ლადო ხიხაძე, "ბანკები და ფინანსები"
2011 წლის 3 ოქტომბერს პარლამენტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განმარტებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი პროგრამულ დაგეგმარებაზეა დაფუძნებული და პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფეროა მიჩნეული. ამ სფეროების დასაფინანსებლად საერთო ჯამში გამოყოფილია 1,740,890.5 ათასი ლარი.
ბოლო წლების მონაცემები მეტყველებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები: გრანტები, ვალები და უცხოური საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ტრანსფერებია. მისი ხვედრითი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში სულ უფრო იზრდება, რაც, ერთი მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობამ თავისი ინსტიტუციური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები რომ განახორციელოს, დამოკიდებულია არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ მოზიდული გრანტების, ვალებისა და ტრანსფერების მოცულობაზე. ეს გარემოება კი სახელმწიფო ბიუჯეტს დამოკიდებულს ხდის საერთაშორისო ფონდების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში უმთავრეს რისკფაქტორს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ იყო გამოყოფილი საბიუჯეტო პრიორიტეტები, მხოლოდ 2009 წლიდან იწყება გამოკვეთილად პრიორიტეტებზე მსჯელობა და ისინი განისაზღვრება 3 წლის ვადით, თუმცა, 2012-2015 წლის სამოქმედო გეგმა და მიზნობრივი ორიენტირები, წინა წლებთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია. ეს იმიტომ, რომ პრიორიტეტების ქვეშ ჩამოთვლილია ფუნქციები, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს ჩვეულებრივ, კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას წარმოადგენს.
სინამდვილეში კი პრიორიტეტი ისეთი ამოცანაა, რომელიც ემყარება ქვეყნის განვითარების სუსტი მხარეების ანალიზს და რისკ ფაქტორების გამოვლენას. მასზე უნდა იყოს კონცენტრირებული მთელი ძალისხმევა. რადგანაც დაგეგმილი პრიორიტეტები მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება და მას სტრატეგიული დანიშნულება არ გააჩნია.
მაგალითისათვის:
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტებია:
1) NAთO-ში ინტეგრაციის კოორდინაცია
2) ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის პრიორიტეტებია:
1) ქართული დიასპორის სამშობლოსთან ინტეგრაცია
2) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებია:
1) ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების კოორდინაცია
2) უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ეგრეთწოდებული ,,პრიორიტეტები” მათი ჩვეულებრივი ფუნქციებია, ამასთან, ყოველ წელს ერთი და იმავე პრიორიტეტებზე ორიენტაცია საბიუჯეტო ხარჯების არაეფექტიანი ხარჯვის მანიშნებელია.
მიუხედავად არაერთგზის განცხადებისა, რომ პროგრამული ბიუჯეტი გვაქვს, რეალურად 2012 წლის ბიუჯეტი, როგორც მისი წინამორბედნი, პროგრამული ბიუჯეტის იმიტაციას წარმოადგენს. მასში სხვადასხვა ღონისძიებას ჰქვია პროგრამა და ბიუჯეტის პროგრამულობაც ამით მთავრდება.
საქართველოს ,,საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად ,,პროგრამული ბიუჯეტი არის მხარჯავი დაწესებულების მიერ დასახული პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამების, პროექტების, ღონისძიებებისა და მათი ბიუჯეტების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასებების ინდიკატორთა ერთობლიობა".
ანუ პროგრამას უნდა ჰქონდეს მიზანი და ის უნდა იყოს გამოხატული ინდიკატორებში (მაჩვენებლებში). ეს იმიტომ, რომ პროგრამული ბიუჯეტი ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ეფექტიანობის გაზომვის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ მიზნები მითითებულია, ისინი იმდენად ზოგადია, რომ მათი შესრულებისთვის საჭირო ხარჯების ეკონომიკურად დასაბუთება და კონკრეტულ ინდიკატორებში გამოხატვა შეუძლებელია.
მაგალითისთვის: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიზნებია: სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სსიპ სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობა, ასევე სახელოვნებო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტებით ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ტრადიციების დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და ასე შემდეგ.
საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის ხარჯვით ნაწილში, რასაც თავად პროგრამას უწოდებენ, გაერთიანებულია რამდენიმე მუხლი და არ არის ცალ-ცალკე ჩაშლილი ეკონომიკური კოდებით, რაც ერთი პროგრამის შიგნით ერთი ქვეპროგრამიდან მეორე ქვეპროგრამაში თანხის გადატანის შესაძლებლობას იძლევა. ამის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი: ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების კოორდინაცია, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის სფეროების განვითარებისთვის ერთად არის გამოყოფილი 8,500.0 მილიონი ლარი და არ არის მითითებული, ამ თანხის რა ნაწილი უნდა იყოს მიმართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რა ნაწილი კავშირგაბმულობაში, რა ნაწილი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციაში და რა ნაწილი მშენებლობაში, მსგავსი პრობლემა არის თითქმის ყველა მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ ახლადწარდგენილ ბიუჯეტში ”სხვა ხარჯების” მუხლის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება 2011 წელთან შედარებით (887 მილიონი ლარი), 790 მილიონი ლარი ”სხვა ხარჯებისთვის” მაინც მიუღებელია საქართველოს მსგავსი მცირებიუჯეტიანი ქვეყნისთვის.. რადგანაც ეს იძლევა საბიუჯეტო ხარჯების არაეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობას, ანუ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯერ გაწეული იქნას ხარჯი და შემდგომ მოხდეს მისი აღიარება.
რადგანაც წარდგენილი ბიუჯეტი ჯერ განხილვის ფაზაშია, იმედს ვიტოვებთ, რომ ის შენიშვნები და მოსაზრებები, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, გათვალისწინებული იქნება.
896
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85