ამისთვის  სკოლიდან არავინ აძევებდა.

დღესაც 53-ე სკოლის წინ ასამდე მოსწავლე იყო შეკრებილი და სკოლის დირექციის ქმედებას აპროტესტებდა. ისინი სკოლაში არ შედიოდნენ და დირექტორის გაწვევას მოითხოვდნენ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საპროტესტო აქციის პარალელურად, სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლეების მშობლებს ურეკავდა და გაკვეთილზე შეუსვლელობის შემთხვევაში, შვილების „შავ სიაში“ ჩაწერითა და ამ სკოლაში ესოდენ პოპულარული გარიცვხვით ემუქრებოდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სამთავრობო ტელევიზიები მოსწავლეთა პროტესტის ამ სიმწვავის დაფიქსირებას მოერიდნენ და ბავშვების მცირეოდენი თავშეყრა დააფიქსირეს, რაც ცხადია, რეალობის შელამაზებაა.

Presage.tv-მ დირექტორთან დალაპარაკება სცადა. თუმცა ტატო შავშიშვილი სკოლის შენობაში ისე იყო ჩარაზული, რომ მასთან ახლოს მისვლა წარმოუდგენელი გახლდათ. ბოქლომდადებული ჭიშკრის მეორე მხარეს პირველკლასელი ბავშვების მშობლები მოთმინებით ელოდნენ ზარის ხმას, რაც გაკვეთილის დამთავრებისა და ჭიშკრის გაღების მაცნე იქნებოდა. Presage.tv-მ სკოლის დაცვას სასწავლო დაწესებულების შენობაში შეშვება მოსთხოვა, თუმცა დაცვის წარმომადგენელმა დირექციის ნებართვის გარეშე ჭიშკრის გაღება ვერ გაბედა და საგულდაგულოდ დამალული დირექტორი ჩვენთან სასაუბროდ გამოიყვანა. ტატო შავშიშვილი პირველ რიგში, იმით დაინტერესდა, რომელი მედიასაშუალებიდან ვიყავით და, როცა  Presage.tv-ს სახელი გაიგო, სამი საათის შემდეგ დაგვიბარა. ასევე, თავი აარიდა იმაზე პასუხის გაცემას, თუ რატომ შეუშვა სკოლის ეზოში მხოლოდ „რუსთვის 2“ -ს ჟურნალისტები?! საბედნიეროდ, ამჯერად დირექტორს ჩვენთვის განათლების სამინისტროს პრესცენტრიდან აღებული ნებართვა არ მოუთხოვია, როგორც ეს წინადღეს მედია-კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტებს მოსთხოვა.

დირექტორთან ჩვენი საუბარი შემდეგნაირად წარიმართა:

თქვენგან კომენტარი მჭირდება, ჩარაზული ჭიშკრიდან როგორ გაგესაუბროთ?
- სამ საათში მობრძანდით.

კომენტარს ხუთი წუთიც არ სჭირდება, ბარემ თქვით, რომ პასუხს თავს არიდებთ.

- პასუხს თავს არ ვარიდებ. უბრალოდ, სასწავლო პროცესი რომ დასრულდება, მერე შემოიარეთ.

სხვა საქმეებიც გვაქვს, და გამუდმებით თქვენს სკოლაში ვერ მოვალთ. „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტები რომ შეუშვით ეზოში? გამოდით, თავს არიდებთ ჩვენთან კომენტარს?

- არ ვარიდებ.

კარგით, დავწერ, რომ თავს არიდებთ.

53-ე სკოლის მოსწავლეები ითხოვენ, რომ მათი თანაკლასელები უსამართლოდ არ დაისაჯონ და ისინი არ დაიჭირონ.

„ორი ბავშვი ერთად გაუშვეს სკოლიდან, მანამდე კი ერთი გაუშვეს. ეს ყველაფერი ახალი დირექტორის სკოლაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, იგი დევნის ბავშვებს და თავს იმართლებს, თითქოს სკოლაში დისციპლინის დამყარება უნდა. თუმცა ბავშვები მივიჩნევთ, რომ პოლიციის საშუალებით დისციპლინა არ მყარდება”, - აღნიშნავენ მოზარდები.

მოსწავლეების თქმით, ამაზრზენია, როცა დირექტორი პატრულს იძახებს და მათი მეგობრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ცოტა ხანში კი სასამართლო გაიმართება.

