სამტრედიაში შემზარავი სინამდვილე დაფიქსირდა, რომლის შესახებაც პრესაგე.ტვ-ს ინფორმაცია ამ რაიონის ადგილობრივმა მკვიდრმა მიაწოდა. პრესაგე.ტვ იტოვებს უფლებას არ დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რადგან ამ პირობით დაგვთანხმდა ინფორმაციის გაცემაზე. ამასთან ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ადამიანების სტრესს, რაც შეიძლება ვინაობის გახმაურებას მოყვეს.
დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გადამოწმება არაერთ ადამიანთან, მათ შორის, პოლიტიკოსთან ვცადეთ. პირად საუბარში ყველა ადასტურებდა ჩვენს ინფორმაციას, თუმცა ხმამაღლა საუბრისგან ყველამ თავი შეიკავა. ერთადერთი, ვინც არ შეშინდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, სანდრო ბრეგაძეა, მითუმეტეს, როგორც მან პირად საუბარში ჩვენთან აღნიშნა, ეს პრობლემა ერთი მისი ახლობელის დღის წესრიგშიც იდგა...
მოკლედ, სამტრედიაში ფეხი აიდგა და თითქმის ერთ წელია მოქმედებს სექტა, რომელიც თავის საქმიანობაში სკოლის ასაკის ბავშვებს ითრევს, თუმცა, რას საქმიანობენ ამ სექტის წარმომადგენლები - არავინ იცის. ერთადერთი და შემზარავი ამბავი, რაც ამ სექტას უკავშირდება, მცირეწლოვანი ბავშვების დაკარგვაა. იმერეთის ამ რაიონში ბავშვების დაკარგვის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე შემთხვევაში ბავშვებს პოლიცია ეძებდა, თუმცა როცა პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა ამის შემდეგ, რაიონის მოსახლეობას გაუჩნდა ეჭვი, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო ვიდრე ეს გარეგნულად ჩანდა.
აი, რას უყვება ადგილობრივი მცხოვრები პრესაგე.ტვ-ს:
პირველად, ბავშვები რომ დაიკარგნენ, პოლიციამ დააკავა რამდენიმე ახალგაზრდა და უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბიჭები იყვნენ სექტის წევრები, რომლებმაც დაკარგულები სადღაც გადამალეს. ამათი დაკავებიდან რამდენიმე საათში პოლიციის ეზო აივსო „ჰაი-ლუქსებით“ და „მერსედესის ჯიპებით“, ვიღაც ჰალსტუხიანი ბობოლები გადმოცვივდნენ მანქანებიდან, აჩქარებული ნაბიჯით შევიდნენ შენობაში...
ერთი საათი იქნებოდა გასული, ამ კაცებმა დაკავებულები რომ გამოიყვანეს პოლიციიდან და წაიყვანეს. ახლა, ასე ადვილად რომ არ ხდება დაკავებულის გათავისუფლება, ბავშვმაც კი იცის და ამ ბიჭების გათავისუფლებს მეორე დღესვე ითქვა, რომ ისინი უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა გაუშვა.
ძნელია მტკიცება, მართლა ჩაერია თუ არა ამ საქმეში შს მინისტრი და, შესაძლოა, ვიღაც სპეციალურადაც ავრცელებს ამ ხმებს, მაგრამ დაკავებულები რომ გაათავისუფლეს - რაიონში ეს ყველამ ვიცით. ამ ბიჭების გაშვებიდან ერთ კვირაში კიდევ დაიკარგა სამი ბავშვი. ნახევარი თვე ეძებდნენ მათ და ბოლოს როგორც იქნა აღმოაჩინეს ბავშვები. დაკავებით კი, არავინ დაუკავებიათ“.
ეს არის ის ინფორმაცია რომელიც პრესაგე.ტვ-ს მოაწოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარის მოპოვება იმდენად ჭირს, არც გვიცდია დაგვერეკა. ჩვენ უბრალოდ შევედით შსს-ს საიტზე, რათა გვენახა, არის თუ არა გამოქვეყნებული ზემოთმოყვანილი დაკავების ფაქტი. მსგავს ინფორმაციას ვერ გადავაწყდით. ამის შემდეგ დავრეკეთ იმ რაიონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციის თანამშრომელსა და ჩვენს შორის ორი საუბარი შედგა. პირველი:
- მორიგე გისმენთ.
- რომელი ხართ?
- ნუგზარი ვარ, ბატონო...
- გვარი არა გაქვთ?
- რა გნებავთ?
- სამინისტროდან ვრეკავ, ბავშვები რომ გაიტაცეს ამბის გაგრძელება მაინტერესებს.
- ეს საქმე ხომ დამთავრდა... ვიპოვეთ ბავშვები...
- როგორ დამთავრდა?
- რომელი ხართ, კაცო, თქვენ...
ყურმილი დავკიდე და განმეორებით დავრეკე:
- უკაცრავად პრესაგე.ტვ-დან გაწუხებთ, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი რაიონიდან ბავშვები დაიკარგნენ. ამბობენ, რომ ეჭვმიტანილებიც გყავდათ, მაგრამ ისინი გაათავისუფლეთ....
- რა ბავშვები... რა ეჭვმიტანილები... სამინისტროში დარეკეთ...
- სამინისტრომ რა იცის, მანდ რა ხდება...
პოლიციელმა ყურმილი დაკიდა.
პრესაგე.ტვ-ს ერთადერთმა, სანდრო ბრეგაძემ დაუდასტურა არსებული ინფორმაცია.
სანდრო ბრეგაძე: „ამ ინფორმაციის შესახებ მეც ვიცი და, არა შემთხვევით... არ მინდა დავაკონკრეტო... საქართველოში არაორდინალური სიტუაციაა, როდესაც მართლმადიდებლობა იდევნება, ხოლო სექტების წარმომადგენლები აბსოლუტურად უკონრტოლოდ მოქმედებენ. არავინ არ უშლით მათ „მუშაობას“ და შემთხვევით თუ ვინმეს დააკავებენ, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ, თუნდაც ეს ისეთ მძიმე დანაშაულს ეხებოდეს, რაც ამ რაიონში დაფიქსირდა. ასეთი პროპაგანდის და დაუსჯელობის სინდრომის ფონზე რა გასაკვირია ის, რაც ხდება.
პოლიცია ჩვენთან საუბრისას ფაქტის არსებობას ადასტურებს, რას მიანიშნებს მომხდარი როცა ეჭვმიტანილებს ათავისუფლებენ დაკავებიდან რამდენიმე საათში?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ზეწოლა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამათ მფარველობს და თქვენ ხომ იცით, რომ სექტებს საქართველოში უცხოელები მფარველობენ. ეგენი არიან საქართველოს დღევანდელი ფაქტიური მმართველები. საქართველოს ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ასრულებს და, რა თქმა უნდა, მათ გავლენის ქვეშ არიან. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ იქნება მიღებული კანონი სექტების აკრძალვის შესახებ. საფრანგეთში, რომლის პრეზიდენტიც იმყოფებოდა ამ დღეებში თბილისში, სექტები აკრძალულია და ვინმე იტყვის, რომ საფრანგეთი ევროპაში დემოკრატიის მოწინააღმდეგეა? იმ დროს, როცა ეჭვმიტანილები გამოყავთ პოლიციიდან, წარმოგიდგენიათ როგორ მფარველობენ მათ?