„რაც აქ მოვისმინე, თქვენს მოხსენებაში, მირონ ფირცხელანის გამოსვლაში და საერთო ფონი, რაც იყო, ამას დიდი მსჯელობა არ უნდა – სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ეროვნული განძის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ყველა ადამიანში აღშფოთებას იწვევს და სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, 36 წელი სასამართლოს ვემსახურებოდი და ეს აშკარად კრიმინალია, მით უმეტეს, თუ დაზიანდა.
ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი რაზე გაასამართლეს? – რუსეთთან წამგებიანი ხელშეკრულება გააფორმაო და 7 წელი მიუსაჯეს. ეს იმ წამგებიან ხელშეკრულებაზე უარესი არ არის, მილიარდობით ქონება, რომ ასე უყრიათ?!
ამასთან, გამორიცხულია ამ კონტეინერებში ჩატეულიყო ის 200 000 ექსპონატი – მუზეუმში განძთან ერთად დაცული იყო მამაპაპური კერია, მაგიდა, ძველი კევრი, ეკლესიის კარები და ბევრი სხვა დიდი გაბარიტის მქონე ნივთი. დახარისხება უნდა მომხდარიყო. ხატი და ხელნაწერი უცბად ფუჭდება, სადმე უნდა შეენახათ. ამ ყოველივეს ნახვის და მოსმენის შემდეგ, ეჭვი მაქვს, რომ ჩაავლებს ამ კონტეინერებს ვერტმფრენი, ჰაერში აიტაცებს და შემდეგ სდიონ სვანებმა, ვერავინ დაეწევა“, – ეს კომენტარი „ობიექტივს“ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ავთანდილ წულუკიანმა ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ ღია სხდომის დასრულების შემდეგ მისცა.
სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობიდან საგანძურის სახელდახელოდ შეკრულ კონტეინერებში გადატანით გამოწვეული მღელვარება პარლამენტსაც გადაედო – პლენარულ სხდომაზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა, რასაც ახლადშექმნილი ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ გაფართოებული სხდომა მოჰყვა.
პარლამენტის შენობაში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ფრაქციის სხდომაზე შეკრებილ პარლამენტარებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს წევრების წინაშე „ობიექტივი“ სპეციალური მოხსენებით წარდგა, რაც ეყრდნობოდა მესტიაში ორჯერ სტუმრობისას მოგროვებულ აუდიო მასალას, იქ გადაღებულ ფოტოებს და ფაქტობრივ მასალას. ფრაქციის სხდომაზე „ობიექტივმა“ ის მასალაც წარადგინა, რითაც კონტეინერებია შეკრული – ე.წ. სენდვიჩი, ლითონის თხელ ფირფიტებს შორის მოქცეული, დაახლოებით 5–სანტიმეტრიანი ზღვის ქაფი.
ფრაქციის სხდომაზე კიდევ ერთი მთავარი მომხსენებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლალხორის“ თავმჯდომარე, მირონ ფირცხელანი გახლდათ, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა მესტიაში დაცული საგანძურის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ისაუბრა ამ საკითხის ირგვლივ გამართულ შეხვედრებზე, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქთან, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ილარიონთან და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ცხადაძესთან.
ფრაქციის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოვიდნენ და რომ მოსულიყვნენ, მინიმუმ, უკან უნდა წაეღოთ წინა დღეს, პარლამენტის ღია სხდომაზე გაკეთებული განცხადებები, რომ საგანძური შესანიშნავად იყო დაბინავებული და რომ ასეთი აჟიოტაჟი სულ ტყუილ–უბრალოდ ატყდა.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს პარლამენტის ღია სხდომაზე დებატები დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გოკა გაბაშვილსა და კანდიდ კვიციანს შორის გაიმართა.
გოკა გაბაშვილს, კანდიდ კვიციანს და მათთან ერთად იმათ, ვინც ფიქრობს, რომ აჟიოტაჟის ატეხვის საფუძველი არ არსებობს, ვთხოვთ, ჩავიდნენ მესტიაში და საკუთარი თვალით ნახონ ეგრეთ წოდებული კონტეინერები, რომელშიც საგანძურია მოთავსებული.
