პარლამენტი გარე ვაჭრობის აკრძალვას უკვე მესამე მოსმენით აპირებს. „ყველანი ბაზარში“, – ასე ჟღერს ხელისუფლების ახალი ლოზუნგი. მოვაჭრეები დილით კი შედიან სავაჭრო დაწესებულებაში, მაგრამ საღამოობით ტროტუარებს მაინც ვერ ელევიან.
ამის გამო, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს ზედამხედველები ფიზიკურად თითქმის ყოველდღიურად უსწორდებიან. დაზარალებულები დახმარებას ოპოზიციას სთხოვენ; ოპოზიცია კი პარლამენტიდან იმ კანონპროექტის გაწვევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ურჩ გარემოვაჭრეებს შვიდდღიანი პატიმრობა და გარევაჭრობის საგნის ჩამორთმევა ემუქრებათ.
გარევაჭრობის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით ორი მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, როგორც კონსერვატული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, ის გარემოვაჭრეებთან ერთად შეეცდება, რომ პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები არ დაამტკიცოს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი ჩხარტიშვილი გარემოვაჭრეებთან ერთად აქციის გამართვას უკვე პრეზიდენტის რეზიდენციასთან აპირებს.
ახალი გადაწყვეტილების კონტექსტში, სწორედ ნავთლუღის ბაზარი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. ეს არცაა გასაკვირი – მის მიმდებარე ტერიტორიაზე არც მეტი არც ნაკლები თერთმეტი დიდი თუ პატარა ბაზარი ფუნქციონირებს. მათ შორის რამდენიმე საბითუმო სავაჭრო ობიექტიც. ამას დაუმატეთ კანონიერი თუ სტიქიური გარე ვაჭრობა და ყველაფერი გასაგები ხდება.
ნავთლუღში პირველი შეხლა–შემოხლა უკვე დაფიქსირდა და გარე მოვაჭრეები უკან დახევას არ აპირებენ. გადავწყვიტე, ადგილზე მისვსულიყავი და რეალობა საკუთარი თვალით მეხილა. საღამოს მივედი, როცა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ კონტროლი ნაკლებად თალშისაცემია.
თუ დიდუბის და ვაგზლის მომდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეს ვეღარ ნახავთ, ნავთლუღში ყველაფერი „ჩვეულად“ გამოიყურება. ეპიცენტრში, გზის სავალი ნაწილები საღამოსთვის უკვე სავსეა მოვაჭრეებით. ერთი–ორი პოლიციელი ისევ ჩანს. ამდენი შენიშვნებით გადაღლილნი, უკვე ნაცნობ მოვაჭრეებთან საუბრით ერთობიან. ადამიანები ყველაფერს ვერ ამბობენ, თუმცა არსებული რეალობა სიტყვებს შორის იკვეთება.
საშუალო ასაკის ანდრო მ. გზისპირას კარტოფილს ყიდის. ცდილობს გაასაღოს, რადგან ტერიტორია ამ პროდუქტით ისეა გადატენილი, რომ ბედი გინდა კლიენტი შენთან მოვიდეს. იმედით შემომცქერის, თუმცა ამაოდ. ვეკითხები, გარე ვაჭრობას თუ გიშლიან მეთქი. მიკრძალავენ, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვსო:
„დილით ჩეულებრივად აქვე ბაზარში შევედი და 5 ლარის ჩეკი გადავიხადე. მთელი დღე ვიდექი და გეფიცებით, არაფერი გამიყიდია. სახლში ასე გაღლეტილი ხომ ვერ მივიდოდი? მოსაღამოვდა თუ არა თვქუდმოგლეჯილი გარეთ გამოვედი. რამდენიმე კილოგრამი უკვე გავყიდე და კიდევ მოვასწრებ. რა ვქნა, მყიდველი ბაზარში არ შემოდის“.
ანდრო ამბობს, რომ გარემოვაჭრეების დაჯარიმების ხმაურიანი შემთხვევები ჯერ არ ყოფილა, თუმცა... „პარლამენტში კანონს საბოლოოდ მიიღებენ და მერე დაგვერევიან“. მანამდე ერთი ე.წ. „მეტაჩკე“ დაუჯარიმებიათ, რომელმაც სავსე ურიკა თურმე შუა ქუჩაში დააყენა. მოვაჭრის თქმით, ძირითადად ასაკში შესული ადამიანები, უმეტესად ქალები, შუა ქუჩაში კარგი ცხოვრების გამო არ დგანან:
„სიცხესა და სიცივეში ამდენი ქუჩაში დგომისგან ადამიანურ სახეს ვკარგავთ. აბა ვის უხარია ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნა? სხვა გამოსავალი კი არაფერია. მოგვცეს მთავრობამ თუნდაც 200 ლარი პენსია და აქ არავინ დადგება. ამის ნახევარი მაქვს და ძირითადი ნაწილი გაძვირებულ გადასახადებში მიდის. აქ რომ არ გამოვიდე, შიმშილით სული გამძვრება, მეც ვწვალობ ასე“.
ბატონი ანდრო მაინც არ კარგავს იმედს და მომავალს ოპტიმიზმით შესცქერის. ბოლო პოლიტიკურმა მოვლენებმა მას ახალი მოლოდინიც ჩაუსახა: „უბრალო, მშრომელ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების სჯერათ. გაიარეთ აქ და ნებისმიერს ჰკითხეთ თუ საწინააღმდეგოს გეტყვით რაიმეს. იცით რა არის, ამ ადამიანს იმდენი აქვს ნაშოვნი, რომ ხელისუფლებაში ფულის გასაკეთებლად და დროსტარებისთვის ნამდვილად არ მოდის. შეუძლებელია, ასეთმა ადამიანმა ქვეყანას სიკეთე არ მოუტანოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ჩვენ უკეთესი მომავლის გვჯერა“.
ნავთლუღში, დედაქალაქის სხვა ბაზრებთან შედარებით უფრო „ნორმალური“ ფასებია. ვაშლს 40–50 თეთრში იყიდით. რქაწითელს - ლარში, შესაძლოა უფრო იაფადაც წააწყდეთ... ერთია, რომ ყველაფერი გარეთაა, ისეთი პროდუქტიც კი, რასაც აუცილებლად შეფუთვა სჭირდება. ეს სხვადასხვა სახის ნამცხვრებს და კრემიან ტკბილეულსაც შეეხება.
სამწუხაროდ, ამაზე პროტესტი არავის უჩნდება. დღის განმავლობაში ასეთ პროდუქტს იმდენი მტვერი ედება, რომ სჯობს ამაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ყველამ იფიქროს. ასე გაგრძელება კი არ შეიძლება. ეს თბილისის ყველა ბაზარში ასეთი პროდუქციით მოვაჭრეებს და ამაზე ზედამხედველებს ეხებათ.
ნავთლუღის, პირობითად ცენტრალურ ბაზარში შევდვარ. მთავარ ჭიშკარს ზემოდან „შპს ნავთლუღის ბაზარი“ აწერია. „დენიკინის დროინდელ“ კარებს და „ზაბორს“ (თანმდევი ანტისანიტარიით) მართლაც უხდება სახელწოდება „შეზღუდული პასუხისმგებლობა“. შედიხარ და ათასი მხრჩოლავი „სურნელება“ შიგნით გადასაადგილებლად ხელს გიშლის.
ბაზარი დიდია, თუმცა დარაბების ნახევარი ცარიელია. ნათლად ჩანს, რომ ადამიანებს არ სურთ აქ ვაჭრობა და თვალი ქუჩისკენ უჭირავთ. ფასები იგივე ფარგლებში მერყეობს, რაც გარეთაა. თუმცა, აქ თვალშისაცემია სტაჟიანი მოვაჭრეები, რომლებიც ფეხსაც არ მოიცვლიან თავიანთი ადგილებიდან. ასეთებს მუდმივი კლიენტები ჰყავთ და მათ არ ღალატობენ – ყოველთვის ადგილზე ხვდებიან.
