ნინო თარხნიშვილი, "თავისუფლება"
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ტყის შესახებ მომზადებული კანონპროექტის საჯარო განხილვაზე მიიწვია. კანონპროექტზე სამი თვის განმავლობაში უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმ არაერთ ხარვეზზე ლაპარაკობენ, რომელიც, მათი თქმით, ტყის შესახებ კანონპროექტს ახლავს.
კანონის მიზანი - ტყისა და ტყის ნიადაგების დაცვა, ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ნიადაგის ნაყოფიერების და მისგან გამომდინარე სარგებლის შენარჩუნების მიზნით. აღნიშნული მისიის შესასრულებლად კანონპროექტში ტყის შესახებ 46 მუხლია გაწერილი. ტყის ტერიტორიის დაგეგმარება, ტყის მოვლა, ტყის კლასიფიკაცია და განსაკუთრებული მართვა, ტყის დაცვა, ტყით სარგებლობა, ტყის იჯარა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა რეგულირებაც ახალმა ტყის კანონმა უნდა უზრუნველყოს.
ალექსანდრე ხეთაგურს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ჟურნალისტებისათვის კომენტარის მიცემა, ასე ვთქვათ, სახელდახელოდ მოწყობილი, ორკაციანი აქციის ფონზე მოუწია. თეთრ ქაღალდზე წითელი ასოებით ჩინურად, არაბულად და ისლანდიურად ის მოთხოვნები წერია, რომელთაც გარემოსდაცვით და არამხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროსა და ტყის კანონპროექტს უყენებენ. ”გველაპარაკეთ ქართულად” - ეს არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. საქმე ისაა, რომ პროექტი, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, ინგლისურ ენაზე შეიქმნა. ამ ეტაპისათვის, მართალია, პროექტი თარგმნილია, მაგრამ პრეტენზია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უყენებს, პროექტის თანმდევი დოკუმენტის - საიჯარო ხელშეკრულების ფორმის - ქართული ვარიანტის არარსებობაა. მასში გაწერილია ის პირობები, რომლითაც ტყეები იჯარით გაიცემა. ალექსანდრე ხეთაგურს აღნიშნულ პრეტენზიაზე, აი, ასეთი პასუხი აქვს:
”ჩვენ დღეს ხელშეკრულებას არ განვიხილავთ. ჩვენ განვიხილავთ კანონს. როდესაც ხელშეკრულების განხილვაზე მიდგება საქმე, მაშინ მასაც ვთარგმნით.”
”ტყე ფული არ არის”, ”მოგვაწოდეთ ინფორმაცია”, ”ჩვენი ტყეები, ჩვენი უფლებები”, ”საჯარო განხილვა არ არის ფორმალობა” - ეს კი ის დანარჩენი გზავნილებია, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ტყის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვაზე პლაკატების სახით წარმოადგინეს. ტყეების არასწორი მართვა და არასწორი პოლიტიკა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს, აღნიშნული პროექტი კი ასეთი შედეგის ერთ-ერთი წინაპირობაა, მიაჩნია რეზო გეთიაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოსდაცვითი ქსლის“ წარმომადგენელს.
”კარგია ის, რომ ხელისუფლება გეგმავს ცვლილებებს. ცუდია ის, რომ ეს ცვლილებები მოიცავს ძალიან დიდ რისკებს და საფრთხეებს და მათზე არ მიმდინარეობს კონსტრუქციული, ადეკვატური და ლოგიკური დიალოგი საზოგადოებასა და ხელისუფლებას, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის”, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.
რა შეიძლება იყოს ის რისკები და საფრთხეები, რაზეც რეზო გეთიაშვილი მიუთითებს? ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს, ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:
”პირველი - მოხდება ტყეების კატეგორიების ძალიან მარტივი შეცვლა. მეორე - მოჰყვება ტყეების ფრაგმენტაცია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე. დოკუმენტში ზოგადი საუბრებია დაცვით ზონებზე, ზონირებაზე... ვერ ვიღებთ ასეთ დოკუმენტს. ხმამაღლა რომ განვაცხადო, ჩვენ ვთვლით, რომ ეს გამოიწვევს ტერიტორიების სერიოზულ კარგვას.”
როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ, აღნიშნულ დოკუმენტს პრეტენზია აქვს, რომ დაცული იყოს ბალანსი ტყეების გამოყენებასა და ტყეების დაცვას შორის. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ჯერჯერობით აღნიშნული ოქროს ბალანსი მიღწეული არ არის. ის იმ წინადადებებზე საუბრობს, რომლებიც მისმა ორგანიზაციამ ტყის შესახებ კანონის პროექტის მიმართ დააყენა და რაც პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს:
”უნდა გაიყოს რომელია დასაცავი ტყეები და რომელ ტყეში შეიძლება სამეურნეო წარმოება. ყველა ლიცენზიანტისა თუ მოიჯარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა განიხილებოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საშუალებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ პროექტს დაემატება თავი საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ირწმუნება, ყველა მოსაზრება, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოითქმება, აუცილებლად განხილული იქნება. მისივე მტკიცებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ყველა დასმულ კითხვას უპასუხებს:
”პროცესი გაგრძელდება მომავალშიც, რათა საბოლოოდ მივიღოთ შეჯერებული, ახალი ტყის კოდექსი, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ განსახილველად”, - ამბობს ალექსანდრე ხეთაგური.
930
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85