„ივანიშვილმა შეიძლება გვიხსნას ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებისგან“

„ივანიშვილმა შეიძლება გვიხსნას ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებისგან“

ჩვენი დროის ქართული პოლიტიკა უკვე ბიძინა ივანიშვილამდე და მის შემდგომ ეპოქად იყოფა. მიძინებულმა პროცესმა გაიღვიძა და ახალ–ახალ სიურპრიზებს გვპირდება. ხელისუფლება დაბნეულია და ბიზნესმენის წიმააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას ცდილობს. საკითხავია, რა გამოუვა ამ გზაზე.

ჯერ კიდევ პოლიტიკურ ჭრილში მიმდინარე პაექრობამ სოციალური და მედიასივრცე თითქმის მთლიანად დაიპყრო. უკვე აქტიურად განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის შანსებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ეს მაშინ, როცა თავად ბიზნესმენმა პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გამოთქვა პრეტენზია.

 

სოციალურ ქსელებში ეს თემა აქტიურად განიხილება. ბოლო დღეებში საინტერესო გამოკითხვაც ჩატარდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სასტარტო უპირატესობა უდაოა. კერძოდ, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: 

 

მიხეილ სააკაშვილს           74        (14.15%)

ბიძინა ივანიშვილს                  294            (56.21%)

გიგი უგულავას         8         (1.53%)

დავით ბაქრაძეს      10        (1.91%)

შალვა ნათელაშვილს          14       (2.68%)

დავით უსუფაშვილს           11       (2.10%)

დავით გამყრელიძეს           1         (0.19%)

ლევან გაჩეჩილაძეს             2         (38%)

ირაკლი ალასანიას   52       (9.94%)

გიორგი თარგამაძეს             19       (3.63%)

სხვას (ამ სიაში არ არის)     11       (2.10%)

არც ერთს, არავის, არ მივიღებ მონაწილეობას             15       (2.87%)

არ ვიცი (თავს შევიკავებ პასუხისგან)     12       (2.29%)

სულ: 523

 

აქვე გთავაზობთ საინტერესო გამოხმაურებებს ამ თემაზე, კომენტარისა და ავტორთა ვინაობის დასახელების გარეშე:

 

„გავეცნობოდი ყველა კანდიდატის ხედვებსა თუ გეგმებს; ხოლო ამის შემდეგ გადავწყვეტდი; მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ვიხრები ირაკლი ალასანიასკენ, ყველაზე ნორმალური ჯერ ეგ ჩანს. თუმცა, სამწუხაროდ, სად ჩვენი პოლიტიკოსების ხედვები და სად მათი მოქმედებები. მაგრამ ხშირად ხედვებიც კი რთული მოსაპოვებელია...“

 

„რა თქმა უნდა, ძნელია მოაზროვნე ამომრჩეველი დაარწმუნო საკუთარი გეგმების სიკარგეში, როდესაც თვითონ არ გჯერა ამ გეგმების“.

 

„მე პირადად ივანიშვილს მივეცი ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ მომწონს. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე არ გვაქვს საუბარი. მხოლოდ იმიტომ მივეცი ხმა, რომ რეალური ძალაა, რომელმაც შეიძლება გვიხსნას ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებისგან. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. რეალური საპრეზიდენტო კანდიდატობის რესურსი ამ მომენტში სრულიად საქართველოსთვის, მხოლოდ ნაციონალებს და ივანიშვილს აქვთ“.

 

„სიაში ბურჯანაძე რატომ გამოგრჩათ, ვისზე ნაკლები რეიტინგი აქვს აქ ჩამოთვლილისგან. სააკაშვილს აქ რა უნდოდა, მესამედ ხომ კენჭს ვეღარ იყრის?“

 

„აუცილებლად ბიძინას მივცემდი ხმას; ბოლო შანსია ამ ქვეყნისთვის, თავი დააღწიოს მარიონეტულ და ტოტალიტარულ რეჟიმს!“

 

„მიშას ეს გამოკითხვა ანახეთ, მაგას ჰგონია 72 % უჭერს მხარს“.

 

„პრეზიდენტი - ალასანია; პრემიერ-მინისტრი - ივანიშვილი;  პარლამენტის თავმჯდომარე - უსუფაშვილი. მე ჩემი მითქვია და...“

 

„იმ დროს, როცა ყველა რეალური ოპოზიციური ძალა დაიშალა, თითქმის საბოლოოდ გაქრა და როცა 100-წლიანი აზერბაიჯანულ-კუბური სტილის დიქტატურა ფაქტიურად გარანტირებული ჰქონდა ქვეყანას, გამოჩნდა ივანიშვილი, ალბათ ერთადერთი და უკანასკნელი შანსი, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს 100–წლიანი დიქტატურა. ამ შანსის გამოყენება აუცილებელია; თორემ იქნება 50 წელი მიშა, მერე მისი რეკორდსმენი შვილი ედუჩი და ასე დავემსგავსებით კუბას“.