ბატონებო, ვისაც მუზეუმში დაცული ექსპონატები ნანახი გაქვთ, მოიკითხეთ სად აქვთ შენახული და როგორ დაეტია ეს ყველაფერი კონტეინერებში. ისიც იკითხეთ მეზობლის საწყობში და მუზეუმის ეზოში არსებულ დანესტიანებულ ფარეხში რა აწყვია. დაინტერესდით იმით რას ინახავენ თითქმის დანგრეულ მუზეუმის შენობაში, სადაც 3 რკინის კარი ჩარაზულია!
აიღეთ თვითმფრინავის ბილეთი, რომელიც 75 ლარი ღირს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, თბილისიდან მიკროავტობუსით შეგიძლიათ გაემგზავროთ, ან ზუგდიდამდე მატარებლით ჩახვიდეთ და იქიდან მესტიაში ახლადდაგებული გზით ახვიდეთ, მიკროავტობუსით, მაგრამ ერთ რამეში გარწმუნებთ – საათნახევარში ნამდვილად ვერ ახვალთ. მინიმუმ ორი ამდენი დრო დაგჭირდებათ.
ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ ღია სხდომას გია ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე უძღვებოდნენ. ამ პრობლემის გასაშუქებლად პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ტელევიზიებიდან მხოლოდ მეორე არხი მოვიდა, ხოლო პრესიდან ხათუნა პაიჭაძე და დარეჯან პაატაშვილი.
დარბაზში ისხდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აკადემიკოსები, თავისუფალი დემოკრატების და „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, ფილოლოგები, სპორტსმენები, მსახიობები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები.
მეცნიერებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რომლებიც სვანეთში ათეული წლების განმავლობაში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდნენ, წარმოდგენილი მასალის შემდეგ აღშფოთება ვერ დამალეს.
„ის რაც ჩვენ აქ ვნახეთ, თავმოსაჭრელი ამბავია. კარგა ხანია სვანეთში აღარ ვყოფილვარ, როგორც მითხრეს და აგერ რასაც ვხედავ, ისიც კმარა. აღელვებული ვარ. ზამთარი მოდის, სვანეთში უკვე მოთოვა. იმ კონტეინერებში შეიძლება საგანძურის შენახვა? შეიძლება ასე აგდებულად გვქონდეს საქმე და ასე არხეინად ვიყოთ?!“ – ესაა ამონარიდი თსუ–ს პროფესორის, ზურაბ ჭუმბურიძის ვრცელი გამოსვლიდან, რომელიც ამავდროულად სვანური კულტურის სპეციალისტი და გელათის აკადემიის აკადემიკოსია.
„მრავალი წლის მანძილზე სვანეთში სამეცნიერო თვალსაზრისით ვმუშაობდი. არაერთი ექსპედიციის მონაწილე გახლავართ და იქაურ სიძველეებს ზედმიწევნით კარგად ვიცნობ. ამავე დრო, მთელი ჩემი ცხოვრება საგანძურის მოვლა–პატრონობა მიწევს. ამიტომ, ასეთი სიძველეების დაცვა ჩემთვის უცხო არ არის. პირდაპირ აღელვებული ვარ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ შედეგებმა, რასაც აქ ვხედავ და მოვალენი ვართ ჩვენ ის დავიცვათ. ასეთ პირობებში საგანძური ერთი დღითაც კი არ შეიძლება შეინახო, არა თუ თვეების განმავლობაში. თუ დიდხანს გაგრძელდა საგანძურის აქ ყოფნა, ფატალურ შედეგებამდე მივალთ. ამიტომ, საჭიროა, რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს მისი გადატანა სათანადო შენობაში, მაგრამ არა ახლად აგებულში, რადგან ახლად აგებულ შენობაში ის კვლავ უარეს დაზიანებას მიიღებს“, – ეს არის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის კურატორის, ელენე კავლელაშვილის მიერ გაკეთებული შეფასებების ერთი ნაწილი.