ჩემი მთავარი ყურადღება კი მაინც გარე მოვაჭრეებისკენ არის მიპყრობილი. გზის მეორე მხარეც უკვე გავსებულია. 67 წლის მიშა გ. მსხალს ყიდის. საღამოს ყველანი გარეთ დგანან და კონტროლიორების მეც აღარ მეშინიაო:
„იმედია, არ დამაჯარიმებენ. კარგად იციან, რომ აქ 7–8 ლარზე მეტს ვერ ვშოულობ. აბა ჯარიმას საიდან გადავიხდი? ისე, წინასწარ გვაფრთხილებენ, კანონის ამოქმედების შემდეგ საღამოსაც აღარ გაგაჩერებთო. მაინც გამოვალთ; დაბნელებას დაველოდებით და მერე. ხომ გახსოვთ, ადრეც აგვიკრძალეს. დაღამების მერე მაინც გამოვდიოდით. პოლიციელებიც მიდიოდნენ, ამაზე თვალს ხუჭავდნენ“.
ნავთლუღში მაინც განსაკუთრებული მოძრაობაა. როგორც ჩანს, საცალოსთან ერთად საბითუმო ვაჭრობა აქ დედაქალაქის ბევრს მაცხოვრებელს იზიდავს. თვალშისაცემად ბევრნი არიან მოწყალების მთხოვნელებიც. ისინი დიდი აქტიურობითაც არ გამოირჩევიან. ჩანს, აქ მისული მოქალაქეები ათთეთრიანებს უფრო ადვილად იმეტებენ, ვიდრე ეს სხვა უბნებში ხდება.
ასაკოვანი მიმოზა კ. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დგას და ბანანებს ყიდის. ერთ ცალს (სამოცთეთრიანს) ვყიდულობ და ვეკითხები – რა პირობებში უწევს მუშობა. 72 წლის ქალბატონს თვის დროზე უმაღლესი ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული. ისე მომიყვა გარე ვაჭრობის აკრძალვაზე საპარლამენტო პერიპეტიების შესახებ, რომ პირი დავაღე:
„ვიცით, შვილო, ყველაფერი. ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო და აი მესამე მოსმენითაც რომ დაამტკიცებენ, ჩვენი საქმე ცუდად წავა. აი იქით, გზის მეორე მხარეს, ბაზარში სავაჭრო წერტილი მაქვს. დღეს მთელი დღე უქმად ვიჯექი და ვერაფერი გავყიდე. გარეთ ერთი საათით დგომა დანარჩენ დღეს უდრის. ამიტომაც ვარ აქ“.
ქ–ნ მიმოზა წალენჯიხის რაიონიდანაა. ამბობს, რომ პენსია არაფერში ყოფნის, რადგან ეპილეფსიით დაავადებულ ქალიშვილს უვლის. თავის დროზე, სიდუხჭირის გამო სრულფასოვნად ვერ უმკურნალა და დღეს შედარებითი გამოჯანმრთელებაც დაგვიანებულია. მეუბნება, რომ ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს და ძალიან უნდა მანახოს ჩანთაში შენახული მისი ფოტოსურათი. ამ დროს ხელჩანთიდან წნევის გამზომი ძველისძველი საბჭოური აპარატი უვარდება:
„72 წლის ვარ, შვილო, პატარა კი აღარ ვარ! ჩემზე არ გეუბნებით, სწორად გამიგეთ; აი ხომ არიან ომის გმირები, ვინც სამშობლოს თავი შესწირეს. აქ ნავთლუღში კი შრომის გმირები დგანან. ყურადღება მიაქციეთ, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა მხცოვანი ადამიანები არიან. პენსიით ფიზიკურად თავის გადარჩენას ვერ ახერხებენ და გარეთ გამოდიან.
ნახევარი ცხოვრება ეპილეფსიით დაავადებულ შვილს ვუვლი და მეც ვეღარ ვარ ჯანზე. აგერ წნევის აპარატს დავატარებ და დღეში რამდენიმეჯერ ვიზომავ; აბა რა გითხრთ, შვილო, იმდენი კლიენტი მოდის, სხვადასხვანაირი, ამ დროს ზოგჯერ ავღელდები ხოლმე და წნევაც მითამაშებს. სადაც დაწერ, ყველას გააგებინე, რომ ჩვენ აქ კარგი ცხოვრებისთვის არ ვდგავართ“.