 

„სხვა არგუმენტი მე არ მჭირდება, ის რომ ეს კაცი კარგი მენეჯერია, ქვეყანა უყვარს და ზემოთ ხსენებული დამანგრეველი პროცესის შეჩერება შეუძლია; ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია“.

 

„პრეზიდენტი ალასანია - შეიძლება; პრემიერი – ივანიშვილი; პარლ. თავმჯდომარე - უსუფაშვილი -  ზედგამოჭრილია! მივესალმები, დათოს პარლამენტის თავმჯდომარეობას! საერთოდაც მევასებიან ეს რესპები... და ჰა! თუ არ გააყალბეს, ესენი მოიგებენ“.

 

„მიშას, ალბათ, ღამეები აღარ სძინავს. წარმოიდგინეთ, რამდენი წელია განვითარების გეგმას ადგენს; 2015 წელს რას გააკეთებს, ისიც გათვლილი აქვს და ახლა ჩემოდნები ჩაალაგოს ან ბიძინას ემსახუროს? არ ვიცი, არ ვიცი...“

 

„არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთი უპირობო და ლამის სკკპ-ს დროინდელი ლიდერის ერთხმად არჩევა ქმნის იმის საშიშროებას რომ ახლადარჩეული თავის წინამორბედის გზაზე დადგეს? ზვიადი, ედიკა, მიშა - სამივე მათგანს თავის დროზე ჰქონდა მინიმუმ 80% მხარდაჭერა (პროცენტები ზუსტად არ მახსოვს); და რა მივიღეთ მაგით? მთავარი პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების არარსებობაშია. კიდევ პრობლემაა დიდი მოლოდინი და შემდეგ დიდი იმედგაცრუება – რადიკალიზმი“.

 

„ყველა ცვლილებები უკეთესობისკენო, არ გაგიგიათ? სასწორის მეორე მხარე გამოჩნდა, მე ეგ მახარებს; ნამეტანი მოსდის არსებულ ხელისუფლებას. რას უწუნებთ ზოგიერთები ბიძინას გაპრემიერებას ანდა პარლამენტის თავჯდომარეობას, გილაურისნაირებს აღარ ჯობია კაცო?“

 

„მიმაჩნია, რომ არსებულმა პრეზიდენტმა ამოწურა თავისი რესურსი. მიშა საერთოდ აღარ უნდა იხსენიებოდეს სავარაუდო კანდიდატაც კი. პრემიერად კი ბატონო, მაგრამ თვითონ თქვა არ მინდაო და დაეჯერება?“

 

„ბიძინას საქართველოსთვის არ უვნია და რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი რაიმეთი ავნებს ქვეყანას. მისი მოსვლა ხელისუფლებაში არაკეთილსინდისიერ მოხელეებს ადარდებთ; ფიქრობენ, რომ მოეკითხებათ, მაგრამ მოეკითხებათ რო?“

 

„ჩემი აზრით, ქვეყანაში რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნულს ქვემოთაა, უტოპიაა „სასწაული პოლიტიკოსის“ მოლოდინი; რომელიც სულ ევროპული სტანდარტების და პრინციპების დაცვით შემოვა პოლიტიკაში. ბიძინას გამოჩენა იმით კი არაა კარგი, რომ არიქა, 2 წელიწადში დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებს. მკვდარი პოლიტიკური პროცესი გალღვება. ესაა მთავარი.

 

იმედი გაჩნდა, რომ ერთპარტიული მმართველობა კიდევ 10 წლით არ გაგრძელდება და მთლად ბრეჟნევის ხანაში არ აღმოვჩნდებით. რაც შეეხება შიშებს - რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინამ, 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს; ამიტომ საფუძველს მოკლებულია შიშები, რომ ახალი უზურპატორი შეიძლება გახდეს; ვერ გახდება, არაა ამის წინაპირობა, განსხვავებით 2003 წლისგან“.

 

„ათასი უცენზურო სიტყვებით იხსენიებენ მიშას დამქაშები უკვე ივანიშვილს.

რატომღაც მგონია, რომ ძალიან შეშინებულები არიან...“