გიორგი თევზაძე: შარაძის მკვლელობის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეა

გიორგი თევზაძე: შარაძის მკვლელობის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეა

უფლებადამცველის და  პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრის გიორგი თევზაძის განცხადებით, იგი მონიტორინგის ფარგლებში თბილისის გლდანის #8 დაწესებულებაში შეხვდა  და ესაუბრა  გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს,რომელიც თავიდან ითხოვს მის მიმართ წარდგენილ სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვას, რადგან საქმეში მოპოვებული ყველა მტკიცებულება ფალსიფიცირებულია და არ შეესაბამება რეალობას.

„გურამ შარაძის მკვლელობის დღეს, დილის ათი საათიდან- თერთმეტ საათამდე  პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს და ზღვის ტერიტორიაზე ამიყვანეს. მომთხოვეს, ჩემს თავზე ამეღო  გურამ შარაძის მკვლელობა. იმ პერიოდში მე დაჭრაზე ვიყავი ძებნილი და აღიარების შემთხვევაში დამპირდნენ,  რომ სამ წელიწადში გამომიყვანდნენ ციხიდან“,–ამბობს  ბარათელი თევზაძესთან საუბრისას და აცხადებს, რომ იგი მზად არის, პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ფაქტები  მიაწოდოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

თევზაძის განმარტებით,მსჯავრდებული გურამ შარაძის ქალიშვილთან რუსუდან შარაძესთან ითხოვს შეხვედრას,რადგან მსგავსი გამონაკლისი აკაკი მინაშვილთან და ბაჩო ახალაისთან მიმართებაში უკვე არსებობს. სოზარ სუბარს რუსუდან შარაძემაც მიმართა აღნიშნული თხოვნით, რუსუდან შარაძის თბილისში ყოფნის დროს, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

უფლებადამცველის განცხადებით, შარაძის მკვლელობის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეა,ამიტომ მიმართავს  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, რათა გაითვალიწინოს საზოგადოებრივი ინტერესი და სწრაფად მოხდეს ამ საქმის ობიექტური გამოძიება.