ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. რუისი-აგარას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

როგორც from.ge -ის რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი  19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

მათ შორის 11 კმ არსებული გზის  4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას.

რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

„პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით,  ჩინური კომპანია „ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანი“ ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.  ავტო-მაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება  91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. ასევე მოეწყობა: რკინა-ბეტონის საველე გასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელთა მეშვეობითაც, მოსახლეობას გზის მეორე მხარეს განთავსებულ ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება),  ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

სხვა მონაკვეთებზე არსებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, - ნათქვამია რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.