გიორგი ლომსაძე,“The Wall Street Journal”
თბილისი – 20 ოქტომბერს რუსეთი და საქართველო განაახლებენ მოლაპარაკებებს მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მოლაპარაკებების მიზანია მხარეებს შორის შეთანხმება, რაც მოსკოვს მსო-ს წევრობის შესაძლებლობა მისცემს – შედეგი, რომლის მიღწევაც შეერთებულ შტატებს და ევროპას ამ წლის ბოლომდე სურთ.
მოსკოვმა მსო-ს წევრობაზე განაცხადი 17 წლის წინ გააკეთა. საქართველოსთან დავა, ბოლო მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა რუსეთის ამ გლობალურ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, თუმცა შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა.
პარასკევს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ ამ სავაჭრო მოლაპარაკებებში მონაწილე წამყვანი ჩინოვნიკის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ წევრობასთან დაკავშირებული პროცესი დასასრულს უახლოვდება. თუმცა ქართული მხარის თქმით, ოპტიმიზმი, საუკეთესო შემთხვევაში, ნაადრევია.
„არავითარი პროგრესის ნიშნები არ ჩანს“, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც მოლაპარაკებებში ქართული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელია. მან განაცხადა, რომ მოსკოვი და თბილისი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა შეიძლება მისცეს რუსეთმა საქართველოს მოსკოვის მსო-ში წევრობაზე თბილისის თანხმობის სანაცვლოდ.
საქართველოს, როგორც მსო-ს წევრს, ამ ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანების დაბლოკვა შეუძლია. თბილისი მოსკოვს თანხმობის სანაცვლოდ სთავაზობს საერთაშორისო მონიტორების დაშვებას რუსეთს და ოკუპირებულ ტერიტორიებს – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის საზღვრებზე. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს მსო-ზე მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი საგანი არ არის.
მოსკოვი შეეცადა ექვსი წლის წინ ქართულ იმპორტზე შემოღებული ემბარგოს გაუქმების თემა თბილისთან მოლაპარაკების საგნად ექცია, თუმცა ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ეს აკრძალვები ავტომატურად გაუქმდება თუკი რუსეთი სავაჭრო ბლოკს შეუერთდება.
შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც აცხადებენ, რომ მათ მოსკოვის მსო-ში გაწევრიანება სურთ, თუმცა დასავლელი ჩინოვნიკების თქმით, ისინი არ ახორციელებენ პირდაპირ ზეწოლას თბილისზე იმისთვის, რომ რუსეთისთვის ამ ორგანიზაციის კარი გაიღოს. მოსკოვი შეიძლება წევრობის პროცესის დაჩქარებას საქართველოს წინააღმდეგობისთვის გვერდის ავლით შეეცადოს, მაგრამ ჩინოვნიკების თქმით ასეთი უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას ყველა მხარე ერიდება.
ბ-ნმა კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა შესთავაზა მათ, რომ დათანხმდებოდა საქონლის გადაადგილების კონტროლს მხოლოდ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით, მაგრამ უარი განაცხადა საქონლის მოძრაობაზე რაიმე ტიპის ირიბ კონტროლზეც კი რუსეთს და ამ ორ ანკლავს შორის. თბილისმა წინადადება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. „ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს ნახევარი გამჭვირვალეობა“, – უთხრა კაპანაძემ The Wall Street Journal-ს. რუსი ჩინოვნიკები საქართველოს დაუსაბუთებლად ხისტი პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებენ.
835
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85