პატარა, 5 მილიონიანმა სლოვაკეთმა, რომელიც ევროს ზონის წევრი ახლახან გახდა, მოულოდნელად მთელი კონტინენტის ეკონომიკურ სტაბილურობას ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, ქვეყნის პარლამენტმა უარი თქვა საერთო ევროპული სტაბილურობის ფონდის გაფართოვების მხარდაჭერაზე, რითაც ბებერი კონტინენტის ისტებლიშმენტი შოკში ჩააგდო, თავად სლოვაკეთი კი ლამის პოლიტიკური კრიზისის პირას მივიდა.
როგორც ცნობილია, საერთოევროპული სტაბილურობის ფონდი 2010 წლის მაისში გერმანიის და საფრანგეთის მთავრობების, მეტიც, პირადად მერკელისა და სარკოზის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია ევროს ზონის ქვეყნებს საბანკო და საბიუჯეტო კრიზისისას დაეხმაროს. თავდაპირველად მისი ბიუჯეტი 440 მილიარდი ევროს ოდენობით განისაზღვრა. მაგრამ როცა კრიზისი საბერძნეთის შემდეგ სხვა ქვეყნებზეც (ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია) გავრცელდა, ცხადი გახდა, რომ ფონდს გაცილებით მეტი თანხა ესაჭიროება.
ჰოდა, გადაწყვიტეს ფონდის ბიუჯეტი 75 პროცენტით, 780 მილიარდ ევრომდე გაეზარდათ. მაგრამ ამას ევროზონის ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რატიფიცირება სჭირდება და ერთი ქვეყნის უარი ვეტოს ტოლფასია. ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ ფონდის ბიუჯეტი უმტკივნეულოდ უნდა გაზრდილიყო, სანამ გეგმა სლოვაკეთის პარლამენტმა არ განიხილა.
სლოვაკეთი ევროს ზონაში შესვლის დღიდან გამოირჩეოდა კრედიტების გამოყოფის მიმართ არალოიალური დამოკიდებულებით. მაგალითად, ქვეყნის მთავრობა კარგა ხანს ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთისათვის დახმარების გამოყოფას. ახლა კი სლოვაკეთმა მოულოდნელად მთელი ევროპა საფრთხეში ჩააგდო.
არადა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მოუწოდა კენჭისყრას პასუხიმგებლობით მოკიდებოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრმა მისი სიტყვები არასწორად გაიგო. საერთოდ, სლოვაკეთს 5 პარტიისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობა ხელმძღვანელობს, ამდენად, კონსენსუსის მიღწევა იოლი საქმე არ არის. ქვეყნის პარლამენტართა აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ფონდის გაფართოვების შემთხვევაში სლოვაკეთმა მასში 7 მილიარდი ევრო უნდა შეიტანოს, რაც წლიური ბიუჯეტის მესამედზე მეტია. ანუ, გამოდის, რომ ზონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნისაგან პარტნიორების გადასარჩენად ლამის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ძალიან მოეწონათ რიგით სლოვაკებს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საერთოევროპული სტაბილურობის ფონდის გაფართოვების საკითხი არც ერთი ქვეყნის მოსახლეობაში მხარდაჭერით არ სარგებლობს. მაგალითად, გერმანიაში მის წინააღმდეგ მოსახლეობის 73 პროცენტი ილაშქრებს.
ასეა თუ ისე, ახლა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს მოუწევთ როგორღაც დაითანხმონ სლოვაკები მხარი დაუჭირონ საერთოევროპული სტაბილურობის ფონდის გაფართოების გეგმას. პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა თავის სლოვაკ კოლეგას დაურეკა და უამბო, როგორ უხეთქავს მას გულს თავის ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარება. ანუ, თავის შეცოდების მეთოდებიც საქმეში ჩაერთო. პორტუგალია ხომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაინტერესებული ქვეყანაა, რომ ფონდი სწრაფად გაფართოვდეს.
მოკლედ, მთელი ევროპა სლავაკეთის პარლამენტში განმეორებით კენჭისყრას ელოდება. თუ გეგმა მეორედ ჩავარდა, მაშინ გამოვა, რომ სლოვაკებმა ევროპული ეკონომიკის კუბოზე დიდი ლურსმანი დააჭედეს, ხოლო თუ გეგმას მხარი დაუჭირეს, მაშინ ევროპა ცოტა ხნით, ახალი პრობლემების ტალღის აგორებამდე შვებას იგრძნობს.
827
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85