ელტონ ჯონი კინოთი დაინტერესდა

ელტონ ჯონი კინოთი დაინტერესდა

პოპულარული ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკის მოყვარულთათვის. მისი პიროვნება უცხო არ არის ფეხბურთის თაყვანისმცემლებისთვისაც, რადგან ბატონი ელტონი დიდი ხნის განმავლობაში ინგლისური საფეხბურთო კლუბ „უოტფორდის“ პრეზიდენტი და მფლობელი გახლდათ. ის შურის გრძნობას იწვევს კოლექციონერებს შორისაც, რადგან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ორი-სამი ათასი სათვალე შეაგროვა. ელტონ ჯონი სიამაყის საგანია მსოფლიოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვისაც. ბრიტანელი მუსიკოსი ხომ საკუთარ განსხვავებულ ორიენტაციას არასოდეს მალავს და რამდენიმე წლის წინ „ძლიერთა სქესის“ ახლო მეგობარზე ოფიციალურად იქორწინა. გასულ წელს   ელტონ ჯონმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა, როდესაც საპატიო ასაკს მიღწეული, ერთი პაწია ბიჭუნას მამიკო გახდა.

 

ცოტა ხნის წინ წინ ეს არაორდინალური პიროვნება მსოფლიო შოუბიზნესის სამყაროს ახალი იდეით გამოეცხადა. ცნობილი გახდა, რომ მას განზრახული აქვს ჰოლივუდშიც დაიმკვიდროს ადგილი. ელტონ ჯონმა საკუთარი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღების იდეა წამოაყენა. ჟურნალ „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მომღერალმა ცნობილი სცენარისტი ლი ჰოლი დაიქირავა და თავისი ბიოგრაფიული კინოსცენარის დაწერა დაავალა. ელტონ ჯონი ფინანსურად წელგამართულ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნება და დარწმუნებულია, რომ სცენარის დასრულების შემდეგ რომელიმე ცნობილ სტუდიასთან თანამშრომლობით ამ ფილმის თანაპროდიუსერიცგახდება.

 

„მართლაც რომ მშვენიერი იდეა გამიჩნდა და, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. მომავალმა კინოსურათმა ჩემი პიროვნება სრულყოფილად უნდა წარმოაჩინოს. ჩემი როლის შემსრულებელს თავად ავარჩევ. მსახიობებს შორის მრავალი ნაცნობი მყავს და, ალბათ, ამ კინოსურათში დასაქმებაზე უარს არ მეტყვიან. ჩემი ცხოვრება მეტად საინტერესოდ წარიმართა. გავიხსენოთ თუნდაც საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობა და სხვა მრავალი განხორციელებული პროექტი. ძალიან მინდა, რომ ყოველივე ამან სურათში ასახვა ჰპოვოს. ბედნიერი ვიქნები, როდესაც ჩემი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი დიდ ეკრანზე ელტონ ჯონის ბიოგრაფიას იხილავს”, - განუცხადა ჟურნალის კორესპონდენტს ბრიტანელმა მუსიკოსმა.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ სურათის სახელწოდება “Rocketman” იქნება. ელტონ ჯონის გარდა მისი პროდიუსერები სტივ ნამილტონ შოუ და დევიდ ფერნიში იქნებიან. პოპულარული მომღერლის როლს კი დიდი ალბათობით მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი განასახიერებს.