მეცნიერებათა აკადემიის მთის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მეცნიერებათა დოქტორის, ბერდო გოიშვილის თქმით, სვანეთის მუზეუმი წლების განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიის, კერძოდ, მთის შემსწავლელი კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ იყო...
„რატომ დასჭირდათ ასე უცებ ამ სიძველეების გადმოტანა და კონტეინერებში მოთავსება? რატომ არ შეიძლებოდა ეს შეთანხმებულიყო მეცნიერებთან, სპეციალისტებთან, სად წაეღოთ, როგორ წაეღოთ და სად მოთავსებულიყო?! რატომ დასჭირდათ მუზეუმის ასე უცბად დანგრევა და იმ შესანიშნავი ნიმუშების აბუჩად აგდება, რომელიც იქ იყო? ეს ხომ ჩვენი საგანძურია?! სად არის იმის გარანტია, რომ ქაღალდებში, რომელშიც ექსპონატებია შეხვეული და რომელიც გერმანიიდან ყოფილა ჩამოტანილი, წყალი არ გაჟონავს?კონტეინერის მასალაც გვაჩვენეს და რა არის ეს, კაცმა არ იცის. სად არის ამის ტექნიკური შეფასება? სად არის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს კონტეინერები თოვლსა და ყინვაში მდგრადი იქნება? ამის გარანტია არსად არის. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალისტებისგან შემდგარი სათანადო კომისია, რომელიც მესტიაში ჩავა. ამ კომისიის მეთვალყურეობით უნდა დაიწყოს ამ ნივთების გადატანა შესაფერის, უსაფრთხო ადგილას“, – ასეთია ბერდო გოიშვილის პოზიცია.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თეა წულუკიანი, რომელიც ამავდროულად თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილეა, ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ ღია სხდომაზე სიტყვით გამოვიდა:
„ჩვენ ყველას, ქართველებს საგანძურის დაცვის ვალდებულება გვაქვს, მეც მათ შორის, მაგრამ მე კიდევ სხვა ვალდებულებაც მაქვს და იმიტომ აღმოვჩნდი ამ პატივსაცემ ხალხთან ერთად იმ დელეგაციაში, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა. მე კერძოდ, ის ვალდებულებაც მაქვს, რომ ვარ ამ კუთხის შვილი და მინდა ვთქვა ის, რაც ხაზგასმით არ თქმულა, იგულისხმებოდა, მაგრამ მინდა ეს ჩაწერილი იყოს, რომ მავანმა მოისმინოს, როცა დააინტერესებს.
ჩვენი პირველი მიზანი ისაა, რომ ეს საგანძური არასდროს გავიდეს სვანეთიდან. ყველა ქართველი ამის სადარაჯოზე დადგება და ვინც იქ ცხოვრობს, ან წამოსულები ვართ, დროებით, ბოლო ადამიანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დადგება საგანძურის სადარაჯოზე. ამიტომ, ვისაც ცუდ ხასიათზე ყოფნისას თავში ეს აზრი შეიძლება მოუვიდეს, დარწმუნებული იყოს, რომ საგანძურის ბარისკენ პირის ქნას სვანეთში ძალიან დიდი დაპირისპირება მოჰყვება. ეს არის უნივერსალური კულტურული მემკვიდრეობა, ეკუთვნის საქართველოს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი იყო, არის და იქნება სვანეთი.
მე მაქვს ასეთი შეკითხვა, იმასთან, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი – რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ე. წ. სენდვიჩ პანელები, იცავს თუ არა საგანძურს სათანადოდ, ვიბრაციისგან, სიცხისგან, სიცივისგან და მოსალოდნელი ყინვისგან? აი, ეს მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, თქვენც. თუ ამაზე გვეტყვიან კი, ეს ყველაფერი იცავს, მაშინ უნდა წარმოგვიდგინონ დოკუმენტაცია. ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები და ამიტომ, იქნება ეს ეროვნული მუზეუმი თუ კულტურის სამინისტრო, დროა კეთილი ინებონ და შექმნან კომისია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ამ საგანძურის მესაკუთრე ეკლესია, თვითონ სახელმწიფო და ჩვენ, საზოგადოების წევრები. ჩვენში რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ჩემს თავს, ან ჩემს პოლიტიკურ ძალას. მე ამ შემთხვევაში თქვენს წინაშე წარვდექი, როგორც ჩემი კუთხის შვილი.
