ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესის მარწუხებში მოსაქცევად აღარ იცის რა მეთოდებს მიმართოს. კვირა არ გავა, რომ კოდექსებსა თუ კანონებში ახალ-ახალი ცვლილებები არ შეიტანონ. ისინი ერთ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება მეტი თანხა ამოფხიკონ მეწარმეთა ჯიბეებიდან.
ამჯერადაც საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები შედის. მთავრობა ბიზნესმენების “გამოსაჭერად” ადმინისტრირებას უფრო ამკაცრებს. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ბიზნესმენს მიამაგრებენ, რომელიც მის ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას თვალყურს მიადევნებს. საგადასახადოს წარმომადგენელს ბიზნესმენის დაჯარიმების უფლება არ ექნება, თუმცა ამ პოსტზე მისი მოვალეობა ბიზნესმენის “ჩაშვება” იქნება.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შეეძლება, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირი ან პირები მიამაგროს და საგადასახადო მონიტორინგი ამ მეთოდით განახორციელოს. საგადასახადო მონიტორინგის ჩატარების წესს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ სიახლის დანერგვის მიზანი გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის თუ დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენაა.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის ცვლილებით ხელისუფლებას “მსტოვრების ინსტიტუტი” შემოაქვს, რომლებიც ორგანიზაციებში მიმაგრებულნი იქნებიან და მენეჯმენტში ჩარევის უფლება მიეცემათ. “მსტოვრები” კონკრეტულ ორგანიზაციებში დაფუძნდებიან და გააკონტროლებენ თუ როგორ ირიცხება ფული წინასაარჩევნოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფონდში.
გარდა ამისა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “მსტოვრები” მედიასაშუალებების თავისუფლებასაც საფრთხეს შეუქმნიან. “ცვლილებით დისკომფორტი შეექმნება იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებიც ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. ხელისუფლება ასეთ აგენტებს მედიას აუცილებლად მიამაგრებს”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, რომლის მოსაზრებითაც, ეს სიახლე საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციისაკენ არ არის მიმართული.
ექსპერტების განცხადებით, მთავრობა ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრობს, თუმცა მუდმივად საგადასახადო ადმინისტრირებას ამკაცრებს და ბიზნესმენების მიმართ ჩასაფრების პოლიტიკას ახორციელებს. დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბიზნესის მონიტორინგი ბიზნესმენებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის.
“ბუნებრივია, მუდმივი მონიტორინგი ბიზნესისთვის დისკომფორტის შემქმნელია, თუმცა ვისაც მოწესრიგებული აქვს ბიზნესი მისთვის საფრთხე არ არსებობს. უფრო მეტად იმ კატეგორიის ბიზნესმენებს უნდა ეშინოდეთ, რომლებსაც აღურიცხავი საქონელი აქვთ.
ამასთანავე, ცალსახაა, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა არ არის. პარტნიორული ურთიეთრობა მაშინ იქნებოდა, თუკი საგადასახადოს წარმომადგენელი რაიმე დარღვევის აღმოჩენისას ბიზნესმენს რეკომენდაციას გაუწევდა და გააფრთხილებდა”, - ამბობს ნარმანია.
979
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85