ნიუ-იორკში ჯონ ლენონის დაბადების დღე აღნიშნეს

ნიუ-იორკში ჯონ ლენონის დაბადების დღე აღნიშნეს

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ცნობილ მუსიკოსს ჯონ ლენონს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა.

 

1980 წლის რვა დეკემბერს, ჯონ ლენონი ნიუ-იორკში თავისი სახლის – “დაკოტას” მახლობლად მისმა შეშლილმა ფანმა მარკ ჩეპმენმა ზურგში ხუთი ტყვიის დახლით მოკლა.

 

მომდევნო წელს ნიუ-იორკში ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ლენონის სახლის გვერდით, ორ კილომეტრზე გადაჭიმული ცნობილი “ცენტრალ-პარკი” მდებარეობს. მისი შემოქმედების ამერიკელმა თაყვანისმცემლებმა, პარკის ერთ მონაკვეთზე მომღერლის სახელობის მემორიალი გააშენეს და მას “Strawberry Fields” უწოდეს. მისი კეთილმოწყობის საქმე საკუთარ თავზე ლენონის ქვრივმა იოკო ონომ აიღო და მილიონი დოლარი დახარჯა.

 

1981 წლიდან ამ ადგილას ლენონის თაყვანისმცემლები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან – 9 ოქტომბერს და  8 დეკემბერს.

 

გამონაკლისი არც მიმდინარე წელს მომხდარა და ლენონის სახელობის მემორიალი დილიდან რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოინახულა. “The Beatles”-ის თაყვანისმცემლებმა თავდაპირველად სანთლები დაანთეს, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ერთგვარი იმპროვიზებული კონცერტი გამართეს. მასში მონაწილეობდნენ როგორც დამწყები მუსიკოსები, ასევე სტაჟიანი “ბიტლომანებიც”.

 

თვითმხილველების ინფორმაციით ამ სამოყვარულო კონცერტზე ლეგენდარული ჯგუფისა და თავად ჯონ ლენონის არაერთი კომპოზიცია შესრულდა.