მიტჩ ვაინჰაუსი ქალიშვილის ბიოგრაფიას გამოაქვეყნებს

მიტჩ ვაინჰაუსი ქალიშვილის ბიოგრაფიას გამოაქვეყნებს

მიმდინარე წლის 23 ივლისს, ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსი, ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი  იპოვეს.

 

მისი სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენდა რომ ემი ვაინჰაუსი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში მას ევროპული საგასტროლო ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პირველივე ჩატარებული კონცერტის შემდეგ, მომღერლის მენეჯერები იძულებულები გახდნენ კონცერტები გაეუქმებინათ. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ კონცერტზე კი გამოვიდა, მაგრამ ისეთი მთვრალი გახლდათ რომ მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციის შესრულება შეძლო.

 

2011  წლის მაისში მომღერალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლონდონის სარეაბილიტაციო კლინიკა “Priory Clinic”-ში მკურნალობდა. სამწუხაროდ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ მკურნალობას შედეგი არ გამოუღია.

 

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერლის მამამ, მიტჩ ვაინჰაუსმა ამერიკულ გამომცემლობა “Harper Collins”-თან კონტრაქტი გააფორმა და ქალიშვილის ცხოვრების შესახებ წიგნის დაწერას შეუდგა. ამ მოგონებების პირობითი სახელწოდებაა “Amy, My Daughter”. მკითხველი მას 2012 წლის ზაფხულში მიიღებს.

 

ამ წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მიტჩ ვაინჰაუსის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება. ეს ორგანიზაცია ემი ვაინჰაუსის სახელს ატარებს და მოზარდებს პირადი ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში ეხმარება.