საბანკო ჯგუფმა “Dexia”-მ, რომელიც ახლო წარსულში ჩატარებული სტრეს-ტესტების შედეგების თანახმად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ბანკად მიიჩნიეს, ფინანსური კრახი განიცადა. სავარაუდოდ, იგი დაიშლება და ნაწილ-ნაწილ გაიყიდება. ბანკმა ვერ მოახერხა გამკლავებოდა ვალებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის შემდეგ შემორჩა. მაშინ “Dexia”-ს გაბანკროტებისაგან გადარჩენა მხოლოდ ბელგიისა და საფრანგეთის მთავრობების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
2008 წლამდე “Dexia” ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი იყო. იგი ორი მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის – ფრანგული კრედიტ სოციალ-ის და ბელგიური კრედიტ კომუნალ-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. მისი პრიორიტეტი ძირითადად როგორც რეგიონალური, ასევე მუნიციპალური დონის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იყო და არა საცალო კრედიტირება. ამის გამო “Dexia”-ს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც “ევროპული მთავრობების კრედიტორ ბანკს”. 2007 წლისათვის კორპორაციის საბაზრო კაპიტალიზაცია 20 მილიარდ ევროს შეადგენდა.
2008 წელს რომ “Dexia” გაბანკროტების პირას აღმოჩნდა, ამის მიზეზი ე.წ. “ცუდი ვალები” იყო. “Dexia” ამერიკულ ბანკ, 2008 წლის კრიზისის მსხვერპლ ლეჰმან ბროზერს-თან ერთად ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობდა და, ამასთან, ამერიკაში საკუთარ საკრედიტო პროგრამებსაც ანხორციელებდა. დაწყებულმა გლობალურმა კრიზისმა ბანკის საკრედიტო პორტფელი არალიკვიდურად აქცია. 2008 წლის მესამე კვარტალში “Dexia”-მ 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის წაგება ნახა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად დაეცა, ხოლო მეანაბრეებმა 100 მილიონი ევრო სასწრაფოდ გაიტანეს.
მაშინ ბანკი გაბანკროტებისაგან საფრანგეთის, ბელგიის და ლუქსემბურგის მთავრობების ჩარევამ იხსნა, რომლებმაც “Dexia”-ს 6,4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს. ამასთან, მთავრობები მის დამფუძნებელთა შორის შევიდნენ. ბანკის მენეჯმენტმა საკრედიტო პორტფელის რესტრუქტურიზაციისა და ყოველწლიურად დანახარჯების 15 პროცენტით შემცირების პირობა დადო, მაგრამ 2011 წლის ახალი კრიზისისაგან ამანაც ვერ იხსნა.
წელს “Dexia”-ს კვლავ “ცუდი ვალები” დაუგროვდა. კერძოდ, მის ბალანსზე აღმოჩნდა ევროპის პერიფერიული ქვეყნების დავალიანება 21 მილიარდი ევროს ოდენობით. აქედან ბერძნული წილი 3,5 მილიარდია. ამ ინფორმაციის გავრცელებას ინვესტორების მიერ ბანკის ფასიანი ქაღალდების სწრაფად გაყიდვა მოჰყვა. ეს კი, ცხადია, მათი გაუფასურების საწინდარი იყო, რამაც საბოლოოდ 22 პროცენტი შეადგინა.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ “Dexia” კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მისი კაპიტალიზაცია სულ რაღაც 2 მილიარდ ევრომდე დაეცა, რაც სრულიად შეუსაბამოა ორგანიზაციისათვის, რომელიც 517 მილიარდიან აქტივებს ფლობს. შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 30 ივნისის მონაცემებით, კაპიტალიზაცია 15 მილიარდი ევრო იყო. ბანკის დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ მზადდება ვალების რესტრუქტურიზაციის და აქტივების ლიკვიდურობის გაზრდის გეგმა, ბელგიის და საფრანგეთის მთავრობებმა კი, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის კრიზისის შემდეგ ბანკში წილს ფლობენ, საჭირო დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვეს.
ამავე დროს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ივ ლეტერმმა განაცხადა, რომ ბანკის აქტივები დაიყოფა. კერძოდ, არალიკვიდურ აქტივებს “ცუდ ბანკში”, ლიკვიდურს კი “ჯანმრთელ ბანკში” გადაიტანენ. საბოლოოდ, ალბათ “ცუდი ბანკის” ლიკვიდაცია მოხდება, ჯანსაღ აქტივებს კი გაყიდიან. არსებობს “Dexia”-ს გადარჩენის სხვა ვარიანტიც – ბანკის ნაციონალიზაცია, რაზეც ჯერ უარი არავის უთქვამს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამგვარად ქვეყნების ბიუჯეტები გვარიანად დაზარალდება.
ასე მოხდება თუ ისე, “Dexia”-ს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ იმოქმედა ევროპაში არსებულმა სიტუაციამ რეგიონის ფინანსურ ორგანიზაციაზე. ანალიტიკოსები “Dexia”-ს ევროპის 2011 წლის კრიზისის პირველ მსხვერპლს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იგი უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება.
810
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85