ასეთ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა, თორემ აქამდე მართლა „ჩამოიშლებოდა“ - მავანს რომ უყვარს გამეორება. მიმოზას ვპირდები, რომ როდესაც აქ კიდევ მოვხვდები, აუცილებლად ჩავწერ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს. ისიც პირობას მაძლევს, რომ აქ დამხვდება. თუ გარე ვაჭრობას საბოლოოდ აკრძალავენ, დაღამების შემდეგ გამოვა და ისევ აქ გზის კუთხეში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დამხვდება...
ერთი რამ, რაც კიდევ თვალში გხვდება, აფთიაქების სიმრავლეა. „ავერსის“, „პეესპეს“, „ჯიპისის“ და სხვ. ობიექტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ. ჩანს, ყველაზე მეტი კლიენტი ქვეყანაში სწორედ მათ ჰყავთ. თუმცა, სამწუხაროა, რომ აფთიაქების და ქსელების მატება, მედიკამენტებზე ფასების კლებას არ იწვევს.
ღამდება, სიცივე მატულობს. გარემოვაჭრეები წასვლას არ ჩქარობენ. პირიქით, მათი ნამდვილი სამუშაო დღე თუ ღამე ახლა იწყება. თუ სარეისო ავტობუსი აღარ იქნება, მეტროს მაინც მიასწრებენ და სახლში დაიძინებენ. ხვალ კი, ჩვენი დროის შრომის გმირებისთვის ახალი სამუშო დღე დაიწყება, ბრძოლით და დაჯარიმების შიშით აღსავსე.
გზის მეორე, მეტროს მხარეს გადავდივარ. ირგვლივ ვაჭრობა დუღს და გადმოდუღს. მიწისქვეშა გვირაბშიც იგივე სურათია. ფეხსაცმელებს პროდუქტები ცვლის, მას ჰიგიენური საშალებები და ა.შ.
მეტროსადგურ სამგორში ჩავდივარ. სალონის ბოლოში ვდგები. საშუალო სტატისტიკურად ჩაცმული სანდომიანი ქალბატონი ისე მიახლოვდება, რომ კორპუსით ფარავს მის უკან მდგარ ადამიანებს. ხმადაბლა, ჩურჩულით მეკითხება: „50 თეთრით ვერ დამეხმარებით?“.
ხმას არ ვცემ; გაფხეკილ ჯიბეში ხელს ისე ვიყოფ, რომ მის ჯანმრთელ კორპუსს აქტიურად ვიყენებ, დანარჩენ მგზავრთა ცნობისმოყვარე თვალების გასანეიტრალებლად. ევრიკა – 50 თეთრს თავს ვუყრი და ქალბატონს ისე ვაძლევ, რომ ვერავის ვერაფერს ხვდება. თვალებით გამოხატავს მადლიერებას და ბეტონის მასიურ სვეტს ეფარება.
პირველად მხვდება ადამიანი, ვინც პირდაპირ 50–თეთრიანს ითხოვს. ისე, ქალაქში ერთი ახალგაზრდა კაცი დადის თუ დარბის და პირდაპირ ლარიანებს თხოულობს. თან თვეების განმავლობაში „შვილი ჰყავს საავადმყოფოში“, რომელსაც „სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და თანხა აკლდება“. მიხვდით ალბათ, რომელ პერსონაჟზეცაა საუბარი.
მატარებელი მოდის. თითქმის ყველა სადგურში ახალ–ახალი მოწყალების მთხოვნელები შემოდიან. პოეტურ–მუსიკალური თვითშემოქმედების მოსმენა თუ გინდათ, თბილისის მეტროში უნდა ჩახვიდეთ. მრავლისმნახველ მგზავრებს ამ სცენებზე რეაქცია უკვე დაკარგული აქვთ. იშვიათად თუ ვინმე ათთეთრიანის მოსაძებნად ჯიბეზე ხელს გაიკრავს...