გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, გამოჩენილი მომღერალი როდ სტიუარტი საკუთარი ბიოგრაფიის წერას შეუდგა.
66 წლის შოტლანდიელ როკმენს ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა. მუსიკოსი ამჟამად საკუთარი კომპოზიციების ქოუვერ ვერსიების ჩაწერითაა დაკავებული, დანარჩენ დროს კი მრავალი შვილის აღზრდა-განვითარების პროცესს უთმობს.
სტიუარტმა ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ მოგონებებში მხოლოდ სიმართლეს ისაუბრებს.
“მემუარების დაწერის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. მოხარული ვარ რომ ამჟამად თავისუფალი დრო გამოვნახე და ხელში კალამი ავიღე. გირჩევთ ჩემი ნაშრომი აუცილებლად წაიკითხოთ, მე ხომ საკუთარ წარსულს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გავიხსენებ” – განაცხადა როდ სტიურტმა.
“Rolling Stone”-ის ჟურნალისტების მტკიცებით, როდ სტიუარტი ამ ნაშრომში საკუთარი ბიოგრაფიის თითოეულ ფურცელს შეეხება. მუსიკოსი გაიხსენებს სიჭაბუკესა და მუსიკალური კარიერის პირველ ნაბიჯებს, მოღვაწეობას ჯგუფებში “The Jeff Beck Group” და “The Faces”. მომღერალი დეტალურად მიმოიხილავს ურთიერთობას სამ მეუღლესთან: ალანა ჰემილტონთან, რეიჩელ ჰანტერთან და პენი ლანკასტერთან.
“ავტობიოგრაფიის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. მწერლობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ძალიან მაინტერესებს. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. არაერთი შესანიშნავი პიროვნება გავიცანი და მოსაგონარი ბევრი გამაჩნია. რამდენიმე თვის წინ მივხვდი რომ შესაფერისი დრო დამიდგა და საკუთარი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანა უნდა დამეწყო. გპირდებით რომ მკითხველი არ მოიწყენს.” – ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ როდ სტიურტმა.