გია გაჩეჩილაძემ არ იცის -  ვისი პულტი გამოიყენა

გია გაჩეჩილაძემ არ იცის - ვისი პულტი გამოიყენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის მიერ კენჭისყრის დროს ჩადენილი კანონდარღვევის ფაქტზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხვისი პულტით სარგებლობასთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არ იცის - თუ ვის მაგივრად მისცა კენჭისყრის დროს ხმა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის თქმით, იმ დეპუტატის ვინაობა დაუდგენელი დარჩა, ვისი პულტიც გაჩეჩილაძემ გამოიყენა.

ფაქტთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა „გონივრული ეჭვი“ გამოთქვა, რომ  გაჩეჩილაძემ ძალიან კარგად იცის - თუ ვისი პულტი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ წევრი ხმას პირადად აძლევს და დაუშვებელია ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა. კანონის ამ ნორმის დარღვევისთვის ფინანსური  სანქციაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, რეგლამენტის 286-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში, ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%.