სასჯელაღსრულების სამინისტრო 15 დეკემბერს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებათა გეგმას წარადგენს

სასჯელაღსრულების სამინისტრო 15 დეკემბერს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებათა გეგმას წარადგენს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 15 დეკემბერს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებათა გეგმას წარადგენს.

ამის შესახებ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„დიდი პრობლემაა ჯანდაცვის საკითხი. წლების განმავლობაში პრაქტიკულად, პატიმრებს არ მკურნალობდნენ და დღეს ერთბაშად გვიხდება ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა. 15 დეკემბერს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ სრულ გეგმას, თუ რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის სფეროში. ამ გეგმაში იქნება ისეთი რთული საკითხებიც, რომელთა მოგვარებაც თვით ექსპერტებსაც კი წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. მაგალითად, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ისეთი რთული პრობლემა, როგორც ც ჰეპატიტია“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფაქტობრივად, გაძარცულია და მოშლილია სამედიცინო ბაზა.

„ძალიან ხშირად გვიწევს პატიმრების გადაყვანა სამოქალაქო სექტორში, რადგან, პრაქტიკულად გაძარცულია ე.წ. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. მაგალითად, არის რენტგენის აპარატი, რომელსაც აკლია რაღაც ნაწილი და იგი გერმანიიდან არის ჩამოსატანი. როცა პატიმრისთვის ელემენტარულად, რენტგენია გადასაღები, იგი გადასაყვანია ქალაქის საავადმყოფოში. ამასთან, დღეს არსებულ პირობებში, იქ ვერ ხერხდება სისხლის საერთო ანალიზის, ექოსკოპიის და სხვა მარტივი მანიპულაციების ჩატარება“ - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა არსებული პრობლემები სწრაფად აღმოიფხვრას.

როგორც სუბარმა აღნიშნა, იანვრის ბოლოდან ექსპლუატაციაში შევა ტუბერკულოზის ცენტრი, მანამდე კი იქ სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულდეს.

„საზეიმოდ გახსნილი ტუბერკულოზის ცენტრი ძალაში ჯერ არ შესულა. წინა ხელისუფლებამ იგი წინასაარჩევნოდ, საპიაროდ გახსნა, მაგრამ შენობა პრაქტიკულად დაუმთავრებელია და 1თვეა საჭირო იმისათვის, რათა შენობის რემონტი დასრულდეს. შემდეგ კი ალბათ დამატებით კიდევ 1 თვე დაგვჭირდება საჭირო აპარატურის შესატანად. დაახლოებით, იანვრის ბოლოს იგი სრული დატვირთვით ამუშავდება. და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“ - აღნიშნა სუბარმა.