შაბიამნის იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდა. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებას პარლამენტში უხმაუროდ, წინააღმდეგობის გარეშე დაეთანხმნენ. ისე, რომ არავის გახსენებია, რომ ამ გადაწყვეტილებით შაბიამნის ერთადერთი საწარმო, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა და უახლოეს მომავალში მეტი დატვირთვით აპირებდა მუშაობას, ქართული პროდუქციის გამოშვებას ვეღარ შეძლებს.
შაბიამნის წარმოების აწყობა რამდენიმე მეწარმემ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ერთობლივი ძალებით ვაშლიჯვარში იჯარით შენობა აიღეს, სპეციალური უჟანგავი დანადგარები, ქიმიური ნივთიერებებისთვის საჭირო ცისტერნები ნაცნობებში იაფად იშოვეს და შაბიამნის საცდელი 40-50 ტონიანი პარტია ივნისში გამოუშვეს. ქართული შაბიამანი კარგად გაიყიდა. რეალიზაციას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მისი ფასი იმპორტულზე დაახლოებით ერთი ლარით იაფი -კილოგრამი 5 ლარი გამოვიდა. ინდმეწარმე „სანიკიძე“ ახალი, უფრო მსხვილი პარტიის დამზადებას გაზაფხულისთვის აპირებდა, თუმცა, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, მათი ბიზნესი დახურვის საფრთხის წინაშე დგას.
შაბიამნის ქართულ საწარმოში ამბობენ, რომ შაბიამნის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლების კანონპროექტი პარლამენტში ქუთაისელი იმპორტიორის ლობირებით გავიდა.
მალხაზ ქაჯაია (შაბიამნის მწარმოებელი ინდმეწარმე „სანიკიძის“ თანამშრომელი): „შაბიამანი საქართველოში ქუთაისელების ფირმას შემოჰქონდა, ისინი კილოგრამს ბაზარზე 6-6,5 ლარად ყიდდნენ. ჩვენ კი 5 ლარი დავადეთ. მათი ლობირებით მიიღეს ეს კანონი, ადგილობრივი წარმოება რომ აღარ იარსებებს, ეს არავის ანაღვლებს. ახლა იმპორტირების ფასს 18%-იანი დღგ რომ გამოაკლდება, ზუსტად ჩვენს ფასზე დაჯდებიან. იმედი მქონდა, რომ საქმეს ავაწყობდი, შაბიამნის რეალიზაციით ფულს ვიშოვიდი და მერე წარმოებას განვავითარებდი. შაბიამნის ექსპორტზე გატანაც გვქონდა გადაწყვეტილი. სომხეთში ანალოგიური წარმოება აღარ არსებობს, დაიხურა ქარხანა და შაბიამანი სჭირდებათ, აზერბაიჯანიდან და წარმოიდგინეთ, თურქეთიდანაც იყო მოთხოვნა. მოლაპარაკებები გვქონდა ამ ქვეყნებთან და სრული დატვირთვის ამუშავების შემდეგ ექსპორტზეც დავიწყებდით მუშაობას.
თვეში სულ მცირე 150 ტონა შაბიამნის გამოშვება შეგვიძლია, ქვეყანაში მოთხოვნა კი დაახლოებით 500-600 ტონაა, რასაც დაახლოებით 5 თვეში დავამზადებდით. მერე კი საექსპორტო პროდუქციაზე ვიმუშავებდით.
შაბიამანი საქართველოში რუსეთიდან შემოაქვთ, ურალიდან. ქართულ ბაზარზე ის მესამე ქვეყნების უკრაინის ან ლატვიის გავლით ხვდება. არადა ჩვენი შაბიამანი ხარისხით უკეთესია. რადგან სუფთა მეტალისგან, სპილენძისგან მზადდება. ურალში კი ბუნებრივ ნედლეულს იყენებენ, რომელშიც მძიმე მეტალები გაცილებით დიდი ოდენობითაა.
ე.წ. ბორდოს ნარევისგან, რომელიც შაბიამნის წარმოებაში ვიყენებთ, სხვა არაერთი მცენარეთა დაცვის საშუალების დამზადება შეიძლება. ვაპირებდი, რომ ლილოში ახალ საწარმოს ავაშენებდი, დანადგარებს იქ გადავიტანდი და 40-მდე კაცა დავასაქმებდი. ახლა, რაც საწარმოზე დავხარჯე, იმის მეხუთედსაც ვერ ამოვიღებ. ალბათ გაჩერება მომიწევს“.
ცვლილება „სპილენძის ნაერთებისგან დამზადებული ნაკეთობების იმპორტისა და მიწოდების დღგ-სგან გაათავისუფლების შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმნით ხუთშაბათის სხდომაზე მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტარი ბეჟან ბუცხრიკიძეა. ცვლილების ავტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება გლეხებზე ზრუნვით მიიღეს. შაბიამნის იმპორტსა და მიწოდებაზე დღგ-ს მოხსნა მის გაიაფებას გამოიწვევს.
ბეჟან ბუცხრიკიძე (პარლამენტარი): „ინიციატივა ჩემი იყო, მაგრამ ეს პირობითად, ისე, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული საერთო მოსაზრება იყო. აქამდე ქიმიკატების 99% დღგ-სგან გათავისუფლებული იყო, მხოლოდ სპილენძის ნაერთებისგან დამზადებული ნაკეთობების იმპორტისა და მიწოდება იბეგრებოდა 18%-ით. გაუგებარია რატომ არსებობდა გამონაკლისი. შევარდნაძის დროიდან ასე იყო. ალბათ, იმ იმედით, რომ საქართველოში შაბიამანი იქნებ ვინმეს ეწარმოებინა. 10 წელია ეს მიმართულება დღგ-გან გათავისუფლებულია და არავის არაფერი გაუკეთებია. ვერც აწარმოეს და შემოტანილიც ძვირი გამოდიოდა. თავიდანვე შეცდომა იყო კოდექსში ასეთი გამონაკლისის დატოვება.
იცით, რომ შაბიამნის ქართული საწარმო არსებობს, რომელიც ამ ცვლილების შემდეგ დაიხურება?
- არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ერთი პატარა საწარმოს გულისთვის ხომ ვერ დავტოვებთ ამ გამონაკლისს.. დღგ რომ მოიხსნება, შაბიამანი გაიაფდება.
თუ მონოპოლისტს შემოაქვს, მაშინ შეიძლება არც გაიაფდეს...
- სიმართლე გითხრათ, ვის შემოაქვს შაბიამანი არ ვიცი. არ მგონია მართო ერთი იმპორტიორი იყოს. ალბათ, ათეულობით ფირმა იქნება.