„ჩვენი კლასელი, გაკვეთილიდან გააგდეს და დირექტორთან ჩაიყვანეს. მე-11 კლასის სახელით, ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელი მის დასაცავად ჩავიდა. დირექტორს ელაპარაკა, ცოტა განერვიულებულიც იყო. დირექტორმა კი მოიმიზეზა, მაგინაო, უჩივლა და მასზე საქმე აღიძრა. ჩვენი მოთხოვნაა, არ დაისაჯოს ჩვენი მეგობარი, დირექტორის სკოლიდან გაშვებასთან დაკავშირებით კი, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ. სკოლაში არ უნდა იყოს ასეთი სიმკაცრე. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, აქციები გაგრძელდება თუ არა“, -ასეთია აქციის მონაწილე ბავშვების პოზიცია. 

ერთ-ერთი მოსწავლე კი აცხადებს: „დირექტორმა გვითხრა, თუ აქციას შეწყვეტთ, სისხლის სამართლის საქმეს მოვხსნიო, სამართალდამცავი ორგანოდან კი დირექტორს შეუთვალეს, ბრალდებას უკვე ვეღარ მოუხსნითო. დირექტორი ამტკიცებს, თითქოს შეუვარდა, დანები უტრიალა და აგინა. იქ არ ვყოფილვარ და არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა“.

ჩვენ ვესაუბრეთ მე-11 კლასელის, მიხეილ ალექსიძის დედას, რომელიც შვილის ხულიგნობის ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს. მან მოზარდს ადვოკატი უკვე აუყვანა. ქალბატონი ლალის განცხადებით, გუშინვე მან წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც, რომლის შვილებიც, სხვათაშორის, ამავე სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა „ახალი დირექტორის - ტატო შავშიშვილის ამ სკოლაში მისვლისთანავე, ბაქრაძემ შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანა“.

- ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. დირექტორი მორიგ შანტაჟზეა, ურეკავს მშობლებს, სამსახურებიდან გავარიცხინებ თქვენს თავს, გავრიცხავ ყველა დამრიგებელს. ბავშვები დაშინების წესით შეიყვანა სკოლაში, მათზე საშინელი ზეწოლა ხორციელდება. გუშინ პროკურატურიდან პირადად ჩემთან ორჯერ განხორციელდა ზარი, თუ ამ საპროტესტო აქციას არ შეწყვეტთ, თქვენს შვილსაც და თქვენც კაპეზეში ჩაგაყუდებთო. ორჯერ ვიყავით დაკითხვაზე. რაც შეეხება მეორე ბავშვს, ის საცოდავი საერთოდ არ გამოჩენილა. გუშინ ღამით სახლში ვბრუნდებოდი, ის ბავშვი, ირაკლი მჭედლიშვილი ატირებული შემხვდა. ბრალად უყენებენ, ხუთი სკოლა აქვს გამოცვლილიო. ჩემი შვილი კი უკვე 11 წელიწადია, ამ სკოლაში სწავლობს და აბსოლუტურად გაწონასწორებულია. გუშინდელი აქციაც მდუმარე იყო, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, ბავშვები თავის აზრს გამოხატავენ, ადამიანმა თავისი მეგობარი დაიცვა, თუკი ამის გაკეთება დღეს საქართველოში კრიმინალურ ქმედებად ითვლება, მართლა სამარცხვინო ყოფილა“.

გჯერათ, რომ აქციების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი გაჩერდება და საქმეს მსვლელობა აღარ მიეცემა?

- როგორ გაჩერდება? გაჩერება რას ნიშნავს? ის შემპირდა, რომ თურმე პროფტექნიკურ სასწავლებელში გადაიყვანს ჩემს შვილს და პროტექციას გამიწევს, რომ ჩემი „კრიმინალი“ შვილი მიიღონ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ურთულესი 239-ე მუხლის მეორე პუნქტით, რომელიც საშინელება ყოფილა და ჯგუფური ხულიგნობისთვის 3-დან 6 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. თურმე ამ ჯგუფური ხულიგნობის თანამონაწილე ვყოფილვარ მეც, როგორც დედა. დირექტორს რომ ვკითხე, რაში მდგომარეობს ჩემი შვილის დანაშაული-თქო, მიპასუხა, შეურაცხყოფა მომაყენაო. სინამდვილეში, მისი თანაკლასელი, მჭედლიშვილი რომ ავიდა კლასში და უთხრა, გარიცხული ვარ სკოლიდანო, ჩემი შვილი ჩავიდა დირექტორთან და სთხოვა, ბატონო დირექტორო, 15 წლის არის ეს ბავშვი და ცოდოა. იქნებ, უფრო ჰუმანური იყოთ და არ გააგდოთო. (ის ბავშვი ჩვენს სკოლაში შარშან გადმოვიდა.) დირექტორმა უპასუხა, შენ სიტყვის უფლებას არ გაძლევ და შენც გაგაყოლებ მაგასო. დირექტორის თქმით, თურმე ის ბავშვი ქურდული მენტალიტეტის ყოფილა, ხოლო ჩემი შვილი - კრიმინალური სამყაროს ლიდერი, ანუ, უბედნიერესი დედა ვყოფილვარ. რაც მთავარია, ამას ამბობს ჩემს მე-11 კლასელ შვილზე.

