კახი კალაძის განცხადება

კახი კალაძის განცხადება

"ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას,

დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული. სულისშემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტინგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს.

ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით.

შენდება ერთჯერადი "პოტიომკინის" სოფლები და ქალაქები. ჩემი წერილის დასაწყისშიც მოგახსენეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რადგან არა ვარ პოლიტიკოსი. ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა, რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს. მართალია, ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს, რისი წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება! ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს.

მივმართავ ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ძვირფას თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს, - მეგობრებო, როდესაც ასეთო მძიმე წუთებია ერისთვის, მამულისთვის, სარწმუნოებისათვის, გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა და ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ.

წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება. პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც, არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია. 

ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო."