“The Beatles”-ის შესახებ სურათს გადაიღებენ

“The Beatles”-ის შესახებ სურათს გადაიღებენ

ამერიკული გამოცემა “The Playlist”-ის ინფორმაციით, კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი, 2012 წელს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი “The Beatles”-ის შესახებ ბიოგრაფიული სურათის გადაღებას შეუდგება.

 

ამ ფილმის სცენარისტი ჯესი არმსტრონგი იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მასში მონაწილე მსახიობების შერჩევა. კინოსურათზე მუშაობის პროცესი სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.

 

რამდენიმე წლის წინ მწერალმა რიჩარდ დილელომ “The Beatles”-ის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის სახელწოდებაა “The Longest Cocktail”. მასში მოთხრობილია ჯგუფის მუსიკალური კარიერის ბოლო წლების შესახებ. განხილულია ლეიბლი “Apple Records”-ის შექმნის ისტორია, გაანალიზებულია ჯგუფის წევრებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მიზეზები და აღწერილია დაშლის შემდეგ მუსიკოსების დამოუკიდებელი კარიერა.

 

ორი წლის წინ, ამ ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალახერმა შეიძინა და ამ სურათის პროდიუსერობას აპირებდა. გალახერმა სურვილი მხოლოდ ერთი თვის წინ აისრულა, როდესაც ამ პროექტით კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი დააინტერესა.

 

გამოცემა “The Playlist”-ის ცნობით ამ სურათის სახელწოდება წიგნის დასახელების იდენტური იქნება.

 

ლიამ გალახერი მსახიობების შერჩევის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. მაგალითად ცნობილია, რომ ფილმში ერთ-ერთ როლს ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი შეასრულებს. ის ბრიტანული ჯგუფის პრეს-ატაშე დერეკ ტეილორს განასახიერებს.

 

ლიამ გალახერს იმედი აქვს, რომ სურათი “The Longest Cocktail Party" მსოფლიოს კინოეკრანებზე 2013 წელს გამოვა.