სად მოასწრო ბავშვმა კრიმინალად ჩამოყალიბება? ბავშვი, რომელიც სკოლიდან ხუთ წუთში სახლში მოდის, არ იგვიანებს, ქუჩა და ბირჟა არ იცის რა არის. შეგიძლიათ მის შესახებ გაიკითხოთ მეზობლებში, ახლობლებში. დღეს მოვთხოვე სკოლის დამრიგებელსა და მასწავლებლებს ჩემი შვილის დახასიათება. იმედი მაქვს, დადებითად დაახასიათენ. ჩემი შვილის ადამიანობის იმედი რომ არ მქონდეს, მისი მორალური მხარე და ზნეობა არ ვიცოდე, რითაც ჩემი შვილი გავზარდე, ამას არ მოვითხოვდი.

დირექტორი აცხადებს, რომ თურმე ირაკლი მჭედლიშვილი კრიმინალური მენტალობისაა. საამისოდ რაიმე საფუძველი აქვს?

- არავითარი, ისიც საცოდავი ბავშვია, გაუბედურებული. ხუთი სკოლა გამოიცვალა ბავშვმა, მერე რა მოხდა? ე.ი. რაღაც პრობლემაა, ამისთვის არსებობენ ფსიქოლოგები. მე თვითონ პედიატრი გახლავართ, ექიმი, ამ ბავშვთან ფსიქოლოგების მუშაობა იყო საჭირო და არა ვანდალური აქტის განხორციელება.

მასწავლებლები რატომ არ გეხმიანებიან? დირექტორისგან შეშინებულნი არიან?

- მასწავლებლებმა სულ ცხარე ცრემლებით იტირეს, მშობლების გოდება იყო პირველ დღეს. ყველა სათითაოდ გამოდის, მირეკავს, მიკავშირდება, შენდობას მთხოვს, ვერ ვდგავართ თქვენს გვერდით, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენო. მესმის მათი, ზოგს შვილი სახელმწიფო სამსახურში ჰყავს... რაც ქვეყანაში ხდება, აქაც ის მდგომარეობაა.

თუ სკოლაში ასეთი „კრიმინალი“ ბავშვები იყვნენ, მანდატურები ამდენ ხანს რას აკეთებდნენ?

- მინდა გითხრათ, რომ მანდატურებად ძალიან კარგი გოგოები მუშაობდნენ. პირველად რომ ავდიოდი დირექტორთან, პირველ რიგში, კიბეებზე შემხვედრ მანდატურებს ვკითხე, რა დააშავა ალექსიძემ-თქო? მათი პასუხი იყო, ქალბატონო, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს თქვენს შვილთან დაკავშირებით, ძალიან წესიერი ბავშვიაო. ის მანდატურები მეორე დღესვე მოხსნა.

დირექტორს აქვს უფლება, მანდატური მოხსნას?

- ალბათ, არ ვიცი. აღელვებული დედა როდესაც ვესაუბრებოდი დირექტორს და ვსაყვედურობდი, კონკრეტულად ამიხსენით, ჩემი შვილის მხრიდან თქვენი შეურაცხყოფა რა ქმედებაში გამოიხატებოდა-თქო, ირონიულად თავი დახარა, მე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალ, უნდა გაიყვანოთ ბავშვი, თორემ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავო. მშობლებმა გადავწყვიტეთ, კატეგორიულად მოვითხოვოთ ამ დირექტორის ჯანმრთელობის ცნობა. ნამდვილად არ არის ჯანმრთელი. მანამდე მომუშავე დირექტორებს სულ მექრთამეები და გარეწრები ეძახა. რა ვიცი, მე იმ დირექტორების კმაყოფილი ვიყავი, რადგან აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები იყვნენ, გინდაც კაშია, აღარაფერს ვამბობ, ტატულია მარგველაშვილზე. ამ დირექტორს კი თავი გაღმერთებული ჰყავს, „რეფორმისტი ვარ, შაშკინის უახლოესი მეგობარი ვარო“, -აცხადებს. მოსწავლეებთან კონტაქტში ვერ შედის.

იქნებ, თქვენ გამოჰკითხოთ თავისი სპეციალობის შესახებ, რადგან ერთი საათით არ უმუშავია ბავშვებთან, გაკვეთილი არ ჩაუტარებია. იქნებ, მის პირად ცხოვრებასაც გადახედოთ - გაინტერესებთ მისი ოჯახური მდგომარეობა? - სამცოლგამოცვლილი და პათოლოგიური გადახრების მქონე ადამიანია.