საზოგადოებამ თუ არ მიიღო მონაწილეობა იმაში, თუ როგორ ინახება ეს საგანძური, ეს შექმნის ძალიან ბევრ პრობლემას და კონფლიქტის საფუძველს, როგორც მესტიაში, ასევე თბილისში.
შეკითხვები დასმულია, ბურთი არის სახელმწიფოს მოედანზე და ახლა ჩვენ ველოდებით მათგან პასუხს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ საგანძურის მომდევნო დაზიანებას (ალბათ, ის უკვე დაზიანებულია) არავინ დაუშვებს. საგანძურის დასაცავად ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის მზად ვართ. სასულიერო ხელისუფლება თავის სიტყვას იტყვის, როცა ის ამას ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ არ ვართ სასულიერო ხელისუფლება. ჩვენ ვართ საზოგადოება და ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილი უნდა დავიკავოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ.
არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუზეუმის თემა მთლიანად აბარია ძალიან ცნობილ ადამიანს, გვარად გოროზიას. ამიტომ, მასაც მივმართავ – გამოვიდეს სააშკარაოზე და აგვიხსნას, რომ მას ეს საქმე აბარია. გვითხრას რა გარანტიას გვაძლევს იმისას, რომ ეს საგანძური იქნება დაცული. მაგრამ მას ნუ ექნება იმის იმედი, რომ ეს საგანძური გამოივლის იმ დაღმართს და ჩამოვა ზუგდიდში. ასე არ მოხდება“.
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, შოთა გლურჯიძე, რომელიც ამავდროულად მხატვარია, ამბობს, რომ თუ უახლოეს ხანში კონტეინერებში მოთავსებულ საგანძურს უსაფრთხო ადგილას, კერძოდ, მესტიის წმიდა გიორგის სახეობო ეკლესიაში არ დააბინავებენ, ამას თავად საზოგადოება გააკეთებს:
„პროფესიით მხატვარი ვარ და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ 200 ხატს, რომელიც ახლა კონტეინერებშია განთავსებული. მსოფლიოში არ მეგულება ისეთი ხატწერის სკოლა, როგორიც არის სვანური. ის არ ჰგავს, არც ბიზანტიურს, არც საქართველოს ბარში გავრცელებულს... წარმოდგენილ მასალაში ვნახეთ უდეირი მოპყრობის ნათელი მაგალითი და რა არის ამის უკან, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. ეროვნული საგანძური, რომ საფრთხის ქვეშაა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ თქვენთან ერთად, ულტიმატუმის სახით მოითხოვს საგანძურის მესტიის წმიდა გიორგის სახეობო ეკლესიაში გადაბრძანებას, რადგან იქ საკმაოდ გამომშრალი, განიერი კედლებია და ეს სიწმიდეები წლების განმავლობაში სწორედ ამ ეკლესიაში ინახებოდა. ამაზე მეუფე ილარიონმა თანხმობა მოგვცა.
საგანძურის ეკლესიაში გადატანას ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დაესწროს, რომ ეჭვები გაქარწყლდეს, რადგან ღმერთმა იცის რა შეიტანეს იმ კონტეინერებში. თოფიანი მცველი, რომ დგას, იმან მგონი საერთოდ არ იცის რას იცავს. აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკურ განცხადებებზე. აქ საუბარია ძალიან დიდ ხიფათზე. მთელ საქართველოს მუზეუმებში, რა განძიც ინახება, მარტო ეს ორასი ხატი გადაწონის იმ განძს. აქ ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს. საგანძურის ეკლესიაში გადატანა უახლოეს ხანში უნდა მოხდეს. თუ არა, სვანეთში უნდა ჩავიდეთ, იქ დავდგეთ და ჩვენ თვითონ განვახორციელოთ ეს ამბავი“.